„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
,,ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები დაემატება''
ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები დაემატება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები ჩაერთვებიან:
„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში. კერძოდ კი, 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა.
ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, 1525-ზე მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას.
სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ, 25 რიცხვის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ. ეს არის ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ დღეს მიიღი,“ - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.