Baby Bag

​რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობა 35 წლის ზემოთ?

​რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობა 35 წლის ზემოთ?
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ორსულობა 40 წლის ასაკში - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია.

40 წლის ასაკში ორსულობის დაგეგმვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული სირთულეებთან, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

​​
ფერტილობის (შვილოსნობის) ბიოლოგიური საათი იწყება მაშინ, როდესაც ქალს ეწყება პირველი მენსტრუალური ციკლი და ასაკის მატებასთან ერთად რეპროდუქციული ფუნქცია მცირდება, რაც მეტად უახლოვდებით კლიმაქტერულ პერიოდს, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ფოლიკულების რეზერვი.

რა რისკებთანაა დაკავშირებული ორსულობა 35 წლის ზემოთ?

35 წლის და მეტი ასაკის ქალებს შეუძლით ფიზიოლოგიური დაორსულება და ასევე ორსულობის ბოლომდე მიყვანა, თუმცა არსებობს გარკვეული რისკები დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მხრივ.
რაც მეტია ქალის ასაკი, მით მეტად მცირდება ფოლიკულების რაოდენობა, ასევე ფოლიკულების ხარისხი, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო რთული იქნება ფიზიოლოგიური დაორსულება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლატნტაცია საშვილოსნოში.
ასევე კვერცხუჯრედის ხარისხის შემცირებასთან ერთად მატულობს თვითნებითი აბორტის (ორსულობის მოშლის) რისკი.
ზემოთ აღნიშნულ გართულებებს ემატება:

  • მკვდარშობადობის რისკი
  • ქრომოსომული ანომალიები
  • ნაადრევი მშობიარობა
  • გესტაციური ჰიპერტენზია
  • პრეეკლამფსია
  • მცირე მასის ახალშობილი
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ 40 წლის ასაკში ვერ დგება ფიზიოლოგიური ორსულობა?
​იმ შემთხვევაში, თუ ფიზიოლოგიური ორსულობა ვერ დადგა რამდენი ცდის შემდეგ, შეგიძლიათ მიმართოთ დამატებით რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა:

  • IVF - ინ ვიტრო განაყოფიერება - ამ შემთხვევაში მოხდება ჰორმონული მკურნალობის ფონზე კვერცხუჯრედების სტიმულაცია და მომწიფება, რის შემდეგ მოხდება კვერცხუჯრედების ასპირაცია (ამოღება საკვერცხეებიდან) და განაყოფიერება. განაყოფიერების შემდეგ ერთი ან რამდენიმე ემბრიონი გადააქვთ დედის საშვილოსნოს ღრუში.
  • სუროგაცია - ამ შემთხვევაში პროცედურა იგივეა, რაც ინ ვიტროს დროს, იმ განსხვავებით, რომ ბიოლოგიური დედის ნაცვლად ემბრიონები (განაყოფიერებული კვერცხუჯრედები) გადააქვთ სუროგატი ქალის საშვილოსნოში.
  • დონაცია - იმ შემთხვევაში, თუ ქალის საშვილოსნო მზად არის ემბრიონის მისაღებად, მაგრამ არ აქვს საკუთარი კვერცუჯრედები, ან მეუღლის (პარტნიორის) ცოცხალი სპერმატოზოიდები, შეუძლია გამოიყენოს დონორის კვერცხუჯრედი ან სპერმატოზოიდი. შემდგომ ისევ მოხდება ემბრიონების გადატანა ქალის საშვილოსნოში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

ორსულობის პერიოდის 21 მნიშვნელოვანი მოვლენა

ორსულობის პერიოდის 21 მნიშვნელოვანი მოვლენა

ორსულობა ქალის ცხოვრებას მთლიანად ​ცვლის. მომავალი დედები ცხრა თვის მანძილზე ხშირად განიცდიან სიხარულსა და მღელვარებას. ჩვენს სტატიაში იმ 21 მნიშვნელოვან მოვლენაზე გესაუბრებით, რომელთა დავიწყება ორსული ქალბატონებისთვის შეუძლებელია.

• ორსულობის ტესტის დადებითი პასუხი
ორსულობის ტესტის დადებითი პასუხი იმ ქალბატონებსაც კი სასიამოვნო ჟრუანტელს გვრის, რომლებიც ორსულობას გეგმავდნენ და აღნიშნული სიახლე მათთვის დიდ სიურპრიზს არ წარმოადგენს. თუ ტესტი დადებით პასუხს გიჩვენებთ, შესაძლოა, ურთიერთგამომრიცხავი შეგრძნებები დაგეუფლოთ. ზოგიერთი ქალბატონი მოულოდნელი სიახლით აღფრთოვანებულია, ზოგს შიში იპყრობს, ნაწილი თვლის, რომ ორსულობისთვის მზად არ იყო, ნაწილს კი ბედნიერებისგან ორ ფეხზე მყარად დგომა უჭირს. შესაძლოა, ზემოთ დასახელებული ყველა შეგრძნება ერთდროულად დაგეუფლოთ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. ორსულობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რის გამოც ის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში დიდ მღელვარებას იწვევს.
• ორსულთა გულისრევის შეგრძნება
ორსულობის ადრეულ ეტაპზე ქალბატონებს გულისრევა ხშირად აწუხებთ. როდესაც უსიამოვნო შეგრძნება მათ პირველად ეუფლებათ, ისინი ძალიან ღელავენ. მუცლის არეში ყრუ ტკივილი და ხშირი გულისრევა ორსულ ქალბატონებს ტესტის დადებითი პასუხის უტყუარობაში არწმუნებს.
• პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან
სახლის პირობებში ჩატარებული ტესტი მეტ-ნაკლებად სანდოა, თუმცა ქალბატონებს ზუსტი პასუხის გასაგებად გინეკოლოგთან მისვლა მაინც სჭირდებათ. როდესაც ექიმი ტესტის პასუხს დაგიდასტურებთ, სიხარულის წარმოუდგენელი განცდა გეუფლებათ, რადგან ამჯერად დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ ორსულად ხართ.
• ახლობელი ადამიანისთვის ორსულობის ამბის გამხელა
ექიმის მიერ ტესტის პასუხის დადასტურების შემდეგ, თქვენ ახლობელი ადამიანებისთვის სიმართლის თქმას მოისურვებთ. ცხადია, თავად უნდა გადაწყვიტოთ, თუ ვის გაუმხელთ თქვენს „საიდუმლოს“ პირველად. როდესაც თქვენ მიერ შერჩეულ ადამიანთან მიხვალთ და სასიამოვნო სიახლით მის გახარებას დააპირებთ, იგრძნობთ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ახლობლებისა და საყვარელი ადამიანის რეაქცია თქვენთვის აუცილებლად ამაღელვებელი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი მოულოდნელ სიახლეს სიხარულით შეხვდებიან თუ ემოციების გამოხატვას მოერიდებიან, ეს წუთები არასდროს დაგავიწყდებათ.
• პირველი ტრიმესტრის დასასრული
პირველი ტრიმესტრის დასრულება ორსულებს სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება. სამთვიანი ეტაპის გადალახვასთან ერთად ნაყოფის უნებლიედ დაკარგვის რისკები მნიშვნელოვნად მცირდება, რაც ქალბატონებს განტვირთვაში ძალიან ეხმარება. გარდა ამისა, პირველი ტრიმესტრის დასრულების შემდეგ გულისრევის უსიამოვნო შეგრძება და ყოველდღიური სისუსტე ნელ-ნელა ქრება, რაც ორსულობით ტკბობის შესაძლებლობას გაძლევთ.
• ბავშვისთვის პირველი ნივთის შეძენა
ზოგიერთ ოჯახში ბავშვის დაბადებამდე მისთვის ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ზოგიერთ ორსულს კი საყიდლებზე სიარული ძალიან ხიბლავს და ცრურწმენების ნაკლებად სწამს. თუ თქვენ ბავშვისთვის ნივთების ყიდვას ნაადრევად დაიწყებთ, საკუთარ თავს წარმოუდგენელ სიხარულს მიანიჭებთ. მომავალი შვილისთვის პირველი ნივთის შეძენა დაუვიწყარი მოგონებაა. მისი ოთახის მორთულობაზე ზრუნვა და ჩვილის ტანსაცმლის შეძენა ორსულ ქალბატონს უსაზღვროდ აბედნიერებს.
• ბავშვის გულისცემის მოსმენა
ორსულ ქალბატონებში ბავშვის გულისცემის პირველად მოსმენა საოცრად ფაქიზ და სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ეს საოცარი და განსაკუთრებული ხმა მომავალ დედებს არწუნებს, რომ ყველაფერი რიგზეა, ბავშვი ჯანმრთელია და ორსულობა კარგად მიმდინარეობს. თუ ბავშვის გულისცემის მოსასმენად პირველად მიდიხართ, მარტო ნუ წახვალთ. თქვენი სიხარული და აღფრთოვანება საყვარელ ადამიანსაც უნდა გაუზიაროთ.
• საორსულო ტანსაცმლის ტარება
საორსულო ტანსაცმლის ტარება ორსული ქალისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ქალბატონებს, რომლებიც პირველ ბავშვს ელოდებიან, საორსულო ტანსაცმლის მორგება ძალიან ეჩქარებათ. მათ სურთ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ნამდვილად ორსულად არიან. ისინი დიდი რაოდენობით საორსულო კაბებს ყიდულობენ და ერთი სული აქვთ, როდის გაეზრდებათ მუცელი, რათა განსაკუთრებული სამოსის ტარება შეძლონ.
• უცხო ადამიანის მიერ თქვენი ორსულობის შემჩნევა
ორსულ ქალბატონებს ძალიან უხარიათ, როდესაც მათ განსაკუთრებულ მდგომარეობას სრულიად უცხო ადამიანი ამჩნევს. თუ თქვენთვის უცნობი პირი ინტერესდება, პატარას როდისთვის ელოდებით ან როგორ მიდის თქვენი ორსულობა, განსაკუთრებული სიხარულის შეგრძნება გეუფლებათ. მსგავსი შემთხვევები გაცილებით სასიხარულოა იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც ორსულად პირველად არიან.
• ბავშვის მოძრაობის შეგრძნება
ბავშვის მოძრაობის პირველი შეგრძნება დედისთვის დაუვიწყარი მოგონებაა. რამდენიმე დღის მანძილზე ორსული ქალბატონები მუცელში გაჩენილ უცნაურ შეგრძნებებს ეჭვის თვალითაც უყურებენ. ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ ის, რასაც ისინი გრძნობენ, ბავშვის მოძრაობაა. ზოგიერთი ნაყოფის უნებლიე მოძრაობებს შედარებით მძაფრად აღიქვამს, ზოგი კი - ნაკლებად, თუმცა სასიამოვნო ბიძგების შეგრძნება ნებისმიერ შემთხვევაში სიხარულის მომნიჭებელია.
• მადის მოზღვავება და გემოვნების ცვლილება
ორსულების დიდი ნაწილი მადის საოცარ მოზღვავებას განიცდის. მათ გემოვნებაც საოცრად ეცვლებათ და გარკვეული საკვები პროდუქტების მიმართ აკვიატებული დამოკიდებულებები უჩნდებათ. ახალბედა ორსულებს საჭმლისადმი არანორმალური მიდრეკილების შეგრძნება ძალიან აოცებთ. ზოგიერთი მადის ძლიერ მატებას განიცდის და ცდილობს, თავი მაქსიმალურად შეიკავოს. მსგავსი ცვლილებების გამო ნუ დაიტანჯებით. ეცადეთ, ორსულობის ყოველი წუთით ისიამოვნოთ.
• ბავშვის სქესის დადგენა
არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის სქესს ორსულობის ადრეულ ეტაპზე იგებთ, თუ უშუალოდ მშობიარობის დროს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, გოგო გეყოლებათ თუ ბიჭი. ნებისმიერ შემთხვევაში სქესის გაგება თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
• ბავშვის მოძრაობის შემჩნევა სხვა ადამიანის მიერ
ბავშვის მოძრაობის შემნევა დედას უფრო უადვილდება ვიდრე სხვა ადამიანებს. მას შემდეგ, რაც მუცელში სასიამოვნო ბიძგებს იგრძნობთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გავიდეს, რათა ბავშვის მოძრაობის აღქმა სხვებმაც შეძლონ. თქვენთვის ამაღელვებელი და განსაკუთრებული შეგრძნების სხვისთვის გაზიარება წარმოუდგენელ სიხარულს მოგანიჭებთ.
• მშობელთა სკოლაში სიარული
მშობელთა სკოლაში ქალბატონებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის სათანადოდ ამზადებენ. თქვენ სკოლაში სიარულს, სავარაუდოდ, მეორე ტრიმესტრის დასაწყისში დაიწყებთ და მესამე ტრიმესტრში დაასრულებთ. სკოლაში მისვლა სერიოზული ნაბიჯია, რომელიც თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან შესახვედრად გამზადებთ. სკოლის დასრულება კი გარწმუნებთ, რომ ბავშვთან შეხვედრამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.
• მესამე ტრიმესტრის დასაწყისი
მომავალ დედებს 9 თვე დროის ძალიან დიდ მონაკვეთად ეჩვენებათ. როდესაც მესამე ტრიმესტრი იწყება, ისინი აცნობიერებენ, რომ ორსულობის 2/3 უკვე ჩავლილია და მშობიარობის დრო ახლოვდება. ცხადია, ეს აღმოჩენა მომავალი დედების მღელვარებას ზრდის.
• BaBy Shower-ის წვეულების გამართვა
Baby Shower-ის წვეულების გამართვას თუ გეგმავთ, მშობიარობისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა არ გაგიჭირდებათ. ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად კარგი დროის გატარება, მათთვის თქვენი ემოციების, განცდების, მოლოდინებისა და შიშების გაზიარება მღელვარებას მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ. წვეულების გამართვა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ემზადებით.
• ბავშვის ოთახის მომზადება
ზოგიერთ ოჯახში ბავშვს ინდივიდუალური საძინებელი აქვს, მშობლების ნაწილი კი ბავშვის საწოლს თავის საძინებელში უჩენს ადგილს. ბავშვის ოთახის მოწყობა და გალამაზება მშობლებისგან ხშირად იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე წარმოუდგენიათ. ჩვილის კუთხის მოწესრიგება მომავალ დედას საოცარ ბედნიერებას ანიჭებს.
• შუაღამისას ნაყინის ჭამა
ორსულ ქალბატონებს მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება ხიბლავთ. საყვარელ ადამიანთან ერთად შუაღამით ნაყინის ჭამა და მომავალ შვილზე საუბარი ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც ორსულობის განმავლობაში შეგიძლიათ. მოულოდნელი თავგადასავლები თქვენი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.
• ექიმთან ყოველკვირეულ ვიზიტებზე სიარული
ორსულობის 36-ე კვირიდან თქვენი მეან-გინეკოლოგი ყოველკვირეულ ვიზიტებზე დაგიბარებთ, რადგან მშობიარობის თარიღი მოახლოვდება. გახშირებული ვიზიტები ორსული ქალბატონების დიდ ნაწილს აფორიაქებს, რადგან ბავშვთან შეხვედრამდე უფრო ცოტა დრო რჩება. ექიმთან ვიზიტი ყოველთვის წინასწარ დაჯავშნეთ, რათა კრიტიკულ ვითარებაში დახმარების გარეშე არ დარჩეთ.
• მშობიარობის გეგმის შემუშავება
მშობიარობის თარიღის მოახლოვებასთან ერთად თქვენ სამშობიარო გეგმის შემუშავებაზე უნდა იზრუნოთ. თქვენ მიერ შედგენილი გეგმა შეგიძლიათ ახლობელ ადამიანებს აჩვენოთ და გაუზიაროთ. გეგმის შედგენა დაგარწმუნებთ, რომ ბავშვი ძალიან მალე დაიბადება.
• მშობიარობის თარიღის მოახლოვება
მშობიარობის სავარაუდო თარიღის მოახლოვება აუცილებლად უნდა აღნიშნოთ. 40 კვირიანი მოლოდინის შემდეგ ამას ნამდვილად იმსახურებთ. მართალია, ხშირად მშობიარობის სავარაუდო თარიღი არც ისე ზუსტია და ორსულებს ერთი-ორი კვირით ლოდინი უწევთ, მაგრამ ბავშვის დაბადებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. თქვენი პატარა ნებისმიერ დღეს შეიძლება მოევლინოს ქვეყანას. ეცადეთ მშობიარობის სავარაუდო თარიღის მოახლოვება მეგობრებთან ერთად აღნიშნოთ და თქვენს მომავალ შვილთან შესახვედრად მოემზადოთ.

მომზადებულია verywellfamily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად