Baby Bag

,,თუ გინდათ, რომ პანდემია მალე დასრულდეს, როცა ვაქცინაციის შანსი გექნებათ არ გაუშვათ ხელიდან!''

,,თუ გინდათ, რომ პანდემია მალე დასრულდეს, როცა ვაქცინაციის შანსი გექნებათ არ გაუშვათ ხელიდან!''

კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტი ცოტნე ჩიტიაშვილი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა, სოციალურ ქსელში ვაქცინის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ​​MomsEdu.ge​ მას უცვლელად გთავაზობთ:

,,დავიწყებ იმით, რომ დღეს მე ძალიან გამიმართლა კოვიდის ვაქცინა რომ შემხვდა. ერთადერთი მიზეზი,თუ რატომ მოხდა ეს, არის ის, რომ ჩვენი დეპარტამენტი UCLA-ს სამედიცინო სკოლის ნაწილია. უნივერსიტეტის დიდი ნაწილი ისევ ელოდება თავის რიგს.

მოკლე შინაარსი: თუ გინდათ, რომ პანდემია მალე დასრულდეს, როცა ვაქცინაციის შანსი გექნებათ არ გაუშვათ ხელიდან!

ახლა ცოტა გრძლად:

ეს ვაქცინები ისე სწრაფად გააკეთეს, საშიში ხომ არ იქნება გამოყენება?

- ჩვენ რომ ვიყოთ 2000-იანი წლების დასაწყისში, ეს ნამდვილად იქნებოდა სამართლიანი კითხვა, თუმცა ხშირად მედიაში არ ლაპარაკობენ იმაზე, რომ დღევანდელი მოლეკულური ბიოლოგიის და ბიომედიცინის მიღწევები საშუალებას გვაძლევს მაგ.

1) გავშიფროთ ადამიანის (ან ვირუსის) გენომი 24 საათზე ნაკლებ დროში, რასაც 10 წელზე მეტი დაჭირდა 90-იანების ბოლოდან 2000-იანების დასაწყისში, როცა ადამიანის გენომის პროექტი მიმდინარეობდა და მილიარდობით დოლარი დაჯდა. დღეს ადამიანის სრული გენომის გაშიფრვა შეიძლება ~$800 ღირდეს.

2) მოლეკულური კლონირება (ვირუსული ვექტორების შესაქმნელად) და თუნდაც რნმ-ის სინთეზი ბევრად სწრაფად და იაფად არის შესაძლებელი დღეს ვიდრე 5-10 წლის წინ.

3) კომუნიკაცია სამეცნიერო წრეებს შორის, ვირუსული გენომების გაშფრვა და გამოქვეყნება ხდება ძალიან სწრაფად და თითქმის ყველას აქვს წვდომა ამ ყველაფერზე.

ეს ძალიან მარტივი მაგალითები და სხვა ფაქტები განაპირობებს ამ ვაქცინების წარმატებით შექმნას წელიწადზე ნაკლებ დროში. ასე რომ, სისწრაფე ცუდი არ არის ამ შემთხვევაში. ეს მიღწევები, რომლებზეც სამეცნიერო წრეები წლობით მუშოაბენ, ტყუილად არ იკარგება.

რომელი ვაქცინა გავიკეთე? და მქონდა თუ არა არჩევანის საშუალება?

- მე დღეს შემხვდა მოდერნას ვაქცინა ანუ რნმ ვაქცინა. ამჟამად არჩევანის საშუალება არ არის და კიდევ დიდი ხანი ვერ იქნება, რადგან ჯერ ვაქცინების რაოდენობა ძალიან მცირეა.

რა ხდება ახლა ჩემს ორგანიზმში?

-რნმ მოლეკულები, რომლებიც ვაქცინაციისას მოხვდა ჩემს ორგანიზმში, აღწევს კუნთის უჯრედებში, რომლებიც რნმ-ს "გადათარგმნიან" ცილად, კერძოდ, "სპაიკ" ცილად, რომელსაც კორონავირუსი იყენებს ჩვენი უჯდრედის რეცეპტორებთან დასაკავშირებლად. შესაბამისად, ჩემი ორგანიზმი ამ ცილას აღიქვამს, როგორც "უცხოს" და წამოქმნის ანტისხეულებს, რომ მერე დამიცვას თუ ვირუსი შემეყრება.

გვერდითი ეფექტები თუ აქვს და გრძელვადიანი რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს? შემიცვლის გენომს ეს ვაქცინა?

- ვაქცინის მიღებიდან 12 საათზე მეტი გავიდა დღეს, არ მაქვს თავის ტკივილი, არც სიცხე; უბრალოდ ვგრძნობ ნანემსარ ადგილს და კუნთი არის ოდნავ შეშუპებული. თუმცა გამაფრთხილეს, რომ დაბალი სიცხე, თავის ტკივილი ან დაღლილობა შეიძლება გამოიწვიოს.

- რნმ ვაქცინა გენომს ვერანაირად ვერ შეგვიცვლის. რნმ ვერ ინტეგრირდება ჩვენს გენომში. ადამიანებს უბრალოდ არ გვაქვს ისეთი ცილები, რომლებიც რნმ მოლეკულას გადათარგმნის დნმ-ად და მერე კიდევ გენომში მოხდეს ინტეგრაცია. იგივე შეიძლება ითქვას ადენოვირუსულ ვაქცინებზე (მაგ. ასტრაზენეკა და ჯონსონ&ჯონსონი). ეს ადენოვირუსული ვაქცინები ისეა შეცვლილი, რომ ადენოვირუსი ვერ გამრავლდება ჩვენს უჯრედში და ვერც ინტეგრირდება გენომში.

- მედიაში ბევრგან დაიწერა, რომ ვაქცინაციამ რამდენიმე ადამიანში გამოიწვია ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსიური შოკი. ჟურნალისტებმა ოღონდ პროვოკაციული რამე დაწერონ მეტი არაფერი უნდათ. ბევრი სტატიის სათაურის მეტს არაფერს კითხულობს. ყველაზე მნიშვნელოვანია სიხშირე ამ ანაფილაქსიური შოკის, თორემ ბევრ ადამიანში მას მიწისთხილის კარაქიც იწვევს.

- 19 იანვრის მონაცემებით ამერიკაში მოდერნას ვაქცინისგან ანაფილაქსიური შოკის შანსი არის 2.1/1 მილიონში და პფაიზერის 6.2/1 მილიონში. სულ დაფიქსირებული 60 ანაფილაქსიური შოკის შემთხვევიდან (ორივე ვაქცინის ერთად) არავინ გარდაცვლილა. თუმცა, სიფრთხილიდან გამომდინარე, CDC რეკომენდაციაა დღეს, რომ თუ ძლიერი ალერგიის ისტორია აქვს ადამიანს, განსაკუთრებით, ვაქცინებზე არ უნდა აიცრან!


რომელი ვაქცინა ჯობია? რომელი ფირმის?

- დღეს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ვაქცინაა დამტკიცებული. მაგ. ამერიკაში მხოლოდ პფაიზერის (რნმ ვაქცინა) და მოდერნას (რნმ ვაქცინა) ვაქცინებია დამტკციცებული. ინგლისში: პფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა (ადენოვირუსული). ამ სამი კომპანიის ვაქცინების ეფექტურობა და კლინიკური გამოცდის შედაგები გამოქვეყნებულია რეცენზირებულ ჟურნალებში და ყველას შეუძლია ნახოს.

- დღეს გამოქვეყნდა კიდევ ნოვავაქსის ინგლისში ჩატარებული კლინიკური გამოცდების შედეგი და, სავარაუდოდ, მასაც მალე დაამტკიცებენ.

- ჩასწორება: დღეს გამოაქვეყნა ჯონსონ&ჯონსომაც კლინიკური გამოცდების შედეგი, სადაც 40000 ადამიანზე მეტი აცრეს და 85% ეფექტურობის დონე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. კიდევ ამ ვაქცინის მთვარი უპირატესობა არის ის, რომ მხოლოდ ერთი აცრაა საჭირო; ყველა დანარჩენი პფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა 2 აცრაა 3-4 კვირის ინტერვალით. ჯონსონ & ჯონსოსნის ვაქცნიაც ადენოვირუსულ ტექნოლოგიაზეა დაყრდნობილი და შესაძლებელია ძალიან ბევრი დოზის სწრაფად წარმოება.

წყარო მარტივი ენით: https://www.sciencemag.org/.../one-dose-covid-19-vaccine...

,,ნიუ იორკ ტაიმს”-ს აქვს მარტივი ენით და ილუსტრაციებით კარგად შეჯამებული სხვადასხვა ვაქცინები და მათი მოქმედების პრინციპები


 არჩევანი რომ მქონდეს, რომელ ვაქცინას გავიკეთებდი?

- ყველა სამეცნიერო თუ არასამეცნიერო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაზეც მაქვს წვდომა, დღეს რომ მქონოდა არჩევანი გავიკეთებდი: პფაიზერის, მოდერნას ან ასტრაზენეკას ვაქცინებს. ასევე როცა ჯონსონ & ჯონსონის და ნოვავაქსის შედეგები გამოქვეყნდება და ავტორიზაციას გაივლის ამათაც გავიკეთებდი. დღეს, მაგალითად, არჩევანის საშუალება ამერიკაში არ არის და ეს ასე იქნება ბევრ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში სანამ ვაქცინის დოზების რაოდენობა არ გაიზრდება.

უკვე მაკონტროლებს თუ არა ბილ გეითსი?

- ჯერ ვერ ვიჭერ სიგნალს,  მაგრამ ეს კითხვა თუ სერიოზულად ვინმეს უჩნდება, ჩემი კონტროლი თუ ვინმეს უნდა ისედაც მაკონტროლებს ტელეფონით ან კომპიუტერით, და არა მგონია ჩიპის დახარჯვად ვღირდე...

- რომ დავიცვა ჩემი თავი, ჩემთვის საყვარელი ადამიანები და ყველა ადამიანი ჩემს ირგვლივ ვინც მაღაზიაში, სამსახურში, ქუჩაში შემხვდება და რომ მალე მორჩეს პანდემია!

რა შეიძლება მოხდეს თუ ბევრი ადამიანი უარს იტყვის აცრაზე?

- რაც უფრო მეტ ხალხს შეეყრება ვირუსი, მეტი შანსია რომ მოხდეს მისი მუტირება. უკვე ვხედავთ, რომ არის შტამები ინგლისიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ბრაზილიიდან, რომლებიც კიდევ უფრო მარტივად ვრცელდება. ინფიცირების დონე თუ არ შემცირდა, შტამების რიცხვიც გაიზრდება და არის შანსი იმისა, რომ დღევანდელი ვაქცინებიც დაკარგავს ეფექტურობას. ამიტომ არის აუცილებელი პირბადის ტარება, ჰიგიენის დაცვა, დისტანცირება და გრძელვადიანი დაცვისთვის ვაქცინაცია.

რატომ ვწერ ამ ყველაფერს აქ?

- ძირითადად მინდა იმ ხალხმა, ვინც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, ნახოს, რომ მე როგორც ადამიანს, რომელსაც პირდაპირი ყოველდღიური შეხება მაქვს იმ ტექნოლოგიებთან, რომლებმაც განაპირობა ამ ვაქცინების სწრაფი შექმნა, სამეცნიერო წრესთან და წვდომა მაქვს ინფორმაციასთან (რომელთანაც ასევე ყველა ადამიანს აქვს), ვენდობი ამ ყველაფერს და დღეს როცა მომივიდა წერილი ყველაფერი დავყარე და გავიქეცი ასაცრელად.

პ.ს. ხო სურათში სამი პირბადე მიკეთია, უცნაური რეგულაციები აქვს ჩვენს ჰოსპიტალს,'' - აღნიშნავს ცოტნე ჩიტიაშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა, არის კარგი, ამიტომ, რაც იქნება, იმით ავიცრათ,“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „სხვა შუადღეში“ კორონავირუსის შემთხვევების მატებას ეხმიანება და აცხადებს, რომ, შესაძლოა, მოვლენები სხვადასხვაგვარად განვითარდეს:

„კორონავირუსის შემთხვევების გააქტიურება ორ რამეზე მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი ან სტაბილიზაციისკენ წავა, ან შეიძლება მოხდეს ის, რასაც ყველა ისედაც ველოდით და დაიწყოს აღმავლობა, იმიტომ, რომ ეს ვნახეთ ძალიან ბევრ ქვეყანაში. 45 ყურს გვჭრის, მაგრამ ეს რეალურად ძალიან პატარა ციფრია, თუ შევადარებთ სომხეთის, თურქეთის ან აზერბაიჯანის სტატისტიკას. ჩვენ მივეჩვიეთ, დიდი კომფორტი იყო ჩვენთვის, რომ ერთეული შემთხვევები იყო. შეიძლება ეს დასტაბილურდეს."

მაია ბუწაშვილის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების კლება გამოცდილების დაგროვებით არის გამოწვეული:

„კორონავირუსთან ბრძოლაში გამოცდილება დაგროვდა, მეტი ინფორმაცია არსებობს, მართვა უკეთესი გახდა. სამწუხაროდ, ვირუსის ბუნების ცვლილებასა და შესუსტებაზე ლაპარაკი არ არის. ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ გარდაცვალების პროცენტი მცირდება, მაგრამ ეს გამოიწვია ტესტირების გაფართოებამ. ადრე ტესტირება უტარდებოდათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სიმპტომები ჰქონდა, ვინც სტაციონარში ხვდებოდა. მათ შორის გართულებების რიცხვი უფრო მაღალი იყო. ამჟამად ტესტირება ყველა ქვეყანაში გაფართოებულია, მათ შორის, ფართო მასების ტესტირებაც ხდება. ვირუსის გამოვლენა გაუმჯობესებულია, რის გამოც გართულებების პროცენტი მცირდება. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ვირუსი შესუსტდა. ექიმებმაც ბევრად უკეთ ისწავლეს ვირუსის მართვა.“

ინფექციონისტის თქმით, კორონავირუსის გადადების ყველაზე მეტი შემთხვევა ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება:

„საოჯახო მჭიდრო კონტაქტების შემთხვევაში ინფიცირდება 30-დან 50 %-მდე, სუფრაზე შეხვედრით, ახლოს ჯდომისას, 7-დან 10 % -მდე, მაღაზიაში საყიდლებზე ყოფნისას არაუმეტეს 1 % -ისა. ზომიერება ყოველთვის უნდა დავიცვათ. მე არასდროს გამირეცხავს სახლში მიტანისას შეფუთვები. კარგია ჰიგიენის წესების დაცვა, მაგრამ ექსტრემალურ მდგომარეობაში ვიყავით გადასულები. პანიკამ ბევრი დადებითი შედეგი მოგვცა, მაგრამ ბევრი ნევროზულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ყოველდღე პალტოებს რეცხავდნენ, ადეზინფიცირებდნენ. ეს აბსურდია. ზომიერება ამიტომაც არის საჭირო. რაღაც ვადების მერე ადამიანი ამას ვეღარ უძლებს და ყველაზე საჭირო დროს სრული მოდუნება ხდება. შეიძლება ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ ეს ყველაფერი. ევროპაში შეეგუენ კოვიდთან თანაცხოვრებას. იქ შემთხვევები ბევრია, მაგრამ ლეტალური შედეგი, საბედნიეროდ, უკვე ძალიან მცირეა.“

მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპამ უკვე ისწავლა ვირუსის მართვა:

„ევროპაში ძირითად მოწყვლად ჯგუფებში ვირუსმა უკვე გაიარა. რეანიმატოლოგებმა უკეთ ისწავლეს დაავადების მართვა, იციან, როდის უნდა გადაიყვანონ პაციენტი მართვით სუნთქვაზე და როდის - არა. ეს არ არის ტიპიური ვირუსი, არ აქვს ტიპიური მიმდინარეობა და რა თქმა უნდა, პრაქტიკა დაგროვდა.“

„სიმპტომებით ჩვეულებრივ გრიპს და კოვიდს ერთმანეთისგან ვერ განვასხვავებთ. საბედნიეროდ, არსებობს ტესტირება. ეპიდემიის კერაში ნამყოფი ადამიანის ტესტირებას სახელმფიწო პროგრამა აფინანსებს. რამდენიმე ვაქცინა მესამე ფაზაშია, ორი ფაზა წარმატებით გაიარა. არსად იქნება ჯერჯერობით რუსული ვაქცინა, რომელიც თითქოს დასრულდა, მაგრამ მასზე არ არის საკმარისი ინფორმაცია. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მან წარმატებით გაიარა გამოცდა. ეს ვაქცინა ჰაერშია გამოკიდებული, ეს ფაზები გავლილი არ აქვს. ჯამში ოთხი ვაქცინაა ძალიან კარგ პოზიციებზე. მათგან მინიმუმ ერთი მაინც დაასრულებს კარგად. წელს ყველა ქვეყანა მობილიზებულია, რომ სტანდარტული გრიპის ვაქცინები ცოტა ადრე შემოიტანოს. როგორც კი გაჩნდება გრიპის ვაქცინები, მაშინვე შეგიძლიათ გაკეთება. ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა, არის კარგი, ამიტომ, რაც იქნება, იმით ავიცრათ,“ - აცხადებს მაია ბუწაშვილი.


წაიკითხეთ სრულად