რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვის ცემა მშობლის დიდი ტრაგედიაა... ადამიანს, რომელიც ხელს აწევს თავისზე სუსტზე, თვითონ სჭირდება დახმარება,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის ფიზიკური დასჯის დამაზიანებელ შედეგებზე ისაუბრა:
„ბავშვის ცემა მშობლის დიდი ტრაგედიაა. ადამიანი, რომელიც ხელს აწევს უსუსურზე, თავისზე ბევრად პატარაზე, სუსტზე, ე.ი. რა დღეშია მისი ფსიქიკა და ნერვული სისტემა და როგორ სჭირდება მას თვითონ დახმარება. ძალიან ბევრ მშობელს მერე დანაშაულის განცდა აქვს. ამით არავინ არ ტრაბახობს, რომ „რა კარგია, ვცემე.“ მერე განიცდის, შეიძლება იტიროს კიდეც, მაგრამ ამით არაფერი აღარ სწორდება, იმიტომ, რომ ამით მე მას დავასწავლე აგრესიული პასუხი. ზოგი ამბობს, რომ მე თუ არ ვასწავლი, სხვასთან ექნება იგივე პრობლემა. არ არის ასე. სახლში ლაღად გაზრდილი ადამიანი, ბევრად უფრო ადვილად უმკლავდება გარე პრობლემებს, ვიდრე ის, ვისაც ჩაგრავენ. მშობლის შიშს, სჯობს რიდი, რომ არ აწყენინო. ამიტომ არის კარგი „მე“ ფორმის გამოყენება. „მე მეწყინა, გული მეტკინა.“ „შენ“ ფორმა არის იარლიყის მიკერება. რასაც ვაბრალებთ ბავშვს, რასაც ვარქმევთ, იმას შეგვისრულებს მერე.
ბავშვებს არ ესმით სიტყვა: „რატომ?“ ეს არც ჩვენ არ გვესმის. ის მოითხოვს პასუხს, „იმიტომ.“ აგრესია გიჩნდება კითხვაზე „რატომ?“ ძალიან კარგი კითხვაა: „რისთვის?“ რისთვის აკეთებ ამას, რა გინდა, რა შედეგი გინდა. ძალადობით შეიძლება ადამიანებს, დედა-შვილს შორს ისეთი უფსკრული გაჩნდეს იმის გამო, რომ ვერ ახერხებ ადამიანურ ენაზე კომუნიკაციას. ბავშვი რომ ცუდად იქცევა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ცუდად მოიქცა. არსებობს მარტივი შეთანხმება ბავშვებთან. ფრანგებს აქვთ ასეთი, ბაღში წითელ ხაზს გააკეთებენ, არავინ არ გადადის იმ წითელი ხაზის იქით. არავინ არ სვამს კითხვას: „რატომ?“ არც მე გადავდივარ, არც შენ. ასე ბავშვი სწავლობს რაღაცების არგადაკვეთას. ჩვენ შევთანხმდებით: „ამ გადაკვეთის შემთხვევაში, შენ ამ მულტფილმს არ ნახავ.“ ბავშვი იმდენად სამართლიანია, რომ შეთანხმების დარღვევის დროს, თვითონ შეიძლება გითხრას, რომ არ ნახავს ამ მულტფილმს,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.