Baby Bag

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაბუჟებისას თრომბოზი ნაკლებად სავარაუდოა, უფრო ნევროლოგიური პრობლემის დროს გვხვდება დაბუჟება,“ - მედიცინის დოქტორი შორენა ჭიოკაძე

„დაბუჟებისას თრომბოზი ნაკლებად სავარაუდოა, უფრო ნევროლოგიური პრობლემის დროს გვხვდება დაბუჟება,“ - მედიცინის დოქტორი შორენა ჭიოკაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა შორენა ჭიოკაძემ იმ სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში თრომბოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ:

„სისხლის საერთო ანალიზი ძირითადი ბაზისური კვლევაა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს ასახავს, მაგრამ კონკრეტულად თრომბოზზე ვერ მიგვითითებს. ​შეიძლება მხოლოდ კოაგულოგრამაშიც არაფერი არ გამოჩნდეს. ღრმა ვენების თრომბოზზე ეჭვის მისატანად, შესაძლოა, იყოს ტკივილი ფეხის არეში, სიწითლე, სიმხურვალის შეგრძნება, შესიება. შესაძლოა, გამოხატული იყოს სისხლჩაქცევებიც.“

შორენა ჭიოკაძის თქმით, დაბუჟებისას თრომბოზზე ეჭვის მიტანა ნაკლებად სავარაუდოა:

​ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბუჟებისას ეჭვი მივიტანოთ თრომბოზზე. ხშირად ეშინიათ და ჰგონიათ: „ფეხები მიბუჟდება, პროთრომბინი მაქვს მაღალი,“ მაგრამ უფრო ნევროლოგიური პრობლემის დროს გვხვდება დაბუჟება. თრომბოზზე ეჭვის მიტანა შეიძლება, თუ გვაქვს ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, ტკივილის გაძლიერება ღრმა ჩასუნთქვისას, ხველა.“

„აუცილებლად გასათვალისწინებელია ოჯახური ანამნეზი. თუ ოჯახის წევრებში გვაქვს ახალგაზრდა ასაკში ინსულტი, ინფარქტი, ღრმა ვენების თრომბოზი, თვითნებითი აბორტი, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ეჭვი თრომბოფილიაზე. რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ჭარწონიანი პაციენტები, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, ონკოლოგიური პაციენტები. უმოძრაობა და ​ცხოვრების მჯდომარე წესი ნამდვილად ხელშემწყობია თრომბოზის განვითარებისთვის და რისკ-ჯგუფში არიან ასეთი ადამიანებიც,“ - აღნიშნულ საკითხზე შორენა ჭიოკაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად