ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტელევიიზიით გაკეთებულ განცხადებას - ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" ეხმიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" და რომ თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი.
სინამდვილეში, ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე. ანუ ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს. მეტიც, შეიძლება, კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი.
უსიმპტომო მიმდინარეობა არის სწორედ რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმა. შეგახსენებთ, რომ კოვიდის მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მსუბუქი, საშალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული.
აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაიტანენ კოვიდს და შემდეგ დიდხანს PCR ტესტი რჩებათ დადებითი. ასეთ დროს, როგორც ვიცით, ტესტი უბრალოდ იჭერს ვირუსის ფრაგმენტებს და ასეთი ადამიანი აღარ არის დაავადებული და არც გადამდები.
თითქოს ამ განმარტებებს დიდი მნიშვნელობა ადამიანებისთვის არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზემოხსენებულმა განცხადებამ რატომღაც ძალიან ბევრი კითხვები და პოლემიკა გამოიწვია. ამიტომ გამოვეხმაურე,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„უფრო მეტი პანიკაა და ქაოსი, შედეგი უკეთესი გვაქვს,” - ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ის ასაკობრივი კატეგორია დაასახელა, რომელსაც კოვიდ-19-ით ინფიცირებისას დამძიმების ყველაზე მეტი რისკი აქვს:
„კოვიდ-19-ის დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია ასაკზე. მე პაციენტების სტატისტიკაც კი ჩავატარე, ასაკის, ქრონიკული დაავადების კორელაცია შევამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ 55 % იმ პაციენტების, ვინც დამძიმდა, დაიღუპა ან რეანიმაციაში მოხვდა, იყო 71 წელზე მეტი ასაკის. ჩემს კლინიკაში ძალიან მცირე პროცენტი დაიღუპა ახალგაზრდა ასაკის. უფრო მეტი პანიკაა და ქაოსი, ჩვენ უკეთესი შედეგი გვაქვს.“
ლევან რატიანმა მოსახლეობა დაამშვიდა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირება განგაშის საფუძველი არ უნდა იყოს:
„ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ლეტალური შემთხვევები იყოს. თუ მივყვებით პანდემიის მართვის პროტოკოლს, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს კოვიდ-19-ის დაავადების ჩამოყალიბებას. დაავადება სხვა რამ არის და ინფიცირება სხვა. ადამიანების დიდი პროცენტი არის ინფიცირებული, მაგრამ არ არის დაავადებული. დაავადებულები არიან დაახლოებით 20 %. ისინი შეიძლება იყვნენ საშუალო სიმძიმის, მძიმე, კრიტიკული,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.