ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
,,ეს წესები გვჭირდება იმისთვის, რომ არ დავხუროთ სკოლები''
პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ წესების დაცვაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ არ დაიხუროს სკოლები:
„ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვაფიქსირებთ, რომ ვიმყოფებით ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, რაც ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ფუნქცია იცოდეს ზუსტად - სახელმწიფომ, მოქალაქემ, ისევე, როგორც კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში - ბიზნესმა. მთავარი არის ის, რომ ამ ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უნდა ხდებოდეს გარკვეული წესებით და ეს წესები ძალიან მარტივია შესასრულებლად. ეს წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ - არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, პოლიტიკური პროცესი და ამისთვის გვჭირდება წესების დაცვა. ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ამ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც ამ წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ ჩვენ წყნარად, მშვიდად, ნორმალურად გავაგრძელებთ ცხოვრებას. აღვადგენთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და მშვიდობიანად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.