„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სხვაზე ზრუნვა არის გადამწყვეტი თვისება და ჩვენ ამას არ ვასწავლით შვილებს,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ თვისებების და უნარების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. მისი თქმით, სხვაზე ზრუნვა გადამწყვეტი თვისებაა, რომელსაც შვილებს ნაკლებად ვასწავლით:
„სხვაზე ზრუნვა ეს არის გადამწყვეტი თვისება. ემპათიის უნარის განვითარება არის მომავალი პიროვნებისთვის და მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას არ ვასწავლით ჩვენს შვილებს. „რატომ ჩემი შვილი? ჩემმა შვილმა რატომ უნდა გააკეთოს? ჩემი შვილი რატომ უნდა დაიჩაგროს? ჩემმა შვილმა რატომ უნდა დაუთმოს? ვისზე ნაკლებია ჩემი შვილი?“ ეს არის ჩვენი პოზიცია, რაც არის დამღუპველი. რომ გაიზრდება თქვენი შვილი და ყურადღებას არ მოგაქცევთ, მხარდაჭერა დაგჭირდებათ და მხარს არ დაგიჭერთ, მერე იქნება გვიანი.“
თამარ გაგოშიძის თქმით, მშობლები საკუთარ შეცდომებს არ აღიარებენ და ვერ ხვდებიან, რატომ არ არის ბავშვი ემპათიური და მხარდამჭერი:
„რიტორიკულ კითხვას სვამენ მერე მშობლები: „ვინ გაზარდა ასეთი უგულო?“ ბავშვს უნდა ვასწავლოთ სუსტზე ზრუნვა, სხვაზე ზრუნვა, სხვასთან გაზიარება რაღაცების. თუ ჩვენ ეს არ ვასწავლეთ, თუ ეს ჩვენში არ დაინახა, ის ამას არ გააკეთებს. მიუღებელი ქცევის შეკავება და იმპულსის გადავადებაც უნდა ვასწავლოთ. „კანფეტი მინდა ახლა!“ მშობლები ფიქრობენ: ბავშვმა არ ინერვიულოს, კანფეტი ახლავე უნდა მივცეთ. „ახლა უნდა ჩემს შვილს ნაყინი, ახლა უნდა ჩემს შვილს ცხოვრება, რაც ახლა უნდა, თუ არ შევუსრულე, აბა რისთვის ვშრომობ?“ იმპულსის გადავადება ბავშვის ტვინმა თუ არ ისწავლა, მილიონი რომ ჰქონდეს, მაინც არ იქნება საკმარისი.“
თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, ბავშვს თანმიმრევრული მოქმედებების დაგეგმვა ასწავლონ:
„ბავშვს უნდა ასწავლოთ თანმიმდევრული მოქმედების დაგეგმვა, მშობელი გეუბნება, რომ ამხელა გოგოა, ამხელა ბიჭია, მთელი დღე უნდა დაუგეგმო, ჯერ ეს უნდა გააკეთო, მერე ის უნდა გააკეთო. მთელი დღე ამაში გადის, მშობელს აღარ რჩება დრო იმისთვის, რომ ისიამოვნოს ბავშვთან ურთიერთობით. არც ბავშვს რჩება დრო, რომ ისიამოვნოს მშობელთან ურთიერთობით. ჩვენ ვართ მარტო მოთხოვნის რეჟიმში, მარტო ძახილის და შენიშვნების რეჟიმში. წინასწარ მოლაპარაკებული წესების შესრულება უნდა მოვათავოთ 11 წლამდე. ბავშვმა უნდა იცოდეს რა ელის, თუ იმას არ გააკეთებს, რაც არის წინასწარ მოლაპარაკებული ოჯახში.“
„ბავშვს უნდა ვასწავლოთ ემოციის მისაღები გზით გაზიარება და გამოხატვა. ეს არის ტრაგედია ჩვენი საზოგადოების. ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოვხატოთ ჩვენი ემოცია მისაღები გზით, გავაზიაროთ და სახელი დავარქვათ. ჩვენ დიალოგი არ ვიცით და გადავდივართ ჩხუბზე. შეხედეთ ტელევიზიას, შეხედეთ თქვენს მეზობლებს, შეხედეთ თქვენს ახლობლებს, თქვენს თავს. რას ვაკეთებთ ჩვენ და როგორ ვიქცევით? ემოციის გვრცხვენია. ემოციის რეგულაციის კულტურა ისწავლება. ეს თუ არ ისწავლე, თუ არ გამოიმუშავე, არასდროს არ გექნება,” - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.