Baby Bag

​ორსულობა, მშობიარობა, მეძუძურობა და Covid-19

​ორსულობა, მშობიარობა, მეძუძურობა და Covid-19

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: რამდენად საშიშია ორსულისთვის კორონავირუსით ინფიცირება, გადაეცემა თუ არა ვირუსი ნაყოფს ორსულობის ან მშობიარობის დროს და გადადის თუ არა კორონავირუსი დედის რძით?

​ორსულობისას ძალიან ბევრი კითხვა უჩნდება ორსულს. დღევანდელი პანდემიის პირობებში ბევრ ქალს აინტერესებს, რა ზეგავლენას მოახდენს Covid-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსი ორსულობაზე, ნაყოფზე. აუცილებლად უნდა შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ტემპერატურის მატების შესახებ, ვინაიდან ზოგიერთი ვირუსული დაავადება ზეგავლენას ახდენს თქვენი ნაყოფის განვითარებაზე. ასეთ ვირუსულ დაავადებებს მიეკუთვნება: ციტომეგალოვირუსი, წითელა, ჩუტყვავილა, ჰერპეს ვირუსი.

​2019 წელს მსოფლიოში გამოჩნდა ახალი ვირუსი - კორონავირუსი, რომელიც სასუნთქ გზებზე მოქმედებს.

​Covid
-19 ისევ რჩება ახალ დაავადებად და ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი. ასევე ბოლომდე არ არის დადგენილი, როგორ მოქმედებს ის ორსულ ქალებსა და ნაყოფზე.

​რა უნდა იცოდეთ კორონავირუსზე?

​კორონავირუსი არის ვირუსების ოჯახი, რომელიც ვრცელდება როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში და შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც მარტივი გაციება, ასევე მძიმე რესპირატორული დაავადებები. სიმპტომები ვლინდება ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან 2-14 დღეში.

ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • ხველა
  • მაღალი ტემპერატურა
  • ქოშინი
  • დაღლილობა
ასევე:

  • შემცივნება
  • ყელის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • გემოსა და ყნოსვის დაკარგვა
  • კუნთების ტკივილი

​არიან თუ არა ორსულები მეტად მგრძნობიარე ვირუსის მიმართ?

​ჯერჯერობით ვირუსი ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ დაბეჯითებით ამ კითხვაზე პასუხი ამ ეტაპისთვის არ არსებობს. თუმცა სასუნთქი გზების ინფექციების მიმართ ორსულები მეტად მგძნობიარენი არიან, ვინაიდან ერთი მხრივ, ორსულებში ქვეითდება იმუნური სისტემა, მეორე მხრივ, ორსულობა მოქმედებს ფილტვებისა და გულის დატვირთვაზე.

​მკურნალობის რომელი მეთოდებია უსაფრთხო ორსულებში?

​კოვიდის მკურნალობა ჰგავს სხვა რესპირატორული დაავადების მკურნალობის მეთოდებს. ორსულებში მაღალი ტემპერატურის დროს გამოიყენება სიცხის დამწევი - პარაცეტამოლი, სითხეებით დატვირთვა. თუ ვერ ხერხდება ტემპერატურის დაწევა, გეწყებათ ქოშინი ან ღებინება, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

​რამდენად საშიშია ორსულისთვის კორონავირუსით ინფიცირება?

​ისევ და ისევ, ვინაიდან ვირუსი არ არის ბოლომდე შესწავლილი, ზუსტი და კონკრეტული პასუხები არ არის. მაგრამ, ორსულობის გამოსავალი კოვიდინფიცირებულ ქალებში შესაძლოა, უფრო მძიმე იყოს, ვიდრე არაინფიცირებულ ორსულებში. შესაძლებელია იყოს თვითნებითი აბორტები, ნაადრევი მშოიარობა, მკვდარშობადობა.

​ორსულობის პირველ ტრიმესტრში მაღალმა ტემპერატურამ, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა, შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალია. ეს ყველაფერი შემაშინებლად ჟღერს, თუმცა საქმე არც ისე ცუდადაა. არის დადასტურებული კვლევები, რომ 147 გამოკვლეული ორსულიდან 8% იყო ინფიცირებული მძიმე ფორმით და მხოლოდ 1% იყო კრიტიკულ მდგომარეობაში.

​გადაეცემა თუ არა ვირუსი ნაყოფს ორსულობის ან მშობიარობის დროს?

​ეს ნაკლებ სავარაუდოა. ვინაიდან კოვიდით ინფიცირების გზა ჰაერწვეთოვანია (ინფიცირებული ადამიანის ხველა, დაცემინება). თქვენი ბავშვის ამ გზით დაინფიცირება შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ მშობიარობის შემდეგ.

​მცირე ექსპერიმენტში, რომელშიც მონაწილეობდა ორსულობის მე-3 ტრიმესტრში დაინფიცირებული 9 ჩინელი ქალბატონი, სანაყოფე წყლებსა და ჭიპლარის სისხლში არ იქნა ნანახი ვირუსი. ასევე ახალშობილის ყელის ნაცხიდან აღებულ მასალაშიც არ იქნა ნანახი ვირუსი.

​ასევე არის ცნობები შედარებით უფრო მასშტაბური კვლევიდან. კვლევაში მონაწილე კოვიდინფიცირებული ქალებიდან, რომელთაც იმშობიარეს, 3 ახალშობილი აღმოჩნდა კოვიდდადებითი, დანარჩენი 30 ახალშობილი კოვიდუარყოფითი. ამიტომ არ არის დაზუსტებული ნამდვილად ინფიცირებულები დაიბადნენ ახალშობილები, თუ დაბადებიდან მალევე დაინფიცირდნენ.
სჭირდება თუ არა ქალს საკეისრო კვეთა მშობიარობის მომენტისისთვის ინფიცირების შემთხვევაში?
ფიზიოლოგიურად იმშობიარებთ თუ საკეისრო კვეთის გზით, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ კოვიდინფიცირებაზე. ისევ და ისევ, თუ თქვენ არ გაქვთ საკეისრო კვეთის ჩვენება, მხოლოდ კოვიდინფიცირების გამო საკეისრო კვეთის ჩატარება არ არის რეკომენდებული.
როგორ მოვიქცეთ თუ დაგეგმილია საკეისრო კვეთა ან მშობიარობის აღძვრა არაინფიცირებულ ორსულებში?
მიუხედევად იმისა, ხართ თუ არა ინფიცირებული კლინიკაში მისვლამდე 24-28 საათით ადრე უნდა ჩააბაროთ Pჩღ-ტესტი ცოვიდ-ზე, ვინაიდან შესაძოა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. გარდა ამისა, ოპერაციული ჩარევა არის რისკი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ მედ პორსანილისთვის. ამიტომ აუცილებელია გეგმიური შემთხვევების დროს მედ პერსონალისა და სხვა ორსულთა ან მელოგინეების დაცვის მინით გავლილი გქონდეთ შესაბამისი კვლევა.
გადადის თუ არა კორონავირუსი დედის რძით?


​რამდენიმე ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ დედის რძით კოვიდინფექცია არ გადადის. თუმცა, საბოლოო პასუხის მისაღებად მაინც აუცილებელია კიდევ კვლევების ჩატარება. მეძუძური დედის კოვიდინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია დედამ ატაროს პირბადე (ნიღაბი), კარგად დაიბანოს ხელები კვების დაწყებამდე და, რა თქმა უნდა, დღეში რაც შეიძლება ხშირად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობა 35 წლის ზემოთ?

​რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობა 35 წლის ზემოთ?
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ორსულობა 40 წლის ასაკში - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია.

40 წლის ასაკში ორსულობის დაგეგმვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული სირთულეებთან, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

​​
ფერტილობის (შვილოსნობის) ბიოლოგიური საათი იწყება მაშინ, როდესაც ქალს ეწყება პირველი მენსტრუალური ციკლი და ასაკის მატებასთან ერთად რეპროდუქციული ფუნქცია მცირდება, რაც მეტად უახლოვდებით კლიმაქტერულ პერიოდს, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ფოლიკულების რეზერვი.

რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობა 35 წლის ზემოთ?

35 წლის და მეტი ასაკის ქალებს შეუძლით ფიზიოლოგიური დაორსულება და ასევე ორსულობის ბოლომდე მიყვანა, თუმცა არსებობს გარკვეული რისკები დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მხრივ.
რაც მეტია ქალის ასაკი, მით მეტად მცირდება ფოლიკულების რაოდენობა, ასევე ფოლიკულების ხარისხი, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო რთული იქნება ფიზიოლოგიური დაორსულება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლატნტაცია საშვილოსნოში.
ასევე კვერცხუჯრედის ხარისხის შემცირებასთან ერთად მატულობს თვითნებითი აბორტის (ორსულობის მოშლის) რისკი.
ზემოთ აღნიშნულ გართულებებს ემატება:

  • მკვდარშობადობის რისკი
  • ქრომოსომული ანომალიები
  • ნაადრევი მშობიარობა
  • გესტაციური ჰიპერტენზია
  • პრეეკლამფსია
  • მცირე მასის ახალშობილი
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ 40 წლის ასაკში ვერ დგება ფიზიოლოგიური ორსულობა?
​იმ შემთხვევაში, თუ ფიზიოლოგიური ორსულობა ვერ დადგა რამდენი ცდის შემდეგ, შეგიძლიათ მიმართოთ დამატებით რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა:

  • IVF - ინ ვიტრო განაყოფიერება - ამ შემთხვევაში მოხდება ჰორმონული მკურნალობის ფონზე კვერცხუჯრედების სტიმულაცია და მომწიფება, რის შემდეგ მოხდება კვერცხუჯრედების ასპირაცია (ამოღება საკვერცხეებიდან) და განაყოფიერება. განაყოფიერების შემდეგ ერთი ან რამდენიმე ემბრიონი გადააქვთ დედის საშვილოსნოს ღრუში.
  • სუროგაცია - ამ შემთხვევაში პროცედურა იგივეა, რაც ინ ვიტროს დროს, იმ განსხვავებით, რომ ბიოლოგიური დედის ნაცვლად ემბრიონები (განაყოფიერებული კვერცხუჯრედები) გადააქვთ სუროგატი ქალის საშვილოსნოში.
  • დონაცია - იმ შემთხვევაში, თუ ქალის საშვილოსნო მზად არის ემბრიონის მისაღებად, მაგრამ არ აქვს საკუთარი კვერცუჯრედები, ან მეუღლის (პარტნიორის) ცოცხალი სპერმატოზოიდები, შეუძლია გამოიყენოს დონორის კვერცხუჯრედი ან სპერმატოზოიდი. შემდგომ ისევ მოხდება ემბრიონების გადატანა ქალის საშვილოსნოში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად