Baby Bag

თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს, შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანელ ბრიფინგზე სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. თუმცა როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.

„ამ ეტაპისთვის სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს არის ძალიან მტკივნეული, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე.

თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც ის არის დღეს, დღეს გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად