Baby Bag

ვენაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა

ვენაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა

ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა ოფიციალურად 25 ოქტომბერს გაიხსნა. 

ალბერტინას მუზეუმში, ფიროსმანაშვილის გამოფენა წარმოდგენილია მუნკის, შაგალის, პიკასოსა და მონეს გამოფენებთან ერთად. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს მხატვრის 29 ნამუშევარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთ წიგნს სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“ პარიზის ზდანევიჩის ფონდიდან. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა - „ფიროსმანის პორტრეტი“. 

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით „Table Of Pirosmani“, რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნება. 

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ, ჩვენი დროის საუკეთესო თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც მასპინძლობს. ავტორთა შორის არიან: ადრიან გენი, ჯორჯ ბაზელიცი, იოშიტომო ნარა და ანდრო ვეკუა.

გამოფენის მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.