რა დადებითი ზეგავლენა აქვს მშობლების მიერ ჩვილებისთვის წიგნების წაკითხვას, რა სახის წიგნები შევარჩიოთ და როგორი უნდა იყოს ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალი?
რა დადებითი ზეგავლენა აქვს მშობლების მიერ ჩვილებისთვის წიგნების წაკითხვას, რა სახის წიგნები შევარჩიოთ და როგორი უნდა იყოს ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.geბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტ სოფო მელაძეს ესაუბრა.
- სოფო, რომელი თვიდან უნდა დავუწყოთ პატარებს წიგნის კითხვა?
- მშობელს შვილისთვის წიგნის გამოყენება და მისი წაკითხვა არა მხოლოდ ადრეულ ჩვილობაში შეუძლია, არამედ ორსულობის დროსაც კი. მოგეხსენებათ, ორსულები ხშირად ასმენინებენ პატარებს კლასიკურ მუსიკასაც. ბავშვი მუცელშიც ასხვავებს დედის ხმას და ხმაურს ერთმანეთისგან, შესაბამისად, ჩვენ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდშიც შეგვიძლია წიგნის ემოციურად და საინტერესოდ წაკითხვა მათთვის. ეს ძალიან სასარგებლო პროცედურაა ნაყოფისთვის. პატარა მუცლადყოფნისას უკვე იწყებს ადრეული სოციალური უნარების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას დედასთან, ხმები და ემოციები ახდენს ნაყოფის რეფლექსების და რეაქციების სტიმულირებას. ბავშვი დაბადებამდე მეტ-ნაკლებად ახდენს ადაპტირებას გარემოსთან, მცირდება შფოთვა. რაც შეეხება ჩვილობის პირველ 2 თვეს, ამ დროს რეკომენდებულია სპეციფიკური წიგნების გამოყენება, ეს არის მკვეთრი კონტრასტის მქონე შავ-თეთრი გამოსახულებები. ამ თემაზე ძალიან საინტერესო აქტივობები ჰქონდა იტალიელ ექიმს და პედაგოგს, მარია მონტესორის. მისი აზრით, მსგავსი შავ-თეთრი გამოსახულების მქონე ნახატები ეხმარება ბავშვს მზერის ფიქსაციაში, კონცენტრაციის გაუმჯობესებაში. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პირველი ორი თვე, როცა ბავშვის მხედველობა მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბების პროცესშია, ჩვილი გამოსახულებებს ხედავს 20-25 სმ-ის მოშორებით.
2-4 თვემდე კი შეგვიძლია ღია, ნათელი ფერების მქონე წიგნების გამოყენება, სადაც მარტივი ილუსტრაციებია. აქ მთავარია, არა წიგნის შინაარსი, არამედ მისი ემოციურად გამოხმოვანება, რომელიც მიიქცევს ჩვილის ყურადღებას და კომუნიკაციას დაამყარებს შენთან, თუნდაც გაღიმებით ან თვალით კონაქტით.
- რა დადებითი ზეგავლენა აქვს ამ პროცესს?
- გარდა იმისა, რომ კითხვის პროცესი ასტიმულირებას, როგორც ბავშვის ვიზუალურ, ასევე სმენით უნარებს, ამასთან მეტყველების ერთ-ერთი ძლიერი მასტიმულირებელი საშუალებაა. გავიმეოროთ ის სიტყვები, დავასახელოთ ის საგნები, რაც დედამ გვანახა წიგნში ან წაგვიკითხა. ასევე იწვევს კრეატიულობის და წარმოსახვითი უნარების განვითარებას. სხვადასხვა სიუჟეტის წიგნი ხელს უწყობს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას ბავშვებში, ემპათიის თუ სხვადასხვა ემოციის განცდის ხელშეწყობას, ბოლოს სოციალური როლების ჩამოყალიბებასა და გააზრებას.
- ზოგადად, ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალზე რომ ვისაუბროთ...
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძილის წინ გვქონდეს გამოყოფილი გარკვეული დრო, როცა ბავშვთან ერთად წიგნს დავათვალიერებთ, გავახმოვანებთ და წავიკითხავთ. მნიშვნელოვანია, რომ ძილის წინ წასაკითხი წიგნები იყოს მშვიდი, სახალისო და ნაკლებად აქტიური. წიგნის კითხვის ან დათვალიერების პროცესი ერთ-ერთი სტრესის და შფოთვის შემამცირებელი აქტივობაა. ამ დროს ბავშვის სხეული და ორგანიზმი მოდუნებულია და კარგ წინაპირობას ქმნის მშვიდი ძილისთვის, ანუ ხელს უწყობს ძილის რუტინას.
ასევე, მე ხშირად მესმის, რომ, როცა ბავშვი 1 წლის ან მეტისაა, უფრო მოძრავია, დღის მანძილზე რთულია მისი წიგნთან გაჩერება, უფრო მოტორული და მოძრავი თამაშები ურჩევნია, შესაბამისად, დედები ვეღარ ახერხებენ წიგნის კითხვის რუტინაში ჩართვას. ძილის წინ კი კითხვა ხელს შეუწყობს მის აქტიურად ჩართულობას ბავშვის ცხოვრებაში.
- როგორი წიგნები შევარჩიოთ ამ ასაკისთვის?
- როგორც აღვნიშნე, ორსულობის დროს ყურადღება მივაქციოთ ხმებს და ემოციებს, ნაკლებად ნახატებს, რადგან ბავშვი ფიზიკურად ამას ვერ დაინახავს.
როცა ჩვილი 1-2 თვისაა, გამოვიყენოთ სპეციფიკური კონტრასტული შავ-თეთრი გამოსახულებების მქონე ნახატები და მოვათავსოთ იგი მისგან 20-25 სმ-ის მოშორებით;
2-4 თვემდე მაქსიმალურად ჩავრთოთ სხვადასხვა ფერი, ფორმა;
ასევე 0-2 წლამდე ბავშვისთვის სენსომოტორული სტადიაა. ამ დროს ბავშვი მოტორულად ანუ მოქმედებით და სენსორული არხების საშუალებით, როგორებიცაა: მხედველობა, სმენა თუ შეხება საგნებთან, შეიმეცნებს მის გარშემო არსებულ სამყაროს, შესაბამისად, მაქსიმალურად ჩავრთოთ სენსორული სტიმულები თამაშებში. ვუყიდოთ წიგნები, სადაც სხვადასხვა ტექსტურაა გამოყენებული, მაგალითად, კატა ილუსტრირებულია ნატურალური ღუნღულა ბეწვით, სადაც ასევე იქნება ხაოიანი თუ რბილი მასალები. ვუყიდოთ ისეთი წიგნები, რომლებსაც სპეციალური ზედაპირი აქვს პირში ჩასადებად, წყალში დასასველებლად თუ ხელის მოჭიდებისთვის;
1-2 წლამდე ბავშვი უკვე იაზრებს, რომ წიგნებში გახმოვანებული სიტყვები და საგნები რაღაცას ნიშნავს და შეესაბამება მის გარშემო არსებულ გარემოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივთების დასახელებისთვის თითის დადება, ხან მან დაადოს თითი, ხან - თქვენ. ასევე წიგნებზე გამოსახული ცხოველების იმიტირება: ხშირად შეჩერდით და დაუსვით მარტივი კითხვები, ეცადეთ აქტიურად ჩართოთ პროცესში და ხელი შეუწყვეთ მისი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
- ერთი და იგივე წიგნების წაკითხვა სჯობს თუ განსხვავებულის?
- არაა საჭირო ძალიან ბევრი და განსხვავებული წიგნი, 2-3 წიგნიც საკმარისი იქნება. ბავშვს შესაძლოა, ამ პერიოდში ჰქონდეს რომელიმე საყვარელი წიგნი, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. არ დავუშალოთ, დაიმახსოვრეთ ერთი წიგნიც კი ძალიან ბევრი ფუნქციით, უნარის განსავითარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბავშვს უყვარს გამეორება, როცა რომელიმე ილუსტრაციას ან ამბავს კარგად აითვისებს, ეს ზრდის მათში კომპეტენტურობის და თავდაჯერებულობის განცდას.
- პატარები ხშირად წიგნების ფურცლებს ხევენ, დავუშალოთ ეს ქცევა თუ ამით იწყება მათი კონტაქტი წიგნებთან? როგორ ავუხსნათ, რომ ეს არ არის სწორი საქციელი?
- კი წიგნის ფურცვლა, მისი დახევა და თუნდაც პირში ჩადება ბავშვის წიგნთან ურთიერთობის პირველი მცდელობაა. ზემოთ ვახსენე, ზუსტად ეს არის სენსომოტორული სტადია. შეგრძნებებით ცდილობს გაიგოს, რა არის წიგნი, რა არის ფურცელი, იხევა და თუ აქვს ხმა გახევის პროცესში. მოსწონს შეხება და შეგრძნება, თუ როგორი ზედაპირი აქვს ფურცელს. უფრო მოზრდილ ასაკში კი შეგვიძლია დახევის სურვილი წიგნის მაგივრად ფერადი ქაღალდების გამოყენებით ჩავანაცვლოთ და ჩავრთოთ ეს რაიმე თამაშში. ასევე სხვადასხვა ტექსტურის და მასალის გამოყენებით ვათამაშოთ ბავშვი. ვითამაშოთ ბევრი მოტორული თამაში და ასე დავტვირთოთ მისი ტაქტილური თუ მოტორული მოხოვნილებები. გვქონდეს წიგნის კუთხე, სადაც ლამაზად დავალაგებთ და მოვუვლით წიგნებს. საჭიროა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ წიგნებს ვუფრთხილდებით.
- ხმოვან წიგნებზეც რომ ვისაუბროთ. სჯობს თავად წავუკითხოთ, თუ ხმოვანი წიგნებიც იმავე ფუნქციის მატარებელია?
- ჩვილობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ხმა, მისი კომუნიკაცია ბავშვთან და ჩართულობა. ეს ბავშვში აყალიბებს ნდობის და უსაფრთხოების განცდას. მნიშვნელოვანია, მშობელი თავად ესაუბრებოდეს პატარას. ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიაც ამაზე უსვამს ხაზს, 0-1,5 ასაკამდე ბავშვს უვითარდება სამყაროს მიმართ ნდობა/უნდობლობის სტადია, რაც შემდგომში განაპირობებს მის პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებას სამყაროსთან თუ პირიქით შფოთვის დონეს. ამ პერიოდში, ასევე ვითარდება მშობლისადმი ბუნებრივი მიჯაჭვულობა, რომელიც უზრუნველჰყოფს მას საკვებით, უსაფრთხოების განცდით თუ ფიზიკური სიახლოვით. ამ ყველაფრის დეფიციტი იწვევს მისი შფოთვის დონის აწევას. აი, უკვე 18 თვიდან შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ ყველანაირი ტიპის ხმოვანი სათამაშოები თუ წიგნები და მათი საშუალებით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეტყველების სტიმულირებას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ჩემს შვილს აწუხებდა, ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ ცოლად არ გაჰყვებოდა..'' - რას ჰყვება ვახო ჭუმბურიძე ქალიშვილზე
ყველასთვის კარგად ცნობილი ვახო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღწერს თუ როგორ ძალადობს ფსიქოლოგიურად, სრულწლოვანი ადამიანი მის 15 წლის ქალიშვილზე. გთავაზობთ ვახოს ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
,,გამარჯობა, მე ვარ ვახო - თინის მამა! ცოტას მოგიყვებით ჩვენ შესახებ თქვენის ნებართვით
თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა, რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა რომელიც გვყავს- გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია). უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია, ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშთა სახლში.(რადგან უნდოდა რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს )
მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი.
ახლა მთავარი:
6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო. (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა)
რა გავაკეთე მე როდესაც ეს ამბავი გავიგე?
-დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან. -დამთამხდა. -შემდეგ დამირეკა და მითხრა რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა. -კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციასთქო. -მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა "ბიძამ" და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ამ ადამიანმა ბევრი ბოდიშები მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ესეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ. ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს პადიეზდთან ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში. -გამასწრო ამ ნაბიჭვარმა -რა გავაკეთე? -მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.
აი აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.
12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქატრიული ექსპერტიზა-ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს-წაშლის ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში. შედეგი არის -0 გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს პროკურორმაც დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო ამ შუამდგომლობით შევალთო.
ესე გაღიმებული გამოვედით და მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ.
პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ რომ იქვე ჩამედო მიწაში. რა თქმა უნდა ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ყავდათ სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ. და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა ხან გვიღიმოდა-მიზანმიმართული პროვოკაციას ასრულებდა.
ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით:)
და მე რა გავაკეთე?
ისედაც დასტრესილი ბავშვი ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწოვანის წარმომადგენელი.
-კარგი გასაგებია სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ მამი და ესე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით.
ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია ამას რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს ალბათ ყველა მიხვდება მე რისი გამკეთებელი ვარ-
ამიტომ მე დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში შესაბამისად რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს?
გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი.
ამ საქმეს მე ესე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს.
ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან ნუ მაშინ მოვითხოვ თქვენს დახმარებას ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ესეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ.
(ფსიქოლოგი, ადვოკატი)
PS: რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის.
თუ თქვენ ვერ დამიცავთ - მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს-წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ,'' - აღნიშნავს ვახო.