Baby Bag

„ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა. საქართველოში გეგმიური აცრების კალენდარი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ ითვალისწინებს. მოცემულ საკითხზე ინფექციონისტმა ნინო გაბისონიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა:

„ვაქცინა ადამიანს 95%-ით იცავს ჩუტყვავილასგან. მე საკუთარი შვილიშვილები აცრილი მყავს. საქართველოში არის კომერციული ვაქცინა და რეკომენდაციას ვიძლევი, რომ აიცრან ადამიანები. საკმაოდ ბევრი გართულება ახასიათებს ჩუტყვავილას."

ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა პედიატრმა თემურ მიქელაძემაც:

„ერთი წლიდან შესაძლებელია ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. თუ არის განსაკუთრებულად იმუნოკომპრომეტირებული პირები, რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყონ ვაქცინაცია. მე თვითონ ვარ იმუნიზაციის ტექნიკური საბჭოს წევრი და ბევრ ქვეყანაში არ შედის გეგმიურ კალენდარში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში. აქვე მინდა დავამატო, რომ გეგმიური ვაქცინაციის მომართვიანობაზე იყო კლება. არ უნდოდათ კლინიკაში პაციენტების მოყვანა. შესაბამისად 7-დან 9%-მდე იყო ვაქცინაციის კლება. აუცილებელია გეგმიური ვაქცინაციის დროულად ჩატარება. ვიმედოვნებ, რომ იმავე მოცვის მაჩვენებელს დავუბრუნდებით უახლოეს მომავალში.“

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ექვსსაათ-ნახევრის განმავლობაში ნარკოზში ვიყავი“ - ვინ აიღო ურთულესი ოპერაცია საკუთარ თავზე

​„ექვსსაათ-ნახევრის განმავლობაში ნარკოზში ვიყავი“ - ვინ აიღო ურთულესი ოპერაცია საკუთარ თავზე

ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მიიყვანა, პაციენტისთვის გაუგებარი იყო, რატომ ეთრომბებოდა ფეხები, მაშინ, როდესაც სისხლში ყველაფერი ნორმაში ჰქონდა. არაერთი კვლევის ჩატარების შემდეგ ნათია ლიპარტელიანს საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და საკმაოდ ხანგრძლივი და რთული ოპერაციის ჩატარების საჭიროებაც დადგა.

ნათია ლიპარტელიანი:

„ფეხი დამეთრომბა, ოპერაცია რომ გავიკეთე კონტროლზე მივედი და ახლა მეორე ფეხი იყო დათრომბილი, არადა სისხლში ყველაფერი ნორმაში მქონდა. ვაგრძელებდი კვლევებს მიზეზის დასადგენად. ბოლოს გაკეთდა მარკერი და საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა, საჭირო იყო ოპერაცია, რომელზე პასუხისმგებლობასაც საქართველოში ვერავინ იღებდა. არჩილი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი რა მეშველებოდა, მითხრეს, „ნიუ ჰოსპიტალსში“ უძლიერესი ონკოგინეკოლოგი ჰყავთო და ასეც აღმოჩნდა, ექვსსაათ-ნახევრის განმავლობაში ვიყავი ნარკოზში, პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩამიტარა. ახლა კი, თავს მშვენივრად ვგრძნობ, 3 თვეში ერთხელ კონტროლზე დავდივარ.

​MOMSEDU.GE „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოგინეკოლოგს, ასოცირებულ პროფესორსა და მედიცინის დოქტორ არჩილ შარაშენიძეს ესაუბრა, ექიმს, რომელმაც ურთულესი ოპერაცია საკუთარ თავზე აიღო:

არჩილ შარაშენიძე: „ნათია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოიყვანა „ნიუ ჰოსპიტალსში“, ძლიერი სისხლდენის გამო ენდომეტრიუმი, ანუ საშვილოსნოს შიგნითა შრე იყო გასქელებული და ჰიპერპლაზირებული. იქიდან გამომდინარე რომ სისხლდენის მიზეზი იყო ჰიპერპლაზია, ჩაბარდა ონკომარკერები, რომლებიც მომატებული აღმოჩნდა და მე გამომიძახეს. გავაკეთე ბიოფსია, შედეგად კი ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაისვა. დავგეგმეთ კვლევები, ეს იყო მცირე მენჯის, მუცლის ღრუს მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა და გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია. შეფასებამ და კვლევებმა გვიჩვენა, რომ იყო ძალიან აგრესიული სიმსივნე. რადიკალური ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნო თავისი ყელით, საკვერცხეებით, საშოს ზედა მესამედით, მცირე მენჯის ლიმფურ კვანძებთან ერთად უნდა ამოგვეღო, რათა გავრცელება აგვერიდებინა.

- რაში მდგომარეობდა მთავარი სირთულე, რის გამოც ნათიას სხვა კლინიკები ოპერაციაზე უარს ეუბნებოდნენ?

არჩილ შარაშენიძე: „ნათიას ქვემო ღრუ ვენაში დიდი თრომბული მასები ჰქონდა, ამდენად ოპერაცია ანგიოლოგებთან ერთად ჩავატარეთ. ახალგაზრდა ქალზე ამხელა მასშტაბის ორი დიდი ოპერაცია, საკმაოდ რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო გახლდათ, აქ ხომ მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. გიგი ბრეგაძე იყო ამ საქმეში ჩართული და ერთად ნამდვილად კარგი შედეგი დავდეთ, მკურნალობის ტაქტიკამ გაამართლა.

რაც მთავარია, პაციენტი კარგად გრძნობს თავს. ნათია წელიწადზე მეტია გეგმიური დაკვირვების ქვეშაა და ბოლო გამოკვლევებით არანაირი პათოლოგია არ აღენიშნება.''

R. 

წაიკითხეთ სრულად