Baby Bag

თბილისში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება

თბილისში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება

თბილისში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება. აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა დღეს პროექტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას პრემიერი, დედაქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.

ცენტრი 16 წელს გადაცილებულ აუტიზმის მქონე ადამიანებს მოემსახურება და რეგიონული მნიშვნელობის იქნება. ამ სივრცეში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის განთავსდება არამხოლოდ სასწავლო დაწესებულებები, არამედ 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯები და სოციალური საწარმოები.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ დღეს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, საქართველოში აუტიზმისცენტრის მშენებლობა იწყება.

„დარწმუნებული ვარ, რომ აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც, სხვა ქართველ მეწარმეებსაც: ჩემო მეგობრებო, უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.