Baby Bag

მოსწავლეები, რომლებიც ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ, ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდნენ

მოსწავლეები, რომლებიც ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ, ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდნენ

ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად რვა მოზარდი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, 18 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. 

დაშაველბულთაგან ერთ-ერთი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს. საავადმყოფოს მიმღების ექიმის, ირმა წაქაძის თქმით, 18 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან თბილისის საავადმყოფოში მრავლობითი ტრავმული დაზიანებით შეიყვანეს. პაციენტი ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ერთ-ერთი მოზარდის ბებია ზოია მატუა ამბობს, რომ ზუგდიდიდან თბილისში გადაყვანილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, სწორეს ეს ახალგაზრდა მართავდა მანქანას.

„ჩემს შვილიშვილს გატეხილი აქვს, ყბა, ცხვირი, მოტეხილი აქვს ხელ-ფეხი და ბარძაყი. როგორც ვიცი, თავის ტვინი და გულ-მკერდი არ არის დაზიანებული. ის მკურნალობას აქ, ზუგდიდის საავადმყოფოში გადის. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ელენთა ამოუღეს. კიდევ ერთს მძიმე დაბეჟილობა აქვს. როგორც მითხრეს, აქ მოთავსებულთაგან 6-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლასელები ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ, 20 მაისს ჰქონდათ. მანამდე კი გასართობად ანაკლიაში წასულან და მოხდა ეს შეემთხვათ“, - განაცხადა ზოია მატუამ.

რაც შეეხება ავარიისას დაშავებულ დანარჩენ მოზარდებს, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა.