Baby Bag

საქართველოში პური გაძვირდა

საქართველოში პური გაძვირდა

საქართველოში პური 5-10 თეთრთ გაძვირდა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ სააგენტო „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 32%-ით მოიმატა და დღეს 47-50 ლარი ღირს:

„გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით, პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას“ - განაცხადა დოლიძემ.

პურის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებით ახსნეს კომპანია „იფქლში,“ რომლის მიერ წარმოებული პური დღეიდან 10 თეთრით უფრო მეტი ეღირება. კომპანიის ინფორმაციით, ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

„მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან „იფქლის“ დასახელების პურეული საქართველოს მაღაზიებში შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში „იფქლი“ ფქვილის არსებული მარაგებისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე, პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა“, - განაცხადეს კომპანიაში.