ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მიდის გლობალური ომი და ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, თავით- ფეხებამდე ჩართულია ამ ომში, მიკროსამყაროსთან ომში.
ომის დროს დამახასიათებელია ადამიანების (ყველა დონეზე-ქვეყნების, სოფლის, თუ უბნის) ტრადიციების, ჩვევების შეჩერება-ან, ზოგჯერ, მივიწყებაც კი! ყველა ამჩნევთ, რომ მისალმებისას უკვე არავინ არსად არ ართმევენ ხელს, არაა მისასალმებელი ხვევნა - კოცნა (ჩვენშიც გავრცელებული იყო).
მათთვის, ვისაც კიდევ აქვს ეჭვები ომთან დაკავშირებით, ვეტყვი: ისეთი გააფთრებული ომია, რომ ქართველები იძულებული ვართ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მიცვალებულთა ამქვეყნიურად უკანასკნელი პატივგების ძალიან მყარი ტრადიციებიც კი შევაჩეროთ! თითქმის ყველა გარდაცვლილი, კოვიდით დაავადებული, იმარხება უმოკლეს დღეებში. ძალიან ხშირად - იმავე დღესაც! ისეთ ადამიანებს ვკრძალავთ ყოველგვარი პანაშვიდების, ქელეხების და სათანადო დატირების გარეშე, რომლებიც თავად იყვნენ აუარება ჩვენთაგანის მეოხი მსგავს შემთხვევებში... და ეს სრულიად გასაგებია ახლა, იმიტომ რომ ომია!! არაა დრო ჩვეულებების..
არაა დრო ბევრი რამის.. რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით უნდა გამოვიდეთ ამ ომიდან. ჩემი აზრით, არც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების შეჩერებაა სწორი. გადავიაროთ ერთი ახალი წელი შედარებით მოკრძალებით, როგორც ომიანობას შეჰფერის.
გავრცელების ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ!
მკურნალობაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური - პროფილაქტიკაა!'' - აღნიშნავს დავით გადელია.
„ბავშვს ორივე ფილტვი ჰქონდა გათიშული... სასწაული მოხდა, ამდენი ბრძოლის შემდეგ კოვიდი დავამარცხეთ,“ - პატარა ნიკოლოზის გამოჯანმრთელების საოცარი ისტორია
პატარა ნიკოლოზის დედა ბავშვის კოვიდისგან გამოჯანმრთელების საოცარ ისტორიას გვიყვება, რომელსაც თვითონ სასწაულს უწოდებს:
„ბავშვი თვის და ათი დღის იყო, როდესაც კოვიდი დაემართა. გადავედით კლინიკაში. იქ დავყავით 9 დღე და გაუარესდა მდგომარეობა. შემდეგ გადავედით ციციშვილის კლინიკაში. მეორე დღეს აუცილებელი გახდა ბავშვის აპარატზე გადაყვანა. ორივე ფილტვი ჰქონდა გათიშული. მესამე დღეს მითხრეს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა ბავშვს. სიცოცხლის კვალი არ ჰქონდა. ბავშვზე იყო დამოკიდებული რას შეძლებდა და რამდენ ხანს შეძლებდა აპარატზე ყოფნას.“
ნიკოლოზის დედის თქმით, ბავშვთან მისი მოძღვარი, მამა ალექსი ავიდა, რის შემდეგაც ჩვილის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა:
„სასწაული მოხდა... არ ვიცი ეს რა იყო. ბოლოს ჩემი მოძღვარი, მამა ალექსი იყო ბავშვთან ასული. რომ ჩამოვიდა, მითხრა ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. მართლაც რომ ავედი, ექიმები იცინოდნენ. ეს სასწაული იყო. ნიკოლოზს თვალები ჰქონდა გახელილი. ეს იყო რაღაც საოცრება. 23 დღე ნიკოლოზი აპარატზე იყო შეერთებული. ამდენი ბრძოლის შემდეგ დავამარცხეთ კოვიდი. ბავშვმა რომ გაიღვიძა, მარტო თავს ამოძრავებდა. ხელ-ფეხი წართმეული ჰქონდა. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ამოძრავდა. ბოლოს პედიატრთან რომ ვიყავით, გვითხრა, რომ უკვე თავის ასაკს დავეწიეთ. ერთი წელი უნდა მოვუფრთხილდეთ ძალიან. არ უნდა გამიცივდეს.“
„ჩემი შვილი მივიდა მამასთან და უთხრა, არ შეიძლება ღმერთმა მე რომ წამიყვანოსო?! მე უკვე დიდი ვარ, მამასთანაც ვიყავი, დედასთანაც, ყველაფერი ვნახეო, ნიკოლოზი ხომ პატარააო. მერე ვიფიქრე პირველ შვილზე. უკვე დავიწყებული მყავდა სანდრო,“ - აღნიშნულ საკითხზე პატარა ნიკოლოზის დედამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.