როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვი რომ ორი წლის გახდება და იტყვის: „მე მინდა“ ან „მე არ მინდა,“ ის უკვე პიროვნებაა და მას პატივი უნდა ვცეთ,“ - ყარამან ფაღავა
პედიატრი ყარამან ფაღავა მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაზე საუბრობს. მისი თქმით, მშობელი ბავშვის მიმართ ალერსიანი უნდა იყოს და მას ყოველთვის თანადგომას უცხადებდეს:
„ბავშვი რომ ორი წლის გახდება ან სამი წლის და იტყვის: „მე მინდა“ ან „მე არ მინდა,“ ის უკვე პიროვნებაა და მას პატივი უნდა ვცეთ. ამ ასაკში საოცრად კეთილი, მშვიდი, წყნარი ბავშვი ბანდიტად გადაიქცევა, რას არ გატეხავს, რას არ დაანგრევს. რაც მთავარია, მან შეიძლება საკუთარ თავსაც ავნოს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. მშობლური ჩვევები. მშობელს უნდა ჰქონდეს გარკვეული ჩვევები. ქალებში ეს უფრო ავტომატურად ხდება. ვაჟებში უფრო გვიან ვითარდება ხოლმე. მშობელმა, პირველ რიგში, უნდა იცოდეს ალერსი. ალერსს და სიყვარულის გამოხატვას ზედა საზღვარი არ უნდა ჰქონდეს. მან უნდა დაიცვას ბავშვი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა გააკეთოს, მშობელი ყოველთვის მის გვერდით იქნება და მას დაიცავს.“
ყარამან ფაღავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესს ეჩვეოდეს:
„სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ზოგჯერ დაავადების მიზეზიც შეიძლება იყოს. არსებობს მთელი ციკლი პედიატრიისა, რომელსაც ჰქვია „სასკოლო მედიცინა.“ ვცდილობთ საქართველოში დავნერგოთ ჯანსაღი სკოლების პროგრამა. სკოლა ჰიგიენური თვალსაზრისით უნდა იყოს კარგი, არ უნდა იყოს ბულინგი, არ უნდა იყოს მასწავლებლის მხრიდან შეურაცხყოფა. აუცილებელია სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება. ეს არამხოლოდ მოზარდებისთვისაა კარგი. მოზარდი როდესაც გაიგებს, რომ თამბაქო ცუდია, ის მამას აჩერებს. ეუბნება: „მამა, რატომ ეწევი? გინდა ავად იყო და ჩვენ მარტო დაგვტოვო?“ ნებისმიერმა მამაკაცმა, რომელიც გაიგებს შვილისგან ამ სიტყვებს, უარი უნდა თქვას თამბაქოს მოწევაზე. მნიშვნელოვანია განვითარების ხელშეწყობა. დღეში ხუთი წუთი მაინც ბავშვთან ერთად მშობელმა წიგნი უნდა გადაშალოს, მოუსმინოს, მოუყვეს, მამამაც და დედამაც, მთავარია, ვინ როგორ არის დაკავებული.“
ყარამან ფაღავა ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელ დაავადებებზე საუბრობს:
„რაც შეეხება დაავადებებს, ზოგიერთი დაავადება ბავშვთა ასაკისთვის სპეციფიკურია. ნულიდან სამ წლამდე არის ახალშობილთა პათოლოგიები, თანდაყოლილი ანომალიები, მშობიარობასთან დაკავშირებული დაავადებები. ეს შეიძლება იყოს ინფექციები, მძიმე მშობიარობის შემდგომ ასფიქსიის შედეგები, ე.წ. ცერებრული დამბლა, უეცარი სიკვდილის სინდრომი. მე აღარ ვლაპარაკობ იმ ხშირ დაავადებებზე, როგორებიც არის მწვავე რესპირატორული სინდრომი და ბრონქიტი და ა.შ. ახლა ზამთარია და სავსეა მსგავსი დაავადებები. ესენია ბავშვთა ასაკის ძირითადი დაავადებები.“
„დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახლავთ ბუნებრივი კვება. ბუნებრივი კვება დიდებული რამ არის. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, ის 6 თვე დაცულია ინექციებისგან. ამ პერიოდის დაავადებებში მნიშვნელოვანია ნაყოფის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგები. მეძუძურმა დედამ არ უნდა დალიოს. ჩასახვის პერიოდშიც არც დედამ, არც მამამ ალკოჰოლი არ უნდა მიიღოს. ამან შეიძლება იმოქმედოს ნაყოფზე და ხომ წარმოგიდგენიათ, ეს როგორი უბედურებაა,“ - აღნიშნავს ყარამან ფაღავა.