Baby Bag

არის თუ არა უსაფრთხო ცურვა ორსულობის დროს?

არის თუ არა უსაფრთხო ცურვა ორსულობის დროს?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ.  მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ორსულობის დროს ცურვაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
არის თუ არა უსაფრთხო ცურვა ორსულობის დროს?
დიახ! ცურვა ყველაზე უსაფრთხო ვარჯიშია ორსულობის დროს! თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი სპორტის სახეობები, როგორებიცაა: წყლის თხილამურები, დაივინგი და წყალქვეშა ცურვა აკვალანგით, არ წარმოადგენს ნებადართულსა და რეკომენდებულს, რადგან  ამ ტიპის სპირტის დროს მაღალია ორსულთა ტრავმირების რისკები. ორსულობის გვიან ვადებზეც შეგიძლიათ დაკავდეთ ცურვით.
რა რისკებთანაა დაკავშირებული ცურვა?
პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ ისეთი საცურაო გარემო, რომელიც იქნება მეტად უსაფრთხო თქვენთვის (ნაკლებად ხალხმრავალი ადგილი, სადაც არ არის წყლის თხილამურები, სკუტერი და ა.შ.).
ასევე უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ორსულობისას ცურვის დროს შეიძლება უფრო ადრე დაიღალოთ, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. გარდა ამისა, უნდა მოერიდოთ ტალღების და ზღვის მოქცევის დროს ცურვას. ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას. წყალი არ უნდა იყოს ცივი ან ძალიან თბილი (აუზის შემთხვევაში).
რამდენი ხანია რეკომენდებული ცურვა?
პირველ რიგში, ცურვა და წყლის ვარჯიში უნდა იყოს დამზოგველი. რეკომენდებულია 30 წუთის განმავლობაში წყალში ყოფნა, კვირაში 3-5 დღე. 
დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ცურვა, თუ ძალიან იღლებით, ძალიან გცხელათ, გაქვთ მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილი მენჯში, დაგეწყოთ სისხლიანი გამონადენი საშოდან.
აქვს თუ არა რაიმე სარგებელი ორსულობის დროს ცურვას?
რა თქმა უნდა! ცურვა წარმოადგენს თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს, ამზადებს ქალის ორგანიზმს მშობიარობისთვის. გარდა ამისა გააჩნია შემდეგი პლუსები:

  • ცურვა არის დაბალი დატვირთვის ფორმა (თქვენი სხეული და ძვლები განიცდიან ნაკლებ დატვირთვას, რაც დადებითად აისახება თქვენს მდგომარეობაზე).
  • ცურვა აუმჯობესებს ღამის ძილს
  • სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით უსაფრთხოა სამივე ტრიმესტრში

​ცურვის უპირატესობაზე სხვა სპორტთან შედარებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში.
რა რჩევებია გასათვალისწინებელი ცურვისას?

  • შეარჩიეთ ახალი და კომფორტული საცურაო ნაკრები
  • ფრთხილად ჩადით და ამოდით წყლიდან, ვინაიდან ჩასვლაც და ამოსვლაც შესაძლოა, იყოს სახიფათო (შესაძლებელია ფეხის დაცურება წყალში ჩასვლამდე ან ამოსვლისას)
  • გამოიყენეთ მზის დამცავი ძლიერი მოქმედებით, მინიმუმ SPF30 ღია სივრცეში ცურვისას
  • ხშირად დაიტანეთ ტანზე მზისგან დამცავი და არ იყოთ მზეზე 10:00-დან 16:00-მდე
  • აუცილებლად მიიღეთ წყალი, იმ შემთხვევაშიც, თუ არ გაქვთ წყურვილის გრძნობა
  • აუცილებლად იცურავეთ თანმხლებ პირთან ერთად, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში გაგიწევთ დახმარებას
  • წყლიდან ამოსვლის შემდეგ გამოიცვალეთ სველი საცვალი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დე​დების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოსტირება მოზარდობის ასაკში მოხდეს, რათა ავირიდოთ შორეული გართულებები,“- მეან-გინეკოლოგი მადლენა ხვიჩია

მეან-გინეკოლოგმა მადლენა ხვიჩიამ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები დაასახელა:

„პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის სიხშირე 5-დან 25%-მდეა. ეს ყველაფერი მოზარდობის ასაკიდან იღებს დასაბამს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ასაკში მოხდეს მისი დიაგნოსტირება, რათა ავირიდოთ ის გართულებები შორეული, რაც ახასიათებს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომს.

კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში საკმაოდ ხშირია ამ პრობლემით მომართვიანობა. პირველი ნიშანი, რითაც ხშირად მოგვმართავენ, არის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, არის მენსტრუათაშორისი ინტერვალის გახანგრძლივება 38 და მეტი დღის ინტერვალით. ასეთ პაციენტებს ასევე აღენიშნებათ ჭარბი სისხლიანი გამონადენი, მენსტრუალური დღეების გახანგრძლივება. მოზარდების შემთხვევაში ვსაუბრობთ 7 დღე და მეტი, ხოლო რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში 8 დღე და მეტი შეიძლება იყოს.

მნიშვნელოვანი ნიშანია ანდროგენების სიჭარბით გამოწვეული აკნე, ჭარბთმიანობა, უხეში, გრძელი, შავი თმების არსებობა სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ქალბატონებისთვის არ არის დამახასიათებელი, სახეზე, სარძევე ჯირკვლების დვრილების გარშემო და მუცლის წინა ხაზზე. ასევე არის საკვერცხის სტრუქტურული ცვლილებები, ხდება კაფსულის გასქელება, მასში მრავლდება სითხური ჩანართები, რის გამოც მას ეძახდნენ პოლიცისტურ საკვერცხეს. საკვერცხის მოცულობა გაზრდილია. უნდა აღინიშნოს ჭარბი წონა, რომელიც პოლიცისტური საკვერცხის შემთხვევაში მოზარდების დაახლოებით 50%-ში აღინიშნება.

მოზარდობის პერიოდი გოგონებისთვის ძალიან მგრძნობიარეა. ეს კლინიკური ნიშნები: ჭარბთმიანობა, ჭარბი წონა, აკნე, ემოციური თვალსაზრისით მათთვის დამთრგუნველია და შეიძლება თვითშეფასება დაბლა დაწიოს. მომავალში ეს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, დეპრესიასთან არის დაკავშირებული,“- მოცემულ საკითხზე მადლენა ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად