ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
არ გამოგრჩეთ! - 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია შაბათიდან (15 აგვისტოდან) დაიწყება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცახდებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ეკატრინე ტიკარაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რეგისტრაცია და განაცხადის შევასება არის სავალდებულო, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი, ეს ნიშნავს, რომ იგი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს:
„თუ არ შეავსო მშობელმა განაცხადი, ეს გვიდასტურებს მთავრობას, რომ იგი უარს აცხადებს ჩვენ მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე. აქედან გამომდინარე, რეგისტრაცია არის სავალდებულო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბავშვების სრული ბაზა, მთავრობას ესაჭიროება მშობლების ანგარიშის ნომერი, ასევე, თუ ვინ არის ბავშვის მეურვე, იმისთვის, რომ შევძლოთ და საჭირო თანხა ვხარჯოთ მიზნობრივად და ეს თანხა მივიდეს კონკრეტულად იმ ბავშვთან და მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება.