Baby Bag

​რეზუს უარყოფითი სისხლის ორსული - ყველაფერი, რაც ამ საკითხზე უნდა ვიცოდეთ

​რეზუს უარყოფითი სისხლის ორსული - ყველაფერი, რაც ამ საკითხზე უნდა ვიცოდეთ

როგორც ვიცით, არსებობს სისხლის ოთხი ჯგუფი: (o),(A),(B),(AB) და ორი რეზუს ფაქორი RH(+) და RH(-).

რეზუს ფაქტორი არის მემკვიდრეობითი ცილა, რომელიც გვხვდება სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე. თუ პაციენტს სისხლში აქვს ეს ცილა, მაშინ იგი RH(+)-ია, თუ არ აქვს RH(-)-ია.

RH(+) არის ყველაზე გავრცელებული სისხლის ტიპი.

RH(-) სისხლის ჯგუფი არ არის დაავადება ან დარღვევა და, როგორც წესი, არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა ამ ფაქტორმა შეიძლება გავლენა იქონიოს ორსულობაზე. RH(-) სისხლი ქალების 15-20%-ში გვხვდება.

​როგორია ამ დროს ტაქტიკა?
ორსულობის პირველივე ვიზიტზე ხდება სისხლის ჯგუფის და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა, თუ ქალი რეზუს ყარყოფითია RH(-), პარალელურად დგინდება მეუღლის სისხლის რეზუსი. 
ორსულობის მე-12 კვირაზე, ყველა რეზუს უარყოფით ორსულს უნდა განესაზღვროს ანტისხეულები. ტიტრის მატება დედის სენსიბილიზაციაზე მიუთითებს და საჭიროა დაკვირვება ორ კვირაში ერთხელ. გარდა 12 კვირისა, ანტისხეულებს ვაკონტროლებთ ორსულობის 25-ე კვირაზეც!

​რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ამ დროს ნაყოფს?
თუ ამ დროს ნაყოფი რეზუს დადებითია, დედის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული რეზუს ანტისხეულები იოლად აღწევს ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და იწვევს ერითროციტების დაშლას-ჰემოლიზს, რის შედეგადაც ვითარდება ანემია, ჰიპოქსია და მთელი რიგი გართულებები!

შეიძლება თუ არა რეზუს კონფლიქტის პროფილაქტიკა?
მთელს მსოფლიოში მიღებულია რეზუს კონფლიქტის პროფილაქტიკა ანტირეზუს D იმუნოგლობულინით, რომელიც დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს ანეიტრალებს. ის კეთდება საპროფილაქტიკოდ ორსულობის 28-ე კვირაზე და უკეთდება ყველა რეზუს უარყოფით ორსულს

როგორ ვიქცევით მშობიარობის შემდეგ?
მშობიარობის შემდეგ დგინდება ახალშობილის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი. თუ ახალშობილი რეზუს დადებითია,D იმუნოგლონულინს ვიმეორებთ მშობიარობიდან 72 საათის განმავლობაში. რეზუს უარყოფითი სისხლის კუთვნილების ახალშობილის დაბადებისას, დედას იმუნოგლობულინი არ უკეთდება!

საფრთხე მხოლოდ ნაყოფს ექმნება თუ დედასაც?
საფრთხე მხოლოდ ნაყოფს ექმნება.

თუ ქალთან ერთად მამაკაციც რეზუს უარყოფითია?
ნაყოფს ამ დროს საფრთხე არ ემუქრება, რადგან დედისა და ნაყოფის ორგანიზმებს შორის ანტაგონიზმი არ მოხდება.

კიდევ როდის ვაკეთებთ იმუნოგლობულინს?
როდესაც ორსულობა მთავრდება თვითნებითი ან ხელოვნური აბორტით, ასევე გარე ორსულობის და ბუშტნამქერის შემთხვევაშიც.

რაც მეტია ორსულობების რაოდენობა რეზუს უარყოფითი სისხლის ქალებში, მით მეტი ყურადღებაა საჭირო. ორსულობის პერიოდში გაკეთებული იმუნოგლობულინი იცავს მიმდინარე ნაყოფს, ხოლო მშობიარობის შემდეგ კი, დედას და მომავალ ნაყოფს.

სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი არის მუდმივი და მთელი სიცოცხლის მანძილზე არის უცვლელი.

მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს სამი რამ აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს,“ - მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე

მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ ოჯახის დაგეგმვისა და ორსულობის მართვის საკითხებზე ისაუბრა და წყვილებს ურჩია ორსულობის დაგეგმვას მეტი ყურადღება დაუთმონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვა. ჩვენთან 85% არის სპონტანური ორსულობა. სანამ დაფეხმძიმდება ქალბატონი, მან თუ ჩაიტარა აუცილებელი კვლევები, ინფექციური ფონის გამოკვლევა, ნაყოფიც ჯანსაღი იქნება. თუ ქალისა და კაცის ორგანიზმის შემოწმება არ მოხდა დაფეხმძიმებამდე, ხშირ შემთხვევაში მიდვივართ არასასიამოვნო შედეგებამდე. შეწყვეტილი ორსულობების 80% ინფექციური პათოლოგიის ბრალია, რომელიც თავისუფლად შეიძლება ნამკურნალები იქნას ორსულობამდე.

ძალიან მნიშვნელოვანია წყვილმა დაიწყოს მიღება ე.წ. ფოლიატების, ფოლიუმის მჟავის. ორგანიზმი ამ პროვიტამინისგან ამზადებს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია ნერვული ღეროს დეფექტის პროფილაქტიკისთვის და გონებრივი განვითარებისთვის. ქრომოსომულ აბერაციებზე რომ გადავიდეთ, ამას ზედაპირულად უყურებენ. ეს არ არის მემკვიდრეობითი დაავადებები. ბევრი ისეთი აბერაცია არსებობს, რომლის კორექციაც ორსულობაში შეიძლება, მაგალითად, მარტივი კვებით. ფიზიოლოგიური ორსულობების 85% არის გადასარევი. ფიზიოლოგიურ ორსულობას საერთოდ არაფერი არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სულ სამი რამ: ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ფიზიკური აქტიურობა. ეს სამი რაღაც აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს. მინდა მივმართო ყველა ორსულს, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური ორსულობა გართულებების გარეშე, არანაირი წამალი არ მიიღონ. ეს არის არასაჭირო ჩარევა ახალგაზრდა, ჯანმრთელი გოგოს ორგანიზმში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა გარემოში ვითარდება ნაყოფი და რა გარემოში ევლინება სამყაროს. 8 კვირის შემდეგ ნაყოფს შეუძლია განასხვაოს დედისა და ოჯახის წევრის ხმა. აუცილებლად ყოველ საღამოს უნდა ესაუბროთ პატარას. მას აბსოლუტურად ესმის ყველაფერი და აბსოლუტურად აღიქვამს. ის ხმა, რომელიც მას ესმის ყოველდღიურად, მისთვის არის დამამშვიდებელი. ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა. ბოლო კვლევებია, რომ ბავშვებს მოსწონთ ვივალდი, არ მოსწონთ ბეთჰოვენი, ცალსახად არ მოსწონთ როკ-მუსიკა. აუცილებელია, რომ ის ავარიდოთ ყველანაირ სტრესს. ყველაზე მნიშვნელოვანია თვითონ ქალის განწყობა, ოჯახში რა განწყობაა,“- მოცემულ საკითხზე ზაზა სინაურიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ ისაუბრა.

წყარო:​ „რა დროს ძილია“


წაიკითხეთ სრულად