Baby Bag

„ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა. საქართველოში გეგმიური აცრების კალენდარი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ ითვალისწინებს. მოცემულ საკითხზე ინფექციონისტმა ნინო გაბისონიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა:

„ვაქცინა ადამიანს 95%-ით იცავს ჩუტყვავილასგან. მე საკუთარი შვილიშვილები აცრილი მყავს. საქართველოში არის კომერციული ვაქცინა და რეკომენდაციას ვიძლევი, რომ აიცრან ადამიანები. საკმაოდ ბევრი გართულება ახასიათებს ჩუტყვავილას."

ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა პედიატრმა თემურ მიქელაძემაც:

„ერთი წლიდან შესაძლებელია ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. თუ არის განსაკუთრებულად იმუნოკომპრომეტირებული პირები, რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყონ ვაქცინაცია. მე თვითონ ვარ იმუნიზაციის ტექნიკური საბჭოს წევრი და ბევრ ქვეყანაში არ შედის გეგმიურ კალენდარში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში. აქვე მინდა დავამატო, რომ გეგმიური ვაქცინაციის მომართვიანობაზე იყო კლება. არ უნდოდათ კლინიკაში პაციენტების მოყვანა. შესაბამისად 7-დან 9%-მდე იყო ვაქცინაციის კლება. აუცილებელია გეგმიური ვაქცინაციის დროულად ჩატარება. ვიმედოვნებ, რომ იმავე მოცვის მაჩვენებელს დავუბრუნდებით უახლოეს მომავალში.“

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ სამიდან ექვს თვემდე ასაკის ბავშვის ტემპერატურა 39 გრადუსია, მას სახლში არ ვტოვებთ,“ - პედიატრი შორენა ქართველიშვილი

„თუ სამიდან ექვს თვემდე ასაკის ბავშვის ტემპერატურა 39 გრადუსია, მას სახლში არ ვტოვებთ,“ - პედიატრი შორენა ქართველიშვილი

პედიატრმა შორენა ქართველიშვილმა ბავშვებში მაღალი ტემპერატურის დროს მშობლის ქცევის წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამ თვემდე ასაკის ბავშვი 38 ტემპერატურით სახლში არ უნდა დავტოვოთ:

​თუ ტემპერატურა აქვს სამ თვემდე ასაკის ბავშვს და ტემპერატურის ციფრი 38-ია, უკვე ბავშვს სახლში აღარ ვტოვებთ. თუ სამიდან ექვს თვემდე ასაკის არის ბავშვი და მისი ტემპერატურის ციფრი 39 გრადუსია, ესეც უკვე რისკის ჯგუფია, უკვე მასაც სახლში აღარ ვტოვებთ. არსებობს ასევე ცხელებასთან არსებული გაუწყლოვების სიმპტომები, რომელსაც აუცილებლად აფასებს ექიმი და ასეთ შემთხვევაში განიხილება მისი სტაციონარში გადაყვანა.“

შორენა ქართველიშვილის თქმით, როდესაც ტემპერატურა არ ექვემდებარება მედიკამენტებს, ბაქტერიულ ინფექციაზე უნდა ვიფიქროთ:

​თუ ტემპერატურა არ ექვემდებარება მედიკამენტებს და ხველაც ხანგრძლივდება, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ თანდართულ ბაქტერიულ ინფექციაზე და უფრო ალტერნატიულ, სხვა დიაგნოზებზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმის მიერ. არის ორი ჯგუფის პრეპარატი: პარაცეტამოლი და იბუპროფენი, ორივე პრეპარატის ერთად მიღება კატეგორიულად არ შეიძლება.“

„ჩვენ ხშირად მოგვმართავენ მშობლები და გვეუბნებიან: ჩემს შვილს ძალიან სუსტი იმუნური სისტემა აქვს. ძალიან ხშირია ასეთი მშობელი. ჩვენ ვეკითხებით, რამდენჯერ ავადობს ბავშვი წელიწადში. ის გვეუბნება, რომ დაახლოებით ოთხჯერ-ხუთჯერ. ჩვენ ვპასუხობთ, რომ მის შვილს ნამდვილად არ აქვს სუსტი იმუნური სისტემა. თუ ბავშვი წელიწადში რვაჯერ და ცხრაჯერ ავად ხდება და ეს ავადობა გრძელდება 7-დან 14 დღემდე, გაციებათა შორის პერიოდში კი ბავშვი ჯანმრთელია, ითვლება, რომ მისი იმუნური სისტემა აბოსლუტურად ნორმალურია,“ - აღნიშნულ საკითხებზე შორენა ქართველიშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად