Baby Bag

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა...“

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა...“

6 მაისის მორიგეობა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და ემოციური აღმოჩნდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1017 ბრიგადის წევრებისათვის (უფროსი ექიმი გურანდა მეტრეველი, უმცროსი ექიმი მარიამ ნიკოლაძე და მძღოლი იოსებ მურალაშვილი). რომ არა მათი პროფესიონალიზმი, მშობიარობა, შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

ყველაფერი კი 112-ის ოპერატორის მიერ გადმოცემული მორიგი მისამართით დაიწყო. გამოძახების მოტივი - მშობიარობა ბინაზე. როგორც გაირკვა, ნაადრევად დაბადებული ჩვილი არ სუნთქავდა. ოჯახის წევრების თქმით, ნაყოფი 36 კვირის იყო და მშობიარობის დაწყებას დედა არ ელოდა.

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა. ცალკე ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა და პანიკაში მყოფი ოჯახის წევრები. პირველ რიგში, ახალშობილ გოგონას ჩავუტარეთ ყველა საჭირო მანიპულაცია, რათა მას სუნთქვა დაეწყო. ვიდრე ტირილს დაიწყებდა, მეგონა, საათები გავიდა. გადავჭერით ჭიპლარი, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ასეთ დროს არის საჭირო და, პარალელურად, ჰოსპიტალიზაციისთვის დავიწყეთ მზადება. ჩვილი სულ რაღაც 1 კილოსა და 700 გრამს იწონიდა - ისეთი პატარა და უმწეო იყო. სასწრაფოდ გადავიყვანეთ დედა-შვილი უახლოეს პროფილურ კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ, როგორი განცდა მქონდა. პატარასთან ერთად, მეც ხელმეორედ დავიბადე. ეს საოცარი გრძნობაა. ამ დღეს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაივიწყებს“, - ამბობს უფროსი ექიმი გურანდა მეტრეველი.

პატარა გოგონა, რომელსაც მარიამი დაარქვეს, ჯერჯერობით ისევ კლინიკაში რჩება, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ძალიან მალე სახლში გაწერენ.

„ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბავს. ეს პატარა გოგონა ძალიან შემიყვარდა. როგორც კი გამოიყვანენ საავადმყოფოდან, აუცილებლად უნდა მოვინახულო დედაც და შვილიც. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვარ, რომ მისი სიცოცხლის შენარჩუნება შევძელით“,- აღნიშნავს გურანდა მეტრეველი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მოსალონდელია, რომ ორსულთა უმრავლესობა გადაიტანს ამ დაავადებას ისეთი მსუბუქი სიმპტომებით, როგორიც თან ახლავს გაციებას და გრიპს

მოსალონდელია, რომ ორსულთა უმრავლესობა გადაიტანს ამ დაავადებას ისეთი მსუბუქი სიმპტომებით, როგორიც თან ახლავს გაციებას და გრიპს

გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე კორონავირუსის პანდემიის დროს ორსულებს რეკომენდაციებს აძლევს. მის რჩევებს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი ოფიციალურ გვერდზე აქ​ვეყნებს.

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე მონაცემებით, ორსულები არ ავლენენ COVID -19-ით გამოწვეული დაავადების მწვავე მიმდინარეობას ზოგად პოპულაციასთან შედარებით.

მოსალოდნელია, რომ ორსულთა უმრავლესობა გადაიტანს ამ დაავადებას ისეთი მსუბუქი სიმპტომებით, როგორიც თან ახლავს გაციებას და გრიპს. ამჟამად არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ვირუსი შესაძლოა, გადაეცეს ნაყოფს (ე.წ. ვერტიკალური გადაცემა) ან გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები. ასევე არ არის დადასტურებული, რომ საკეისრო კვეთა ან ნაადრევად ინდუცირებული მშობიარობა ამცირებს ახალშობილზე ვირუსის გადაცემის რისკს.

ამიტომ ეს ჩარევები უნდა განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ჩვენების შემთხვევაში. მეძუძური დედების საყურადღებოდ - არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი გადაეცემა დედის რძით.

მეან-გინეკოლოგთა სხადასხვა ასოციაციები ურჩევენ ორსულებს განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

🔹მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები;
🔹დაიბანეთ ხელები რეგულარულად საპნით და წყლით;
🔹ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით;
🔹ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
🔹დაიცავით სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები გარეშე პირებთან;
🔹თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს ექიმთან ვიზიტი, ისარგებლეთ ონლაინ აუდიო ან ვიდეო კონსულტაციებით.
🔹მცირედი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, მიაკითხეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო თანმხლები პირების რაოდენობა შეამცირეთ ერთ პერსონამდე.
🔹გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ დაისვენოთ, ჯანსაღად იკვებოთ და იყოთ მშვიდ გარემოში. თქვენი ბავშვი იქნება საუკეთესოდ დაცული, თუ გაუფრთხილდებით თქვენს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას.“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად