საქართველოში ეპიდსიტუაციის შესახებ პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
,,79 გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით, რამდენია - 160 (წყარო იხილეთ ბმულში)
ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ვიზიარებ თითოეული მათგანის მწუხარებას. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა.
ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი. სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება ….
დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით …
ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე.
ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე.
სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა.
დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია.
ამ ომში ერთად უნდა გავიმარჯვოთ.
ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ.
ყველამ კარგად ვიცით, რა არის გასაკეთებელი. შეგახსენებთ:
ვაქცინაცია ,,ფაიზერით" 12 წლის ასაკიდან
ბუსტერი ("ფაიზერის" მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის
სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში)
ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა.
კომენდანტის საათი 20:00 - 6:00 (ისე ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის თქმას, ჩემს გარდა)
სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე.
კოვიდ საშვების ამოქმედება. ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.
ისე, აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან.
ყველა ,,არგამოყენებული” რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინიგის დროებით მართვაში - 2 თვით.
ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება.
ეს შესაძლებელია.
იხილეთ წყაროები თუ რატომ რეალური სიკვდილის მაჩვენებელი მინიმუმ 2-ჯერ უფრო მეტია ვინდრე ოფიციალური:
„ის, რომ გაიკეთოთ ფაიზერის ორი დოზა და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტყუილია,“- გიორგი ფხაკაძე
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც დელტა შტამმა დაგვაყენა. მისი თქმით, დელტა შტამის გამო კოვიდგადატანილთა ვაქცინაციის პროცესშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანეს:
„დელტა ვარიანტმა ისე შეცვალა ყველაფერი. როდესაც იყო ვუჰანური შტამი, მაშინ იყო საუბარი, რომ ვირუსის გადატანიდან ხუთი თვის მერე გაიკეთებდით ერთ დოზა ფაიზერს და ეს იყო საკმარისი. სამწუხაროდ, მერე წამოვიდა ალფა ვარიანტი ბრიტანეთიდან, რომელიც 40-ჯერ უფრო ვერაგია, ვიდრე ვუჰანური შტამი. დელტა, რომელიც ყველგან არის მსოფლიოში და საქართველოში 100 %-ია, არის 60-ჯერ უფრო ვერაგი, ვიდრე ბრიტანული შტამი. წარმოგიდგენიათ, ახლა რასთან გვაქვს საქმე?!“
გიორგი ფხაკაძის თქმით, ვაქცინა ადამიანის სრულ დაცულობას არ უზრუნველყოფს, მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნებაში გვეხმარება:
„ვაქცინა არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია. ესეც კარგად უნდა გახსოვდეთ. ვაქცინა არ დაგიცავთ 100 %-ით, რომ ვირუსი არ დაგემართებათ, მაგრამ დაგეხმარებათ, რომ რეანიმაციაში არ მოხვდეთ, დაგეხმარებათ, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოთ. ეს, რაც მართალია, მართალია. ის, რომ გაიკეთოთ ფაიზერის ორი დოზა და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტყუილია. ფაიზერი არ არის უკვდავების ელექსირი.“
„ფაიზერი გეხმარებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 100 %-ით იქნებით დაცული. აცრის შემდეგაც უნდა გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე, სადაც არის საჭირო. ვინც გადაიტანა კოვიდი, იმან უკვე იცის, რა ვერაგია ეს ვირუსი. ვირუსის გადატანის შემდეგ დაინფიცირება შეიძლება იყოს 100-დან 30 ან 100-დან 1. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგ. რა რაოდენობის ვირუსი იყო ჰაერში, თუ თქვენ ერთ ოთახში ხართ ინფიცირებულთან ერთად, ყოველ 15 წუთში დახურულ ოთახში იზრდება დაინფიცირების რისკი. თუ თქვენ პირბადით ხართ, მაგრამ არ ნიავდება ოთახი, რისკი იზრდება ყოველ 15 წუთში. სწორედ ამიტომ, სკოლებშიც ყოველ 15 წუთში ოთახები უნდა განიავდეს. პირბადეშიც უნდა ვიყოთ და განიავებაც საჭიროა. თუ გექნებათ ვაქცინა, იქნებით პირბადეში და ოთახს გაანიავებთ, აქ უკვე 99 % ხართ დაცული,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.