Baby Bag

„განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის“ - განათლების მინისტრის მოადგილე

„განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის“ - განათლების მინისტრის მოადგილე
„კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას და საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სამინისტროს მიერ სკოლების შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია:

„მინდა მთელი სამინისტროს სახელით მწუხარება გამოვთქვა ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუთანაგრძნო მის ოჯახს. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას და საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, რათა მოგვეცეს საშუალება, რომ ვიმუშაოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც სამინისტროს გააჩნია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ეს არის ინსტიტუციების შეფასება და შემოწმება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. სამინისტრო ახორციელებს და კვლავაც განახორციელებს ნებისმიერი საჯარო სკოლის ინსპექტირებას იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შესაბამისი”, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.
როგორც ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში მინისტრის დაბარებაზე ჯერ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ:
„რაც შეეხება პარლამენტში დაბარების საკითხს, ჩვენ ჯერ ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ არ მიგვიღია. ყველა იმ პროცედურის დაცვით, რომელიც გულისხმობს მინისტრის თუ მთავრობის სხვა წევრის პარლამენტში მიწვევას, თუ იქნება დაცული, ბუნებრივია, მინისტრი თავის გრაფიკიდან გამომდინარე ამას გაითვალისწინებს“. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, მათ შორის სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ ის კითხვები, რომლის გარშემოც ხდება სამწუხაროდ, პოლიტიზირება, იქნას დროულად და სათანადოდ გაცემული პასუხი“, - აღნიშნა ლევან ხარატიშვილმა.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გუშინ, 9 დეკემბერს ​გარდაიცვალა. კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელია მტკიცებით, დედის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა. ბაჩანა შენგელია ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.