„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
შეიძლება თუ არა გამოჯანმრთელებული ადამიანი აღმოჩნდეს ინფექციის წყარო?
შეიძლება თუ არა გამოჯანმრთელებული ადამიანი აღმოჩნდეს ინფექციის წყარო? - ამ და კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ კითხვებს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი პასუხობს.
როგორც ხათუნა ზახაშვილი აღნიშნავს, ანტისხეულების ჩამოყალიბება იწყება კორონავირუსის დაწყებიდან 3-7 კვირის განმავლობაში და ის გამოიხატება რამდენიმე ტიპის ანტისხეულების არსებობაში, რაც ორგანიზმში ვირუსის ნეიტრალიზაციას უზრუნველყოფს.
„სწრაფი ტესტებით შეიძლება შეფასდეს, თუ რამდენად ჩამოყალიბდა ადამიანის სხეულში ანტისხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ. ასევე არსებობს მეორე ვარიანტი - ელაიზას მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ანტისხეულების შემოწმება,“ - დასძინა ხათუნა ზახაშვილმა.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ვირუსისგან ორგანიზმის დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს დაცვა ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
„დღეს არსებული კვლევებით, დაავადების გადატანიდან 8 თვის თავზეც კი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება, შენარჩუნებული იყოს ანტისხეულები და მას ჰქონდეს დამცველობითი უნარი. თუ ადამიანი ერთხელ გადაიტანს ვირუსს, მას covid-19 მეორედ არ დაემართება ისევ და ისევ კვლევის საგანია, ამის მტკიცებულება ჯერ არ არსებობს. დასაშვებია ადამიანებმა მეორედ გადაიტანონ ვირუსი, თუმცა ასეთი ფაქტი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. კოვიდგადატანილმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ატარონ ნიღაბი და დაიცვან რეკომენდაციები,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.