როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ჰიპერაქტიურობაში იგულისხმება, რომ ბავშვი ძალიან ბევრს საუბრობს, არ შეუძლია ერთ ადგილზე წყნარად ჯდომა, ბევრს დარბის, მოძრაობს,“ - ნინო მარგველაშვილი
ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლენის შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:
„როდესაც მშობელი ხედავს, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს ბავშვთან, ბავშვი ძალიან აქტიურია, მუდმივად სტარტზეა, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ეჭრება საუბარში, არ არის ორგანიზებული, არ შეუძლია ერთ აქტივობაზე კონცენტრაცია, ჩემი რჩევა იქნება, რომ მშობელი მხოლოდ პედიატრს ნუ ენდობა. ამ შემთხვევაში მშობელმა პედიატრთან ერთად აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბავშვი ფსიქოლოგთან, რათა მოხდეს მისი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების შეფასება.“
ნინო მარგველაშვილმა ქცევის იმ გამოხატულებებზეც ისაუბრა, რაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შემთხვევაში ზედაპირულად ვლინდება:
„ქცევის მთავარი გამოხატულება, რაც ჩანს ზედაპირზე, არის ის, რომ ბავშვი არის უყურადღებო, არ არის ორგანიზებული, ხშირად ავიწყდება მასწავლებლის ინსტრუქცია, კარგავს ნივთებს, არ შეუძლია, რომ ერთ აქტივობას ბოლომდე მიჰყვეს. ჰიპერაქტიურობაში იგულისხმება, რომ ბავშვი ძალიან ბევრს საუბრობს, არ შეუძლია ერთ ადგილზე წყნარად ჯდომა, მუდამ სურს, რომ თითებით რაღაც ითამაშოს, ფეხი რაღაცას მიადოს. ის ბევრს დარბის, მოძრაობს. იმპულსურობაში იგულისხმება, რომ ადამიანს არ აქვს თვითკონტროლის შესაძლებლობა. მას არ შეუძლია რიგის დაცვა. კლასში სანამ მასწავლებელი კითხვას დაასრულებს, მანამდე აქვთ პასუხი. ეს ყველაფერი არის ის, რაც ზედაპირზეა.“
„ქცევის პრობლემა ზედაპირია. ამის ქვეშ ძალიან ბევრ გამოწვევასთან აქვთ საქმე მშობლებსა და ბავშვს. ძალიან ხშირია ამ ბავშვებში სპეციფიკური დასწავლის დარღვევა. უმეტესად ეს არის მართლწერის პრობლემა, ბავშვებს უჭირთ საკუთარი აზრის ფურცელზე გადატანა, უძნელდებათ მათემატიკური კალკულაციები. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ფსიქოლოგი გამოიკვლევს, არის: აქვს თუ არა ბავშვს პრობლემა აღმასრულებელ ფუნქციებში. ეს არის ის, რაც ყველაზე ბოლოს მწიფდება ჩვენს თავის ტვინში. ეს არის მიზნის დასახვა და მისი მიყოლა, რომ როდესაც ახალი სტიმული შემოდის, გადავლახოთ, იმიტომ, რომ მიზნისკენ მივდივართ. სამწუხაროდ, ასეთ ბავშვებს უჭირთ მიზნის ბოლომდე მიყოლა. მათ ასევე აქვთ დროის შეგრძნების პრობლემა. უჭირთ, რომ სწორად შეაფასონ დრო. ხშირად დეტალებს არ აქცევენ ყურადღებას. მათ ძალიან უჭირთ დავალების დაწყება. ყველაფერს აკეთებენ, რომ გადაავადონ დავალების დაწყება. ბავშვი ექვს ან შვიდ სიმპტომს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, სხვადასხვა გარემოში უნდა ვლინდებოდეს ქცევა და ეს აუცილებლად უნდა უშლიდეს ხელს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, რომ დაისვას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო მარგველაშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კომუნიკატორი“ ისაუბრა.