ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მიდის გლობალური ომი და ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, თავით- ფეხებამდე ჩართულია ამ ომში, მიკროსამყაროსთან ომში.
ომის დროს დამახასიათებელია ადამიანების (ყველა დონეზე-ქვეყნების, სოფლის, თუ უბნის) ტრადიციების, ჩვევების შეჩერება-ან, ზოგჯერ, მივიწყებაც კი! ყველა ამჩნევთ, რომ მისალმებისას უკვე არავინ არსად არ ართმევენ ხელს, არაა მისასალმებელი ხვევნა - კოცნა (ჩვენშიც გავრცელებული იყო).
მათთვის, ვისაც კიდევ აქვს ეჭვები ომთან დაკავშირებით, ვეტყვი: ისეთი გააფთრებული ომია, რომ ქართველები იძულებული ვართ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მიცვალებულთა ამქვეყნიურად უკანასკნელი პატივგების ძალიან მყარი ტრადიციებიც კი შევაჩეროთ! თითქმის ყველა გარდაცვლილი, კოვიდით დაავადებული, იმარხება უმოკლეს დღეებში. ძალიან ხშირად - იმავე დღესაც! ისეთ ადამიანებს ვკრძალავთ ყოველგვარი პანაშვიდების, ქელეხების და სათანადო დატირების გარეშე, რომლებიც თავად იყვნენ აუარება ჩვენთაგანის მეოხი მსგავს შემთხვევებში... და ეს სრულიად გასაგებია ახლა, იმიტომ რომ ომია!! არაა დრო ჩვეულებების..
არაა დრო ბევრი რამის.. რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით უნდა გამოვიდეთ ამ ომიდან. ჩემი აზრით, არც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების შეჩერებაა სწორი. გადავიაროთ ერთი ახალი წელი შედარებით მოკრძალებით, როგორც ომიანობას შეჰფერის.
გავრცელების ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ!
მკურნალობაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური - პროფილაქტიკაა!'' - აღნიშნავს დავით გადელია.
,,თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს” - „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური მენეჯერი
,,თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაცია სასწავლო პროცესის დასაწყებად აუცილებელი პირობაა.
„ხვალ-ზეგ სწავლა იწყება. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება და ის საკლასო ოთახში შევა, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის არის სოციალურად საშიში ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ვიცით, რომ „დელტა“ ვირუსი ერთერთი ისეთი ვირუსია, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას იწვევს.
ვაქცინაცია სასწავლო პროცესის დასაწყებად აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია: იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის თუ უნივერსიტეტების პედაგოგი, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. ვთვლი, რომ მთელი „სტაფი“ უნდა იყოს აცრილი, აქ შედის ტექნიკური პერსონალი, დარაჯი და ა.შ.“ – განაცხადა დევი ტაბიძემ.