ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოცილიალურ ქსელში ჩინური წარმოების ვაქცინის შესახებ პოსტს აქვეყნებს. როგორვ თავად აღნიშნავს, გამართლებულად მიაჩნია ქვეყანამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ვაქცინის რესურსი:
,,იმუნიზაციის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინური წარმოების ვაქცინის გადაუდებელი დაშვების შესახებ საქართველოს მოსახლეობისთვის. პერსონალურად ჩემთვის ეს არ იყო მარტივი საკითხი, მაშინ როცა არსებობდა გაცხადებული და მხარდაჭერილი პოზიცია აღნიშნული ვაქცინის მხოლოდ ჯანმოს ავტორიზაციის შემდეგ გამოყენებაზე. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი პლანეტაზე 1-2 მილიონი ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინა რომ გვქონდეს დღესვე, მაგრამ ეს უტოპიური ოცნებაა სამწუხაროდ, როგორც ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში. მარტივად ვიტყვი, დღევანდელი გადასახედიდან, როცა ვხედავ უახლოესი 2 თვე და მეტი სხვა ალტერნატიული ვაქცინების მოპოვების ნულოვანს თუ არა მინიმალურ ალბათობას, მაშინ როდესაც მესამე ტალღის პირობებში უკვე 35 ქვეყანაში გამოყენებულ ვაქცინას შეუძლია მინიმუმ 500 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა (50 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი, საშუალო სიკვდილობის მაჩვენებლი 1%), გამართლებულად მიმაჩნია ქვეყანამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ეს რესურსი. ავტორიზაცია მნიშვნელოვანია, რაც აუცილებლად იქნება ვაქცინააციის დაწყებამდე ან მის პროცესში. არანაირი სხვა მოტივაცია არც მე და არც საბჭოს სხვა წევრებს დამერწმუნეთ არ ამოძრავებთ. გისურვებთ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინაციას!,'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, რომ ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება.
ქვეყანაში ვაქცინაციის ადმინისტრირება მაისის დასაწყისში მოხდება. „სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და ჩინეთის მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული. თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს. სპეციალისტების განცხადებით „სინოფარმის“ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი სხვა ვაქცინებთან შედარებით დაბალია.
ასევე, ვაქცინებთან დაკავშირებით მომდევნო კვირის განმავლობაში აქტიური საინფორმაციო კამპანიაც დაიწყება, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ რეგისტრაციამდე ყველა ვაქცინის დადებითი და უარყოფითი მხარის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ.
„საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილისთვის გაიხსნება, რადგან მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში.
„სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი, შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, 60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემი ნაკლებია, ამიტომ შესაძლებელია, გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომ „სინოფარმს“ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს უპირატესობა“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გარდა ამისა, pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 16 აპრილს დაიწყო. ვაქცინირებული პირები მეორე დოზის გაკეთებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მინდა მოსახლეობა იყოს მშვიდად, ჩვენ პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია,“ - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბავშვებსა და ზრდასრულებში პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლინდა, რაც მაღალი მაჩვენებელია:
„ოფიციალურად მას ჰქვია მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. მსოფლიოში ითვლებოდა, რომ ეს იყო ძალიან იშვიათი გართულება. საქართველოში უცებ არის ცნობა, რომ რამდენიმე ათეული ასეთი პაციენტი იყო. მე პედიატრი არ ვარ და ჩემთან არ ხვდებიან ეს პაციენტები. ძირითადად ისინი არიან პედიატრებთან. სამინისტროში გვქონდა შეხვედრა ბატონ ივანე ჩხაიძესთან, რომელიც არის მთავარი სპეციალისტი. მან თქვა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ეს შემთხვევები და მათ ნამდვილად ჰქონდათ პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთების სინდრომი. რაღაც შემთხვევები რომ იყო, ეს ფაქტია. რამდენად იყო 60 შემთხვევა, მიჭირს თქმა. მსოფლიო სტატისტიკასთან შედარებით 60 შემთხვევა ბევრია.“
თენგიზ ცერცვაძემ ზრდასრულებში პოსტკოვიდური სინდრომის მრავალფეროვანი სიმპტომატიკისა და რთული მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში აღნიშნული სინდრომით არავინ გარდაცვლილა:
„რაც შეეხება მოზრდილებს, იქ გაცილებით ხშირია პოსტკოვიდური სინდრომი. მას ბევრი კლინიკური სიმპტომი ახასიათებს. ყველაზე ხშირად არის საერთო სისუსტე, ტკივილი კუნთების მიდამოში, სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი, უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ მოვლენები, როგორიცაა: დეპრესია, უძილობა, შფოთვა, თავის ტკივილი, თირკმლის დაზიანების სიმპტომატიკა, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები. ვარაუდობდნენ, რომ ეს სინდრომი შედარებით იშვიათი იყო. იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ის იყო მსუბუქი და მხოლოდ დაკვირვება სჭირდებოდა. ახლახან გამოქვეყნდა ინგლისელების ძალიან საყურადღებო კვლევა. დადგინდა, რომ 29,3 % განკურნებულების შებრუნდა კლინიკაში, მათ შორის თითქმის ყოველი მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა. ეს გარდაცვალების პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე მწვავე კოვიდის დროს. მინდა, მოსახლეობა იყოს მშვიდად, ჩვენ არცერთი შემთხვევა პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვალების არ გვქონია.“
„ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს პროგრამის შექმნაზე, რათა ყველა პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს საშუალება ჰქონდეს მიმართოს კლინიკას, უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა და მკურნალობა. როგორც კოვიდიანი ავადმყოფის გამოკვლევა და მკურნალობა დღეს არის უფასო, ასევე იქნება პოსტკოვიდიანი ავადმყოფებისთვისაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.