Baby Bag

კოვიდზე მასწავლებლების სავალდებულო ტესტირება დროებით შეჩერდება - ამირან გამყრელიძის განცხადება

კოვიდზე მასწავლებლების სავალდებულო ტესტირება დროებით შეჩერდება - ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში გეგმიური ტესტირებები დროებით შეჩერდება იმ ჯგუფებისთვის, რომელთა ტესტირებასაც სახელმწიფო აფინანსებს. გეგმიური ტესტირების გავლა გარკვეული დროით მასწავლებლებსაც აღარ მოუწევთ:

„როდესაც ასეთი გავრცელების არეალი გვაქვს უკვე და მაღალი სიხშირე, პირველ რიგში, სიმპტომიანი ადამიანები უნდა გაიტესტონ. ჩვენ ვტესტავდით და ახლაც ვტესტავთ რიგ ჯგუფებს. ამას სახელმწიფო ანაზღაურებს, ე.წ სისტემურ ჯგუფებს, მაგალითად მასწავლებლები, ექიმები, პოლიცია - არის ეს სისტემური ჯგუფები, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებოდნენ, ანუ ასიმპტომური ადამიანები.

ჩვენ ახლა ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ ასეთი დაწოლის დროს, მთავარი აქცენტი გაკეთდეს სიმპტომურ ადამიანებზე, რომ ყველა ადამიანი , ვისაც აქვს სიმპტომები, გაიტესტოს და გარკვეული პერიოდით, ორი კვირით, სამი კვირით, სანამ ეს ტალღა არ გადაივლის, ასიმპტომური ადამიანების ტესტირება შევაჩეროთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო:​ ტელეკომპანია „იმედი“