Baby Bag

„გაიზარდოს გადასახადები ონლაინ კაზინოებისთვის, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი,“ - პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა

„გაიზარდოს გადასახადები ონლაინ კაზინოებისთვის, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი,“ - პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ონლაინ კაზინოების აკრძალვის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა:

„სათამაშო ბიზნესი და ონლაინ კაზინოები - ვიცით, რომ ეს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ძალიან. მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით. ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან. პირველ ეტაპზე წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის.“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ონლაინ კაზინოების რეკლამა უნდა აიკრძალოს:

„პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მზად ვარ ღიად ვისაუბრო ამ თემაზე. მაქვს იმედი, რომ იქნება საზოგადოების მხარდაჭერაც.“

„ბოლო პერიოდში ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით. ჩვენი ახალგაზრდები ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებული მავნე ნივთიერების მოხმარებით. უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: ​ტელეკომპანია „მაესტრო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მამამ ყოველთვის უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა, თავისი სიკეთით, გონიერებით და ვაჟკაცობით,” - პედიატრი ყარამან ფაღავა

„მამამ ყოველთვის უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა, თავისი სიკეთით, გონიერებით და ვაჟკაცობით,” - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვისა და დედის ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების დადებითი გავლენის შესახებ ისაუბრა:

„როდესაც დედა ძუძუს აძლევს ბავშვს, გამოიყოფა სპეციალური ჰორმონი, ოქსიტოცინი ჰქვია. ის საშვილოსნოსაც შეკუმშავს. ტონუსში მყოფი საშვილოსნო არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი კრიტერიუმი.​ როდესაც დედა ძუძუს აძლევს ბავშვს, ხელახლა ჩასახვის რისკი გარკვეულწილად მცირდება. ორი-სამი თვე, როგორც წესი, დედა დაცულია. ძუძუს კიბო არის ერთ-ერთი უხშირესი სიმსივნე. თუ ქალმა ძუძუთი გაზარდა 3-4 შვილი, მას პრაქტიკულად ძუძუს კიბო არ ემართება. ძუძუს კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკა არის ძუძუთი კვება.

ყარამან ფაღავას თქმით, დედის რძე ბავშვს ინფექციებისგან იცავს და მის იმუნიტეტს აძლიერებს:

„პატარა ბავშვს დამცველობითი უნარი, იმუნოლოგიური რეაქტიულობა შედარებით დაქვეითებული აქვს. დედის მეშვეობით იგი ღებულობს იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს. ეს იცავს მას ინფექციებისგან. ამიტომაც არის, რომ ექვს თვემდე ჩვილი ბავშვი, როგორც წესი არ ხდება ავად. გარეთ ყინვაში შიშველს თუ გაიყვან ან რამდენიმე სტუმარი თუ მოვა და ყველამ აკოცა სახეში, შეიძლება დაემართოს ინფექცია. ​დედის რძის საშუალებით გადასული დამცველობითი ნივთიერებები შესანიშნავად იცავს ბავშვს ასეთი ინფექციებისგან.

„დედა ბავშვს რომ აძლევს ძუძუს, მათ შორის რაღაც უხილავი სიმები იქმნება. ეს არის ძაფები ურთიერთსიყვარულისა, ურთიერთსითბოსი. მამამ ყოველთვის უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა, თავისი სიკეთით, გონიერებით და ვაჟკაცობით. დედასა და ბავშვს შორის ისეთი კავშირებია, ბუნებრივი კვების შემდეგ და ისედაც, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამ კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია,“ - აღნიშნა ყარამან ფაღავამ.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად