„არ არსებობს იმუნიტეტის მოსამატებელი, არც მედიკამენტები და არც კურორტი“ - ​რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ პატარასთან ერთად დასასვენებლად წავალთ?

„არ არსებობს იმუნიტეტის მოსამატებელი, არც მედიკამენტები და არც კურორტი“ - ​რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ პატარასთან ერთად დასასვენებლად წავალთ?

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ პატარასთან ერთად დასასვენებლად წავალთ, ჯანმრთელობის კუთხით, აქვს თუ არა მნიშვნელობა, კურორტი მთის იქნება თუ ზღვის? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.

- ქალბატონო ქეთევან, ზაფხულში მშობლები ცდილობენ, პატარები წაიყვანონ დასასვენებლად, ჰაერის გამოსაცვლელად. რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ადგილი?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, კომფორტული გარემო, მშობლისთვის და ბავშვისთვის. უმჯობესია, შეარჩიონ ისეთი ადგილი, სადაც არ არის ბევრი ხალხი. განსაკუთრებული კრიტერიუმი არ არსებობს იმისთვის, რომ შევარჩიოთ, რომელიმე კლიმატური ზონა, უბრალოდ თავდაცვის მიზნით, როგორც გითხარით, ნაკლებად თავშეყრის ადგილებს მიანიჭეთ უპირატესობა.

- რა შემთხვევაში ურჩევენ ხოლმე პედიატრები მშობლებს მთის კურორტზე დასვენებას და რა შემთხვევაში ზღვის კურორტზე?
- ასეთი გამოყოფა სამედიცინო სფეროში არ ხდება, არ არსებობს ისეთი საკურორტო ზონა, რომელიმე დაავადებისგან რომ კურნავდეს ან აჯანსაღებდეს, მთის იქნება თუ ზღვის. ყველა ერთნაირად კარგია, თუ ეს არის მორგებული ბავშვზე და მის თანმხლებ პირზე, კომფორტის თვალსაზრისით. თუ ბავშვს ქალაქის სიცხეს მოვაშორებთ და იქნება გრილ, კომფორტულ გარემოში, ეს არის მისთვის მნიშვნელოვანი. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა არ გვაწვდის ამ ინფორმაციას, რომ რომელიმე კურორტი ამა თუ იმ დაავადებისთვის არის კარგი. მაგალითად, თუ ბავშვს აქვს ზედა სასუნთქი გზების მხრივ რაიმე პათოლოგია, ქრონიკული, თანდაყოლილი ან შეძენილი, შეუცვალეს მას გარემო და ის გახდა უკეთესად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილი ამ კონკრეტულ დაავადებას კურნავს, ამას შეიძლება ძალიან ბევრი ახსნა ჰქონდეს, სამედიცინო თვალსაზრისით. ჯერჯერობით არ არსებობს იმუნიტეტის მოსამატებელი, არც მედიკამენტები და არც კურორტი. თუ პაციენტს იმუნოდეფიციტი აქვს, მას სულ სხვა მკურნალობა სჭირდება.

- მინიმუმ რამდენი დღე უნდა წავიყვანოთ ამა თუ იმ კურორტზე პატარა?

- როდესაც რომელიმე კურორტზე მიგვყვავს პატარა, აზრს მოკლებულია ერთი, ორი ან სამი დღით წაყვანა. ადაპტაციისთვის, კლიმატის გამოცვლისთვის მას სჭირდება რამდენიმე დღე. ამასთან, თანმხლები პირისთვისაც არაკომფორტულია, ვინაიდან მოგეხსენებათ, ბავშვთან ერთად დასვენება ბევრ წვრილმანზე ზრუნვასაც მოიაზრებს. ვურჩევდი ერთი კვირა მაინც წავიდნენ პატარასთან ერთად. ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვილი ბავშვის წაყვანაც ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უმჯობესია ხალხმრავალი ადგილებისგან თავი შევიკავოთ, სადაც ბევრი ხალხია ვირუსიც მრავლადაა. ზამთარში უფრო მეტად ჭარბობს ზედა სასუნთქი გზის ინფექციები, ხოლო ზღვაზე - ნაწლავური ინფექციები.
- ხშირად აკლიმატიზაციის პროცესი ბავშვებითვის საკმაოდ რთულია, რას ურჩევდით მშობლებს ასეთ დროს?
- აკლიმატიზაციის პროცესი ძალიან ინდივიდუალურია, ზოგიერთ ბავშვს კვების მხრივ აქვს პრობლემები, რასაც ჭამდნენ, აღარ იღებენ. გააჩნია, როგორ მიიღებს გარემოს პატარა. შესაძლოა, ბავშვი არ იყოს ამა თუ იმ ადგილას კომფორტულად და მშობელმა იფიქროს, რომ მას ეს „ჰაერი“ არ უხდება. გამოცვლილ ჰაერთან შეგუების პროცესი, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს სამედიცინო თვალსაზრისით. არსებობს სტანდარტული სია მედიკამენტების, რომლებიც უნდა წაიღოს დედამ როდესაც ბავშვი მიჰყავს დასასვენებლად. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ წაიღოს რამდენიმე აუცილებელი მედიკამენტი, ეს პატარას ექიმთან კონსულტაციამდე პირველად დახმარებას გაუწევს:
  • ტემპერატურის მომატების ან ტკივილისთვის - პარაცეტამოლი ან იბუპროფენი;
  • ფაღარათის შემთხვევაში - სარეჰიდრატაციო ხსნარი;
  • ალერგიის შემთხვევაში - დესლორატადინი.
დოზირება და მიღების წესები შეათანხმეთ პირად ექიმთან.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების​ ჯგუფი“)

„გაკაჟებისთვის უნდა გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი, ჰაერის, მზის და წყლის აბაზანები,“ - თემუ...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში პასიური კურორტული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კურორტზე ჰაერის, მზის და წყლის აბაზანების მიღება ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო...
„ბავშვებში ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ კურორტულ პასიურ მკურნალობას,“ - პედიატრი თემურ მიქელა...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კურორტული მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პედიატრები რეკომენდაციას უწევენ კურორტულ პასიურ მკურნალობას:„ბავშვებში სასურველია პასიური თერაპია,​ ე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„შესაძლებელია რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს,“- პედიატრი მაია ჩხაიძე ბავშვების ინფექციებისგან დაცვის წესების შესახებ

პედიატრმა მაია ჩხაიძემ მშობლებს ზაფხულში ბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციებისგან დაცვისთვის რეკომენდაციები მისცა:

„ბასეინის წყალი არ არის სასურველი პირში მოხვდეს. პატარა ბავშვისთვის ეს ძალიან ძნელია, რაც უნდა უთხრა, ამიტომ შესაძლებელია რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს. გარდა ამისა, ძალიან ხშირია ბაქტერიული ნაწლავური ინფექციები ბავშვებში, რომლებიც საკვებით გადადის. შესაძლოა, საკვებში შეჰყვეს ბავშვს და რამდენიმე საათიდან 24 საათამდე განუვითარდეს სალმონელოზური ნაწლავური ინფექცია. ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. აუცილებელია ჰიგიენური პირობების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა.

აჭარის რეგიონში, მგონი, ონკანის წყალს ბავშვს არავინ არ ასმევს. უნდა შევეცადოთ, რომ ონკანის წყალი არ დავლიოთ. გადადუღებული წყალი არ ვარგა, იმიტომ, რომ გადადუღებულ წყალში არ არის ელექტროლიტები. ელექტროლიტები იშლება გადადუღების დროს. ბოთლის წყალი, რომელიც იყიდება, გაფილტრულია და საშიში არ არის.

რასაკვირველია, ზღვის წყალიც თუ მოხვდება პირის ღრუში და იქ ფეკალიებია, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ინფექციის შეჭრა. ჰიგიენური პირობები აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გვქონდეს დაცული. თავი უნდა შევიკავოთ ბავშვებისთვის მალფუჭებადი პროდუქტების მიცემისგან, კარგად უნდა დავიცვათ შენახვის წესები. განსაკუთრებით რძის პროდუქტებია მალფუჭებადი. როდესაც წასული ვართ დასასვენებლად ზღვაზე, ძნელია იქ საკვების გაკეთება. უნდა შევეცადოთ, რომ სადაც ბავშვს ვაჭმევთ, ვიცოდეთ, რომ იქ ჰიგიენური პირობები არის დაცული,“ - მოცემულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად