„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
რომელ ქალაქებში როდიდან აღდგება ტრანსპორტის მუშაობა - მთავრობის გადაწყვეტილება
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.