Baby Bag

ბუასილი ორსულობის დროს - როგორ მოვიქცეთ სახლის პირობებში ტკივილის შესამსუბუქებლად?

ბუასილი ორსულობის დროს - როგორ მოვიქცეთ სახლის პირობებში ტკივილის შესამსუბუქებლად?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ჰემოროიდულ დაავადებზე ანუ ბუასილზე ორსულობის დროს.

​რა არის ჰემოროიდული დაავადება?

ჰემოროიდულ დაავადებაში მოიაზრება სწორი ნაწლავის და ანუსის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ძალიან ხშირად ხდება ბუასილის განვითარება ორსულებში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ასევე ორსულობის შემდეგ.

არსებობს 2 ტიპის ჰემოროიდული დაავადება - გარეგანი და შინაგანი. გარეგანი ბუასილის შემთხვევაში გაგანიერებული ვენები მდებარეობს ანუსის გარეთა მხარეს. შინაგანის შემთხვევაში კი ბუასილის კვანძები განლაგებულია სწორი ნაწლავის შიგნით. შესაბამისად, სიმპტომები არის სხვადასხვა:

  • სისხლიანი გამონადენი დეფეკაციის შემდეგ
  • მტკივნეული დეფეკაცია
  • ქავილი
  • წვა
  • შეშუპება


​როგორც წესი, ეს ჩივილები გვხვდება გარეგანი ჰემოროიდული დაავადების დროს. შინაგანი ჰემოროიდული დაავადების შემთხვევაში შესაძლოა, სიმპტოები არ იყოს გამოხატული. ასევე გარეგანი ბუასილის დროს შესაძლოა, იყოს თრომბი, რაც მეტად მტკივნეულია და ანთებადი. შინაგანი ბუასილის დროს შესაძლებელია დეფეკაციის შემდეგ კვანძის გარეთ გამოსვლა, რაც გამოიწვევს სისხლდენას და ძლიერ დისკომფორტს.

რა მიზეზები იწვევს ბუასილის გაჩენას?

ორსულთა 50%-ს უვითარდება ჰემოროიდული დაავადება. ორსულობის დროს განვითარებული ჰემოროიდული დაავადების მიზეზია სისხლის მოცულობის გაზრდა, რაც იწვევს ვენების გაგანიერებას, ასევე, საშვილოსნოს ზეწოლა ანუსის მიმდებარე ვენებზე და ყაბზობა (შეკრულობა).

შესაძლებელია თუ არა ბუასილისგან განკურნება მშობიარობის შემდეგ?

შესაძლოა, მშობიაროების შემდეგ ჰემოროიდული დაავადება სრულად ალაგდეს მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარების გარეშე, ვინაიდან ჰორმონების დონე, სისხლის მოცულობა უბრუნდება ნორმალურ დონეს, მცირდება წნევა მუცლის არეში.

როგორ უნდა მოვიქცეთ სახლის პირობებში მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

არის სხვადასხვა საშუალება, რომლებიც შეგიმცირებთ ტკივილს სახლის პირობებში.

უნდა დაიცვათ შემდეგი ნორმები:

  • საპირფარეშოში გამოიყენეთ რბილი ქაღალდი, რომ არ იყოს ძლიერი მექანიკური დაზიანება
  • დღეში რამდენჯერმე მიიღეთ თბილი წყლის აბაზანა 10 წუთის განმავლობაში, მჯდომარე მდგომარეობაში
  • შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე დაზიანებულ ადგილზე მიიდოთ ყინული რამდენიმე წუთით
  • ეცადეთ, ხშირად იმოძრაოთ და არ იჯდეთ ერთ ადგილზე, რომ არ მოხდეს ზეწოლა ანუსზე
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი
  • იკვებეთ უჯრედისით მდიდარი საკვებით, რომ განავლოვანი მასები არ იყოს მკვრივი.

​რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, უნდა მიმართოთ პროქტოლოგს, რომ მოხდეს დიაგნოზის სწორი ვერიფიცირება და დანიშნულების მიღება. არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, ვინაიდან ყველა მედიკამენტი ბუასილის მკურნალობისთვის არ არის უსაფრთხო ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს.

​უფრო რთულ შემთხვევებში კეთდება ჰემოროიდექტომია - ოპერაციული ჩარევა.

როგორ უნდა მოვიქცეთ ორსულობისას ჰემოროიდული დაავადების პრევენციისთვის?

  • პირველ რიგში, უნდა მიიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები, ხილი, ბოსტნეული, დიდი რაოდენობით წყალი, რომ არ იყოს მყარი განავლოვანი მასები, ეცადეთ დეფეკაცია გქონდეთ რეგულარულად
  • მოერიდეთ დიდი ხნის განმავლობაში მჯდომარე პოზას
  • მოერიდეთ გაჭინთვას და ყველა იმ მდომარეობას, რომელიც გამოიწვევს მუცლის ღრუში წნევის მატებას.

​გისურვებთ ჯანმრთელობას !

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელმა ვირუსებმა შეიძლება მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა? - მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი

რომელმა ვირუსებმა შეიძლება მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა? - მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი

მეან-გინეკოლოგმა მაკა ჩიქოვანმა ის ვირუსები დაასახელა, რომელიც ორსულებისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს:

„რაც შეეხება ვირუსებს, რომლებმაც ორსულობის მიმდინარეობაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, მედიცინაში ვიყენებთ ტერმინს TORCH ინფექციები. ეს აბრევიატურა მოიცავს იმ ძირითად წამყვან ვირუსებსა და ბაქტერიებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა ქალის ჯანმრთელობაზე და შემდგომ უკვე ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილობასა და ავადობაზე. მასში გაერთიანებულია, მაგალითად, ტოქსოპლაზმა, რომელიც განსხვავებული ტიპის მიკრობს წარმოადგენს. მასში შედის წითურა, ზიკა ვირუსი (ორი-სამი წლის წინ პანდემია იყო და ბრაზილიაში რეკომენდაციას იძლეოდნენ, რომ ცოტა ხანს ორსულობისგან თავი შეეკავებინათ, იმდენად ცუდი და სავალალო შედეგები იყო).

წითურას ვირუსი, ყველას მოეხსენება, რომ მნიშვნელოვნად არასასურველია ორსულებისთვის.  TORCH ინფექციებში შედის ციტომეგალოვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებული ვირუსია დღეს. ასევე ჰერპეს ვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსულ დაავადებას წარმოადგენს წყვილებს შორის,“ - მოცემულ საკითხზე მაკა ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად