„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით“ - მიხეილ ჩხენკელი
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღევანდელ ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მისი მოადგილე თამარ გაბუნია და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა:
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ემსახურება უმთავრეს მიზანს, ჩვენი პედაგოგების, ჩვენი შვილების, მოსწავლეების ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ეს არის მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.