ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე ექიმ გიორგი ღორობერიძის ირგვლის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,ფეისბუქზე ხშირად მომდის მოთხოვნა გავერთიანდე ამა თუ იმ ჯგუფში. ამჯერად რამოდენიმე ფესიბუქ მეგობარი დაჟინებით ითხოვს გავწევრიანდე გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერ ჯგუფში! ტელეარხ ,,იმედის'' ეთერში გასულმა გადაცემამ ორად გაყო საზოგადოება, ზოგი ტელევიზიას ლანძღავს, ზოგიც გიორგი ღოღობერიძის დაცვითაა დაკავებული!
მე კი ასე ვფიქრობ, კარგად დადგმული შოუ იყო! რეიტინგი ორივე მხარეს სჭირდება!
მას შემდეგ რაც ,,აკადემიკოსმა" ჰომეოპათმა იმედის ტელეეთერი ვაქცინაციის საწინააღმდეგო პლათფორმად აქცია (აბა რა გითხრათ სტუდიაში ისეთი არაპროფესიონალიზმის ზეიმი იყო...) მეგონა, პროდიუსერი გადაცემას დახურავდა! ჯანდაცვის სამინისტრომ ამ გაგანია პანდემიის დროს არ შეიმჩნია!
ზოგადად, მედია საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით საჯაროდ მედიკამენტოზური მკურნალობის განხილვა არის დანაშაული! გაჟღერებული ინფორმაციით თუ ვინმე თვითმკურნალობას ჩაიტარებს, დამდგარ შედეგზე ვინ აგებს პასუხს?! და თუ ექიმს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული არა აქვს, მაშინ ის შორსაა მედიცინისგან! ამის გამო ღოღობერიძეს სწორად მისცეს შენიშვნა. (შენიშვნის ფორმულირება საკამათოა). ,,არ ავნო"-ს პრინციპი უდევს საფუძვლად მედიცინას! ისე ჩემს ბავშვობაში, ტელევიზიით (მაშინ სოციალური ქსელი არ იყო) კაშპიროვსკი ,,მკურნალობდა" ხალხს დისტანციურად! ნახევარი სსრკ წყლის ჭიქით ხელში გაშტერებული ელოდა ეკრანთან სასწაულის მოხდენას!
ასე რომ, მე ვერ გამოგადგებით გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერად!'' - აღნიშნავს ირმა კვიცარიძე.
როდემდე გაგრძელდება დისტანციური სწავლება? - იხილეთ დოკუმენტი, რომელიც სკოლებს გადაეგზავნათ
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ახალი ბრძანებით, რომელსაც მან ხელი 30 სექტემბერს მოაწერა, ოთხ დიდ ქალაქში VII-XII კლასელებისთვის 29 დეკემბრამდე სწავლა სრულად დისტანციურად გაგრძელდება.
აღნიშნულის შესაბამისი ბრძანება სკოლების დირექტორებს გაეგზავნათ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 1-ლი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ჰიბრიდული მოდელი უნდა გამოიყენონ — I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით.
ბრძანების ზემოთ მოყვანილი ვადები არ ეხება თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის ზოგიერთ სკოლას. მათ დისტანციური სწავლება მხოლოდ გარკვეულ ვადებში უნდა განახორციელონ. კერძოდ:
ქალაქ თბილისის N69, N143, N154, N174, N2, N76, N145, N157, N168, N172, N179, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N163 და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლები — დისტანციურ სწავლება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე იქნება, ხოლო ქალაქ თბილისის N26 საჯარო სკოლაში — 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 7 ოქტომბრამდე.
ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრამდე, ხოლო ზუგდიდის N3 საჯარო სკოლაში, სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლაში, სოფელ რუხის საჯარო სკოლაში, სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლაში — 2020 წლის 4 ოქტომბრამდე.
რაც შეეხება აჭარას, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე დისტანციურად უნდა წარიმართოს.
ბრძანებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ბრძანებაში, როგორც სამართლებრივ დოკუმენტში, ვადა პირობითადაა მითითებული და როგორც კი ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცვლილება დოკუმენტშიც შევა.
,,ეს არ ნიშნავს, რომ სწავლა გადადებულია. სამართლებრივად რაღაც ვადა უნდა ყოფილიყო მითითებული. როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შეიცვლება ვადაც", — აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.