საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,მინდა, ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაიჯეროს'' - რა დაასრულებს პანდემიას?
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის დასრულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოს განვითარებული სამყარო პანდემიას 2022 წლის გაზაფხულზე დაასრულებს:
,,მინდა ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაიჯეროს, თუ ჩვენ ვაქცინაციის მოცვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მივაღწევთ, არ მოვხვდებით კლინიკებში და მძიმე დაავადების განვითარების რისკებს შევიმცირებთ, პრაქტიკულად ეს ნიშნავს რომ პანდემია დასრულებულია. მსოფლიოს განვითარებული სამყარო ამას 2022 წლის გაზაფხულზე მიაღწევს და სამწუხაროდ, ჩვენ დაგვიგვიანდება, თუ ფეხს ვერ ავუბამთ ამ ყველაფერს,'' - აღიშნავს ბიძინა კულუბეგოვი.