Baby Bag

პრემიერ-მინისტრი განათლების სფეროს მნიშვნელოვან რეფორმას აანონსებს

პრემიერ-მინისტრი განათლების სფეროს მნიშვნელოვან რეფორმას აანონსებს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში განათლების სფეროს შეეხება. ბახტაძის თქმით, განათლებაში სამჯერ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები:

„მე მისვამენ კითხვას, რა იქნება შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში. შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში იქნება განათლება. ყველაზე დიდი სიმდიდრე და კაპიტალი რაც საქართველოს აქვს, ეს არის ჩვენი ადამიანები და მოქალაქეები. საქართველოში არის ძალიან დიდი ნიჭი. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აღმოჩნდა ისე, რომ განათლების სექტორის დაფინანსება იყო ყველაზე მცირე. ეს გახლდათ ძალიან სამწუხარო ტენდენცია, რომელიც უაღრესად ნეგატიურად აისახა ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ.

2019 წელს ჩვენ დავიწყებთ რეფორმას, რომელითაც სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში. ანუ განათლების სექტორს ექნება მინიმუმ 10-11%-იანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამჯერ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები განათლებაში.

ჩვენ შევიმუშავეთ რეფორმა, რომლის მიხედვითაც, გამოვყავით 5 დონე: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ამ ხუთივე დონეზე ხარჯავდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%–ს. სწორედ ეს არის გამოსავალი და გზა, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა იქნება ყველა ძირითადი პრობლემის დაძლევის გზა. ეს რეფორმა მოიტანს იმ სულისკვეთებას, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს სრულიად განსხვავებული და დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის თვასაზრისით... მხოლოდ განათლების რეფორმით ამ პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ, თუმცა, ეს რეფორმა უნდა იყოს ამ ამოცანების გადაწყვეტის მთავარი ლოკომოტივი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

წაიკითხეთ სრულად