არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
„ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება პანდემიის სამკურნალოდ არის განსაკუთრებული ხარისხის“- ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია გოთუა
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მაია გოთუამ ვაქცინაციის შედეგად გამოწვეულ ალერგიულ რეაქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ალერგიულ რეაქციებს შორის ყველაზე უფრო მძიმეა ანაფილაქსიური რეაქცია:
,,უნდა აღვნიშნოთ, რომ ალერგიულ რეაქციებს შორის ყველაზე უფრო მძიმეა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც არის სწრაფი, დაუყოვნებელი და უმეტეს შემთხვევაში პირველ 15-30 წთ-შია. თუ ვაქცინებზე ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ანაფილაქსიური რეაქციის გამოვლენის დრო ჩვენს ქვეყანაში 45 წთ-ს არ სცილდება, ნებისმიერი პაციენტისთვის, მას ალერგიული რეაქციები ისტორიაში ჰქონდა თუ არა. აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორი რეაქტიულობა, პასუხი ჰქონდა ადამიანს წარსულში გაკეთებულ ვაქცინაზე.
სადღეისოდ, ვაქცინები, რომელებიც გამოიყენება პანდემიის სამკურნალოდ, არის განსაკუთრებული ხარისხის, რაშიც იგულისხმება ის, რომ იქ არ არის არც კვერცხი, არც ჟელატინი და არც ანტიბიოტიკი,'' - აღნიშნა მაია გოთუამ.