კოვიდინფიცირებული პაციენტი კატერინა მიქელაძე სოციალურ ქსელში იმ კლინიკაში არსებულ სიტუაციას აღწერს, სადაც თავად მკურნალობს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
,,უმძიმესი პაციენტი მოიყვანა სასწრაფომ, ადგილი არ არის და ვერ ღებულობენ. საშინელი ამბავია გარეთ, პაციენტის პატრონი ანგრევს ყველაფერს, კლინიკის ექიმები გიჟებივით დარბიან, გაუტანეს ჟანგბადი და სასწრაფოს მანქანაში ასუნთქებენ. ძალიან მძიმე მოსასმენია სასოწარკვეთილი ადამიანების მუდარა, დერეფანში მაინც შეიყვანეთ და გადამირჩინეთო.
ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ. პირველი ეტაპის ინფიცირებულები 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაარიგეს და მეორე ეტაპის პაციენტებს საავადმყოფოებში ვერ აწვენენ. საშინლად მძიმე დღეშია მედპერსონალი, ძალიან მეცოდებიან. ვწვები და ბალიშს ვიფარებ სახეზე, მსუბუქი პნევმონია მაქვს და სტაბილური ვარ. გაიდლაინით ჯერ არ მეკუთვნის კლინიკის დატოვება. ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის. სრულ კოშმარში ვარ და თან მრცხვენია, თან მეშინია,'' - აღნიშნავს კატერინა მიქელაძე.
„ამ ქვეყნის ჩაკეტვის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ. თქვენ გინდათ, რომ ეს ქვეყანა ჩაიკეტოს?“ - გიორგი ფხაკაძე
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებული შეზღუდვები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩაკეტვის მომხრე არ არის:
„რა აზრი აქვს ამ შეზღუდვებს? ეს არის „პაკაზუხობა." საქართველოში არის „პაკაზუხა“ შეზღუდვები. თუ აკეთებ, გააკეთე. თუ არ გაქვს ამის თავი, უთხარი ადამიანებს, რომ ვერაფერს ვერ აკეთებ. სახელმწიფო გეუბნებათ, თავში ქვა გიხლიათო. სახელმწიფომ მიაგდო საქართველოს მოქალაქეები. ჩემზე უკეთესად იციან, რა არის გასაკეთებელი.“
გიორგი ფხაკაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა, რათა ქვეყნის ჩაკეტვის რისკი თავიდან ავიცილოთ:
„ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ქვეყნის ჩაკეტვის საშუალება არავის არ მივცეთ. თქვენ გინდათ, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს? მე არ მინდა! ეს ქვეყანა რომ არ ჩაიკეტოს, უნდა ავიცრათ ფაიზერით და მორჩა! რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლები ამოჰყოფს თავს რეანიმაციულ განყოფილებაში. ვერ იტყვიან, რომ ქვეყანა უნდა ჩაკეტონ.“
„ჩაკეტვა, ალბათ, ვიღაცას აწყობს. მე არ ვიცი, საღ ადამიანს ვის შეიძლება აწყობდეს ქვეყნის ჩაკეტვა?!“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.