„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს ჯიბის ფული? - ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე
ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე ბავშვებისთვის ფულთან მოპყრობის წესების სწავლების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ ბავშვს არ მივცემთ თანხას, ის ვერ ისწავლის ფულთან ურთიერთობას:
„ფულთან მოპყრობას ვერ ისწავლის ბავშვი, თუ არ მიეცი ფული. ფულთან მოპყრობა ნიშნავს, რომ ბავშვმა აიღოს პასუხისმგებლობა თავის ფინანსურ მდგომარეობაზე, ისწავლოს მისი გახარჯვა. ბავშვის ფულთან ურთიერთობა სამ მნიშვნელოვან პრინციპს უნდა ემყარებოდეს: მან უნდა იცოდეს, რომ ამ ფულიდან აქვს უფლება რაღაცის გახარჯვის, რაღაც უნდა შეინახოს და რაღაც ქველმოქმედებისთვის გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ამას ბავშვი პირველივე ჯერზე ვერ ისწავლის და უცებ კარგი ეკონომისტი ვერ გამოვა. ეს ხშირად უფროსებსაც გვიჭირს. რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით უფრო მეტია გასავალი და დანახარჯიც. ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვიან ვიწყებთ ფულთან ურთიერთობას. ფსიქოლოგების ნაწილი თვლის, რომ ექვს წლამდე ასაკის ბავშვსაც კი, ფულთან ურთიერთობისას პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოსაყალიბებლად, უნდა მივცეთ გარკვეული თანხა და ვასწავლოთ, რა შეუძლია მიიღოს ამ თანხით. ფულს ბავშვისთვის უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. ის უნდა ხვდებოდეს, რომ ფული მარტივად არ მოიძიება.“
ელენე ჯაფარიძის თქმით, ბავშვი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას უნდა იცნობდეს:
„როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ფულთან ურთიერთობა? ეს მარტივად არ ხდება. ის ჩართული უნდა იყოს მთლიან პროცესში. ხშირად მოზარდებმა საერთოდ არ იციან, საიდან მოდის ფული. ვერ ხვდებიან, როგორ გამოიმუშავებენ მშობლები ფულს და რა გასავალი აქვს ოჯახს. თუ ბავშვი ერთხელ მაინც ჩახედავს კომუნალური გადასახადის ქვითარს, ის ბევრ რამეს მიხვდება. მნიშვნელოვანია მისი ასაკის გათვალისწინებაც. ოთხი წლის ბავშვს კომუნალურ გადასახადებზე ვერ დავუწყებთ ლაპარაკს. როდესაც ვკითხულობთ, რამდენი უნდა იყოს ბავშვის ბიუჯეტი, ეს მთლიანად დამოკიდებულია ოჯახის ბიუჯეტზე. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ სოციუმშია ბავშვი. თუ ის დადის ძვირადღირებულ სკოლაში და მისი თანაკლასელების ბიუჯეტი მისას აღემატება, კრიზისი რომც არ იყოს, ის ხედავს ამ განსხვავებას.“
„მთავარია ბავშვს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა ის ტრავმირებული არ იყოს . მან უნდა იცოდეს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის ანარეკლია. ბულინგი სკოლაში ყველაზე ხშირად ფულის საკითხთან არის ხოლმე დაკავშირებული, როდესაც ხდება ბავშვისთვის ფულის გამოძალვა. სამწუხაროდ, ხდება ძალაუფლების არასწორი გადანაწილება. ამიტომ ბავშვისთვის ფულის მიცემა საფრთხილო საკითხია. ერთია, რომ ჩვენ გვინდოდეს მისთვის ფინანსური უნარების გამომუშავება, მეორეა, რომ ეს არ იქცეს ძალადობრივი მოპყრობის მიზეზად. ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას და რას ვასწავლით ბავშვს ფულის შესახებ. თუ ჩვენ სისტემატურად ბავშვი გავანებივრეთ იმით, რომ მას აქვს ფული, ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მან უნდა იცოდეს, რომ თუ ერთ თვეში 200 ლარს აძლევთ, ის კი ამ თანხას ორ დღეში გახარჯავს, მას მეტი შემოსავალი აღარ ექნება,“ - აღნიშნავს ელენე ჯაფარიძე.