Baby Bag

გოგიმ მალევე იპოვა მარტივი გამოსავალი - ყოველ საღამოს დას ველოსიპედზე წინ შემოისკუპებს და ასე ასეირნებს

გოგიმ მალევე იპოვა მარტივი გამოსავალი - ყოველ საღამოს დას ველოსიპედზე წინ შემოისკუპებს და ასე ასეირნებს

,,​ყოველ საღამოს წალენჯიხაში ჩემს სოფელს ბავშვების ჟრიამულის ხმა ახალისებს. აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით ველოსიპედით მოსეირნე პატარებს, თუმცა ამ მხრივ საღამო მაინც გამორჩეულია.

საღამო. ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. მზის ჩასვლამდე და მზის ჩასვლის შემდეგ. დღის მანძილზე გაკვეთილებისა და სახლის თუ საგარეო საქმეებით დაღლილი ჩემი პატარა მეზობლები, გოგი და მარი თამაშს იწყებენ.

თამაში ეზოდან იწყება, სადაც და-ძმა შინაური ფრინველების მოვლა-პატრონობასთან ერთად სხვადასხვა სახის გასართობს მარტივად უთავსებს ერთმანეთს. უფროსი ძმა განსაკუთრებით ზრუნავს პატარა დაიკოზე, უსმენს, მოთმინებით პასუხობს მის შეკითხვებს, ითვალისწინებს მის აზრს თამაშებზე და შემდეგ, როდესაც დედა ნებართვას მისცემს, ველოსიპედი გამოჰყავს და სოფლის შარა-გზაზე სეირნობს.

ადრე ველოსიპედი მარისაც ჰყავდა, წითელი და კოპწია, მაგრამ გაუფუჭდა და ახლა უმოქმედოდ აყენია სახლის აივანზე. არადა, მასაც ძალიან უყვარს ძმასთან და ბიძაშვილებთან ერთად ველოსიპედით სეირნობა.

თუმცა, უფროსი ძმა რისთვისაა?

გოგიმ მალევე იპოვა მარტივი გამოსავალი - ყოველ საღამოს დას ველოსიპედზე წინ შემოისკუპებს და ასე ასეირნებს.''

ავტორი: მარიამ გვარამია

შეიძლება დაინტერესდეთ

10 ფილმი, რომელიც ზაფხულს ყველაზე მეტად უხდება

10 ფილმი, რომელიც ზაფხულს ყველაზე მეტად უხდება

წელს საკმაოდ ​ცხელი ზაფხული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მზესთან, ზღვასთან და მთებთან ერთად დაგჭირდებათ ფილმებიც, რომლებიც ამ გაუსაძლის სიცხეებს გადაგატანინებთ.

წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც ერთი მხრივ, აქედანვე შეგიქმნიან საზაფხულო განწყობას და მეორე მხრივ, მომავალი მოგზაურობის დაგეგმვაშიც დაგეხმარებიან.

1. ვიკი, კრისტინა, ბარსელონა

ვუდი ალენის ამ შესანიშნავ ფილმში მსახიობების ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა. პენელოპა კრუსი, სკარლეტ იოჰანსონი, ხავიერ ბარდემი და რებეკა ჰოლი წარმოგვიდგენენ ბარსელონისეულ ისტორიას უხვი სასიყვარულო ელემენტებითა და ზაფხულის მწველი მზით. რეჟისორის თვალით დანახული ევროპული ვნებები ყველასთვის საყვარელ საზაფხულო ქალაქში - ბარსელონაში ვითარდება. ფილმმა მრავალი ნომინაცია, ხოლო პენელოპა კრუსს კი - ოსკარი მოუტანა.

2. ამომავალი მთვარის სამეფო

სემი და სუზი პატარა კუნძულიდან გაქცევას გადაწყვეტენ. მათ ერთმანეთი უყვართ და იმ 88 ადამიანის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, რომლებიც კუნძულზე ცხოვრობენ. უეს ანდერსონის ეს ფილმი თავის ჟანრში ნამდვილი კლასიკაა, რომ არაფერი ვთქვათ მასში მონაწილე მსახიობების სიუხვეზე და ოსტატობაზე (ბილი მიურეი, ბრიუს უილისი, ედუარდ ნორტონი, ფრენსის მაკდორმანდი, ტილდა სუიტონი, ჯეისონ შვარცამანი).

3. ევროტური

როგორ წარმოგიდგენიათ რომელიმე ზაფხული ოთხი მეგობრის ამ საოცარი თავგადასავლის გარეშე? ამერიკული კლასიკური კომედია, რომელმაც დროს და თაობებს გაუძლო, სიყვარულის, მეგობრობის, გულშემატკივრობის, გულგრილობის, ინფლაციის, და-ძმური სიყვარულის და უბრალოდ, ბევრი მოულოდნელობების შესახებ მოგვითხრობს.

4. მამა მია

თქვენც ABBA-ს განუმეორებელი მელოდიები ჩაგესმით, არა? ახალგაზრდა სოფის კი მხოლოდ ის სურს, რომ საკურთხეველთან მამამ მიიყვანოს. მის სურვილს მხოლოდ დედა უშლის ხელს, რომელიც პრინციპულად არ ამბობს მამის სახელს. შედეგად, სოფი იმ სამ მამაკაცს ეპატიჟება ქორწილში, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ მამამისია. მზიანი და სიყვარულით სავსე მიუზიკლი ზაფხულის დღეებისთვის ზედგამოჭრილია.

5. მზის ამოსვლამდე

ამერიკელი ჯესი ვენისკენ მიმავალ გზაზე ულამაზეს და მომხიბვლელ ფრანგ გოგონას ხვდება. სიყვარულითა და საოცარი სიურპრიზებით სავსე ღამე ახალგაზრდა წყვილს ნამდვილ გრძნობას განაცდევინებს. ამ ფილმის ნახვის შემდეგ არაა გამორიცხული, რომ თავადაც იგრძნოთ თავი შეყვარებულად.

6. ეროვნული არდადეგები 

გრისუოლდების ოჯახი ძიების პროცესშია. ისინი არდადეგების გატარებას ველი უელდის პარკში აპირებენ, გზად კი, რა თქმა უნდა, საინტერესო და მხიარული თავგადასავლები ელით.

7. თავგადასავლების სამყარო

ზაფხულის გეგმები უკანასკნელ მომენტში შეგეცვალათ? არ იდარდოთ, არც ჯესი ეიზენბერგის გმირია ამ ზაფხულს მოგზაურობისთვის „განწირული“. გრეტ მოტოლას ახალგაზრდული კომედია იმდენად კარგ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით, კრისტენ სტიუარტსაც კი აიტანთ როგორმე.

8. იმოქმედე სწორად

სპაიკ ლის ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ იქცევიან ადამიანები რთულ სიტუაციებში. ფილმი მოგვითხრობს გაუსაძლის პერიოდზე ნიუ-იორკში, როცა აუტანელი სიცხეა და ადამიანები სიგრილეს ნატრობენ, ამავდროულად, ასეთ რთულ პერიოდში ერთმანეთსაც უპირისპირდებიან.

9. ჭამე, ილოცე, შეიყვარე

რაიან მერფის მელოდრამა ჯულია რობერტსისა და ხავიერ ბარდემის მონაწილეობით საკურორტო რომანზე მოგვითხრობს. ელიზაბეტი მტკივნეული დაშორების შემდეგ სამოგზაუროდ მიდის და საკუთარი თავის პოვნაში, ახალ სიყვარულსაც აღმოაჩენს.

10. ტოსკანის მზის ქვეშ

ამერიკული ფილმი 35 წლის მწერალ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც 10 დღით ტოსკანაში მიემგზავრება. ის იმდენად მოიხიბლება იტალიით, რომ ქალაქში პატარა ვილას იყიდის და სამუდამოდ ტოსკანაში დასახლდება. ფილმი გვასწავლის, რომ ხანდახან ცხოვრება ძალიან უცნაურად გვაძლევს იმ ყველაფერს, რაც გვჭირდება. 

ავტორი: მაშა გვარამია

წაიკითხეთ სრულად