Baby Bag

ეს დახმარების კარგი პაკეტია და გაგრძელდება 2021 წელსაც

ეს დახმარების კარგი პაკეტია და გაგრძელდება 2021 წელსაც
კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კარგი პროგრამაა და იგი შეტანილია მომავალი წლის ბიუჯეტის საკომპენსაციო პაკეტებში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დახმარების აღნიშნული პროგრამა, ძირითადად, ფარავს ყველა მიზნობრივ ჯგუფს, ამავე დროს, როგორც მიმდინარე წელს, ჩადებულია მექანიზმი, რომ ვისაც მსგავსი დახმარება არ სჭირდება, შეუძლია განაცხადით დააფიქსიროს ეს და ამ შემთხვევაში მათი კომუნალური ხარჯები არ ანაზღაურდება.

„პროგრამა დაიწყო ნოემბრიდან და ჯამში ფარავს ოთხ თვეს: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს პროგრამა იქნება საკომპენსაციო პაკეტებში,“ - აღნიშნა მან.

სხვა სოციალურ და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება საზოგადოებას.

„ამჟამად, ვმუშაობთ დახმარების მეოთხე ფაზაზე. როგორც იცით, ჩვენ მიმდინარე წელსაც საკმაოდ ფრთხილად და ღრმა ანალიზის შედეგად ვიღებდით გადაწყვეტილებებს თუ რა პროგრამა უნდა შემოგვეღო, რადგან რესურსებიდან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიუჯეტისთვის. შეგიძლიათ გადახედოთ და გაიხსენოთ, რა მოცულობის თანხებზე იყო ჯამში საუბარი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიზნობრიობა და მინიმალური დანაკარგი. ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ არის პროგრამა, რაღაც ტიპის დანაკარგი რომ არ ახლდეს. შესაბამისად, ჩვენ დაგვიგროვდა გამოცდილება და არსებული პაკეტებიდან შევარჩევთ ისეთს, რომელმაც ყველაზე უფრო ეფექტურად იმუშავა. ამ პაკეტებს განახლებულ ბიუჯეტში უახლოეს მომავალში იხილავთ. პრაქტიკულად, გვაქვს მონახაზი, თუმცა ბოლო მომენტანდე ვიტოვებთ იმის თავისუფლებას რომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ცნობილია, ვინ ისარგებლებს 100-ლარიანი დახმარებით

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს დახმარება ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 65 000 და 100 000 ქულას შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ეს მოსახლეობის ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომლებიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულების სამსახურის დაკარგვის, ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირების შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამიტომ ჩვენ ვაახლებთ ამ პროგრამას და 65 000-დან 100 000 ქულამდე მქონე ყველა ოჯახს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა.

გარდა ამისა, დამატებით, 0-დან 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავს სამი ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ექნება 100 ლარის დახმარება. გარდა ამისა, 18-წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 000 ადამიანს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად