რა დადებითი ზეგავლენა აქვს მშობლების მიერ ჩვილებისთვის წიგნების წაკითხვას, რა სახის წიგნები შევარჩიოთ და როგორი უნდა იყოს ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალი?
რა დადებითი ზეგავლენა აქვს მშობლების მიერ ჩვილებისთვის წიგნების წაკითხვას, რა სახის წიგნები შევარჩიოთ და როგორი უნდა იყოს ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.geბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტ სოფო მელაძეს ესაუბრა.
- სოფო, რომელი თვიდან უნდა დავუწყოთ პატარებს წიგნის კითხვა?
- მშობელს შვილისთვის წიგნის გამოყენება და მისი წაკითხვა არა მხოლოდ ადრეულ ჩვილობაში შეუძლია, არამედ ორსულობის დროსაც კი. მოგეხსენებათ, ორსულები ხშირად ასმენინებენ პატარებს კლასიკურ მუსიკასაც. ბავშვი მუცელშიც ასხვავებს დედის ხმას და ხმაურს ერთმანეთისგან, შესაბამისად, ჩვენ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდშიც შეგვიძლია წიგნის ემოციურად და საინტერესოდ წაკითხვა მათთვის. ეს ძალიან სასარგებლო პროცედურაა ნაყოფისთვის. პატარა მუცლადყოფნისას უკვე იწყებს ადრეული სოციალური უნარების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას დედასთან, ხმები და ემოციები ახდენს ნაყოფის რეფლექსების და რეაქციების სტიმულირებას. ბავშვი დაბადებამდე მეტ-ნაკლებად ახდენს ადაპტირებას გარემოსთან, მცირდება შფოთვა. რაც შეეხება ჩვილობის პირველ 2 თვეს, ამ დროს რეკომენდებულია სპეციფიკური წიგნების გამოყენება, ეს არის მკვეთრი კონტრასტის მქონე შავ-თეთრი გამოსახულებები. ამ თემაზე ძალიან საინტერესო აქტივობები ჰქონდა იტალიელ ექიმს და პედაგოგს, მარია მონტესორის. მისი აზრით, მსგავსი შავ-თეთრი გამოსახულების მქონე ნახატები ეხმარება ბავშვს მზერის ფიქსაციაში, კონცენტრაციის გაუმჯობესებაში. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პირველი ორი თვე, როცა ბავშვის მხედველობა მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბების პროცესშია, ჩვილი გამოსახულებებს ხედავს 20-25 სმ-ის მოშორებით.
2-4 თვემდე კი შეგვიძლია ღია, ნათელი ფერების მქონე წიგნების გამოყენება, სადაც მარტივი ილუსტრაციებია. აქ მთავარია, არა წიგნის შინაარსი, არამედ მისი ემოციურად გამოხმოვანება, რომელიც მიიქცევს ჩვილის ყურადღებას და კომუნიკაციას დაამყარებს შენთან, თუნდაც გაღიმებით ან თვალით კონაქტით.
- რა დადებითი ზეგავლენა აქვს ამ პროცესს?
- გარდა იმისა, რომ კითხვის პროცესი ასტიმულირებას, როგორც ბავშვის ვიზუალურ, ასევე სმენით უნარებს, ამასთან მეტყველების ერთ-ერთი ძლიერი მასტიმულირებელი საშუალებაა. გავიმეოროთ ის სიტყვები, დავასახელოთ ის საგნები, რაც დედამ გვანახა წიგნში ან წაგვიკითხა. ასევე იწვევს კრეატიულობის და წარმოსახვითი უნარების განვითარებას. სხვადასხვა სიუჟეტის წიგნი ხელს უწყობს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას ბავშვებში, ემპათიის თუ სხვადასხვა ემოციის განცდის ხელშეწყობას, ბოლოს სოციალური როლების ჩამოყალიბებასა და გააზრებას.
- ზოგადად, ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალზე რომ ვისაუბროთ...
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძილის წინ გვქონდეს გამოყოფილი გარკვეული დრო, როცა ბავშვთან ერთად წიგნს დავათვალიერებთ, გავახმოვანებთ და წავიკითხავთ. მნიშვნელოვანია, რომ ძილის წინ წასაკითხი წიგნები იყოს მშვიდი, სახალისო და ნაკლებად აქტიური. წიგნის კითხვის ან დათვალიერების პროცესი ერთ-ერთი სტრესის და შფოთვის შემამცირებელი აქტივობაა. ამ დროს ბავშვის სხეული და ორგანიზმი მოდუნებულია და კარგ წინაპირობას ქმნის მშვიდი ძილისთვის, ანუ ხელს უწყობს ძილის რუტინას.
ასევე, მე ხშირად მესმის, რომ, როცა ბავშვი 1 წლის ან მეტისაა, უფრო მოძრავია, დღის მანძილზე რთულია მისი წიგნთან გაჩერება, უფრო მოტორული და მოძრავი თამაშები ურჩევნია, შესაბამისად, დედები ვეღარ ახერხებენ წიგნის კითხვის რუტინაში ჩართვას. ძილის წინ კი კითხვა ხელს შეუწყობს მის აქტიურად ჩართულობას ბავშვის ცხოვრებაში.
- როგორი წიგნები შევარჩიოთ ამ ასაკისთვის?
- როგორც აღვნიშნე, ორსულობის დროს ყურადღება მივაქციოთ ხმებს და ემოციებს, ნაკლებად ნახატებს, რადგან ბავშვი ფიზიკურად ამას ვერ დაინახავს.
როცა ჩვილი 1-2 თვისაა, გამოვიყენოთ სპეციფიკური კონტრასტული შავ-თეთრი გამოსახულებების მქონე ნახატები და მოვათავსოთ იგი მისგან 20-25 სმ-ის მოშორებით;
2-4 თვემდე მაქსიმალურად ჩავრთოთ სხვადასხვა ფერი, ფორმა;
ასევე 0-2 წლამდე ბავშვისთვის სენსომოტორული სტადიაა. ამ დროს ბავშვი მოტორულად ანუ მოქმედებით და სენსორული არხების საშუალებით, როგორებიცაა: მხედველობა, სმენა თუ შეხება საგნებთან, შეიმეცნებს მის გარშემო არსებულ სამყაროს, შესაბამისად, მაქსიმალურად ჩავრთოთ სენსორული სტიმულები თამაშებში. ვუყიდოთ წიგნები, სადაც სხვადასხვა ტექსტურაა გამოყენებული, მაგალითად, კატა ილუსტრირებულია ნატურალური ღუნღულა ბეწვით, სადაც ასევე იქნება ხაოიანი თუ რბილი მასალები. ვუყიდოთ ისეთი წიგნები, რომლებსაც სპეციალური ზედაპირი აქვს პირში ჩასადებად, წყალში დასასველებლად თუ ხელის მოჭიდებისთვის;
1-2 წლამდე ბავშვი უკვე იაზრებს, რომ წიგნებში გახმოვანებული სიტყვები და საგნები რაღაცას ნიშნავს და შეესაბამება მის გარშემო არსებულ გარემოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივთების დასახელებისთვის თითის დადება, ხან მან დაადოს თითი, ხან - თქვენ. ასევე წიგნებზე გამოსახული ცხოველების იმიტირება: ხშირად შეჩერდით და დაუსვით მარტივი კითხვები, ეცადეთ აქტიურად ჩართოთ პროცესში და ხელი შეუწყვეთ მისი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
- ერთი და იგივე წიგნების წაკითხვა სჯობს თუ განსხვავებულის?
- არაა საჭირო ძალიან ბევრი და განსხვავებული წიგნი, 2-3 წიგნიც საკმარისი იქნება. ბავშვს შესაძლოა, ამ პერიოდში ჰქონდეს რომელიმე საყვარელი წიგნი, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. არ დავუშალოთ, დაიმახსოვრეთ ერთი წიგნიც კი ძალიან ბევრი ფუნქციით, უნარის განსავითარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბავშვს უყვარს გამეორება, როცა რომელიმე ილუსტრაციას ან ამბავს კარგად აითვისებს, ეს ზრდის მათში კომპეტენტურობის და თავდაჯერებულობის განცდას.
- პატარები ხშირად წიგნების ფურცლებს ხევენ, დავუშალოთ ეს ქცევა თუ ამით იწყება მათი კონტაქტი წიგნებთან? როგორ ავუხსნათ, რომ ეს არ არის სწორი საქციელი?
- კი წიგნის ფურცვლა, მისი დახევა და თუნდაც პირში ჩადება ბავშვის წიგნთან ურთიერთობის პირველი მცდელობაა. ზემოთ ვახსენე, ზუსტად ეს არის სენსომოტორული სტადია. შეგრძნებებით ცდილობს გაიგოს, რა არის წიგნი, რა არის ფურცელი, იხევა და თუ აქვს ხმა გახევის პროცესში. მოსწონს შეხება და შეგრძნება, თუ როგორი ზედაპირი აქვს ფურცელს. უფრო მოზრდილ ასაკში კი შეგვიძლია დახევის სურვილი წიგნის მაგივრად ფერადი ქაღალდების გამოყენებით ჩავანაცვლოთ და ჩავრთოთ ეს რაიმე თამაშში. ასევე სხვადასხვა ტექსტურის და მასალის გამოყენებით ვათამაშოთ ბავშვი. ვითამაშოთ ბევრი მოტორული თამაში და ასე დავტვირთოთ მისი ტაქტილური თუ მოტორული მოხოვნილებები. გვქონდეს წიგნის კუთხე, სადაც ლამაზად დავალაგებთ და მოვუვლით წიგნებს. საჭიროა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ წიგნებს ვუფრთხილდებით.
- ხმოვან წიგნებზეც რომ ვისაუბროთ. სჯობს თავად წავუკითხოთ, თუ ხმოვანი წიგნებიც იმავე ფუნქციის მატარებელია?
- ჩვილობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ხმა, მისი კომუნიკაცია ბავშვთან და ჩართულობა. ეს ბავშვში აყალიბებს ნდობის და უსაფრთხოების განცდას. მნიშვნელოვანია, მშობელი თავად ესაუბრებოდეს პატარას. ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიაც ამაზე უსვამს ხაზს, 0-1,5 ასაკამდე ბავშვს უვითარდება სამყაროს მიმართ ნდობა/უნდობლობის სტადია, რაც შემდგომში განაპირობებს მის პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებას სამყაროსთან თუ პირიქით შფოთვის დონეს. ამ პერიოდში, ასევე ვითარდება მშობლისადმი ბუნებრივი მიჯაჭვულობა, რომელიც უზრუნველჰყოფს მას საკვებით, უსაფრთხოების განცდით თუ ფიზიკური სიახლოვით. ამ ყველაფრის დეფიციტი იწვევს მისი შფოთვის დონის აწევას. აი, უკვე 18 თვიდან შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ ყველანაირი ტიპის ხმოვანი სათამაშოები თუ წიგნები და მათი საშუალებით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეტყველების სტიმულირებას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„უჭმელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი. ავადმყოფთა მასივში ერთ-ერთი წამყვანი ჩივილი ეს გახლავთ,“ - ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში უჭმელობის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უჭმელობა მნიშვნელოვანი სიმპტომი და ჩივილია:
„უჭმელობა არის სიმპტომი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი, ჩივილი. ავადმყოფთა მასივში ერთ-ერთი წამყვანი ჩივილი ეს გახლავთ. მეორე ამბავია, ეს ნამდვილად არის უმადობა და უჭმელობა, თუ მშობელს მიაჩნია, რომ ასეა?! მშობლებს უნდათ, რომ ბავშვები წონაში მომატებულები იყვნენ. არადა არ არის სასურველი, რომ ბავშვი ჭარბი წონის იყოს. მამაჩემი, ცნობილი პედიატრი, ირაკლი ფაღავა ამბობდა, ბიჭს ნეკნები უნდა უჩანდესო. ნორმის ფარგლებში უნდა იყოს გოგონაც და ვაჟიც. ვაჟი სჯობს, ნორმაზე ცოტა დაბლა იყოს და გოგონა ზედა საზღვარზე. ცხიმი არის წყარო ქალის ჰორმონების, ესტროგენების წარმოქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მოზარდობის პერიოდში.“
ყარამან ფაღავას თქმით, მშობლები ღიზიანდებიან, როდესაც ბავშვები არ ჭამენ, თუმცა მთავარი მაინც ის არის, როგორ ვითარდება ბავშვი:
„მშობელს ძალიან აღიზიანებს, თუ ბავშვი არ ჭამს. მას ეჩვენება, რომ სხვა უფრო მეტად ჭამს. მთავარი ის კი არ არის, რამდენს ჭამს ბავშვი. მთავარია, როგორ მატულობს, როგორ ვითარდება ბავშვი. განვითარება წონაში მატება კი არ არის მხოლოდ. ეს არის ფსიქო-ემოციური განვითარება, ინტელექტუალური განვითარება, სქესობრივი განვითარება, აგრეთვე არის თუ არა ე.წ. ნუტრიციული დაავადებები. მათ შორის წამყვანი არის ანემია, ჰიპოვიტამინოზები, წონის დაქვეითება, ცილის დაქვეითება. მშობლის ჩივილს ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ. უხილავი სიმები არის დედასა და შვილს შორის. შეიძლება ბავშვი გარეგნულად შესანიშნავია, არავითარი ჩამორჩენა არ აქვს, არც ნუტრიციული დაავადება აქვს, მაგრამ შეიძლება მომავალში განვითარდეს.“
ყარამან ფაღავამ მოზარდებში უჭმელობის გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელა:
„როდესაც არ ჭამს ბავშვი, მით უმეტეს, მოზარდი, აქ არის ორი მომენტი. ერთი არის ფსიქოლოგიური სტრესი, ეშინია გასუქების. არის ზოგიერთი, რომ ზოგიერთი საკვები მოსწონს, ზოგიერთი ნაკლებად მოსწონს. ბავშვი თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ სხვადასხვა საკვებს. მნიშვნელოვანია გემრიელად მიღება საკვების, ლამაზად სუფრის გაშლა, სილამაზე უნდა იყოს.“
„ბავშვი თევზს რომ არ ჭამს, ეს მაინც ჩვევაა. უნდა შევაჩვიოთ მაგალითით. თევზი შესანიშნავი საკვებია. უცნაური ამბავია, ზღვისპირა ქვეყანა ვართ, უშუალოდ ზღვისპირა რეგიონებშიც კი თევზს მაინცდამაინც ხშირად არ მიირთმევენ. ეს გასაოცარი ამბავია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზღვის პროდუქტი მაქსიმალურად შემოვიტანოთ რაციონში. რაც შეეხება ხილს, ხილზე ცოტა სიფრთხილეა საჭირო. ზოგჯერ ეს მიუჩვევლობის ბრალია, ზოგჯერ, შესაძლოა, ფრუქტოზის აუტანლობაც იყოს. ბავშვი დისკომფორტს განიცდის. ამიტომ ნუ დავაძალებთ ბავშვს ხილის მირთმევას. პედიატრიაში ზოგჯერ ვეტერინარულ მიდგომასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ბავშვს ვაწვდით საკვებს და რასაც მიირთმევს, როგორც ჩანს, მას ეს უფრო მეტად ესაჭიროება,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.