Baby Bag

„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს

„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც უკვე 10 წელია მედიცინის უახლესი მიღწევების გამოყენებით აგრძელებს პაციენტებზე ზრუნვის მრავალწლიან ტრადიციას, რაც ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრისა და პ. სარაჯიშვილის ნევროლოგიის ინსტიტუტისგან გადაეცა. დღეს „ნიუ ჰოსპიტალსი“ 1600-მდე ადამიანს ასაქმებს და დაკომპლექტებულია ქართველი და ევროპიდან მოწვეული გამოცდილი ექიმებით.

10 წლის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსმა“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელიც არა მხოლოდ პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვით, არამედ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდით და ჯანმრთელობის დაცვის ხელისშემწყობი საინფორმაციო კამპანიებით გამოიხატა. კლინიკისთვის მთავარ ამოცანას პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება წარმოადგენს, რაც მაღალი პროფესიონალიზმისა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ განსაკუთრებულია იმითაც, რომ იგი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით - შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. პაციენტების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და სამკურნალო პროცესების უწყვეტობისთვის დანერგილია ელექტროობის, ჟანგბადის მომარაგების, წყალმომარაგების ძირითადი და სათადარიგო ავტონომიური სისტემები. ამასთან, დანერგილია სტერილური სივრცეების რეგულარული ვალიდაცია ევროპელი სპეციალისტების მიერ. კლინიკა ამავდროულად, აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, მუდმივად განახლებადი უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

2011 წელს, თბილისში, კრწანისის ქუჩაზე „პსპ ჯგუფის“ ინიციატივით ფუნქციონირება დაიწყო მრავალპროფილურმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსმა“, რომელმაც გააერთიანა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, პ. სარაჯიშვილის ნევროლოგიის ინსტიტუტი და შექმნა ახალი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური კლინიკა, სადაც მრავალი ახალი მიმართულება და სამედიცინო სერვისი დაინერგა. დღეს კლინიკაში 280 სტაციონარული ადგილი და 90 კაბინეტიანი ამბულატორია ფუნქციონირებს. 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით პაციენტს - ჩატარდა 225,000-მდე სტაციონარული და 1,400,000-მდე ამბულატორიული მომსახურება.

მას შემდეგ, „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდი ყოველდღიურად ათასობით პაციენტს უწევს სამედიცინო მომსახურებას სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებებით, როგორიც არის ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია და კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ნეიროქირურგია, თერაპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ონკოლოგია და ონკო-ჰემატოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ზოგადი, თორაკალური, სისხლძარღვთა და ყბა-სახის ქირურგია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ოტორინოლარინგოლოგია, რადიოლოგია და ლაბორატორია და სხვ. კლინიკაში ფუნქციონირებს სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი. ასევე, ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება ნებისმიერი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტებს.

R.

​სიცოცხლის გადამრჩენი 3 პროცედურა - ინტერვიუ გიორგი კორძახიასთან
ხარისხი პრიორიტეტია, მედიცინაში - კიდევ უფრო მეტად. მას საერთაშორისო სტანდარტები, მაღალი კვალიფიკაცია და რაც მთავარია, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ხარისხი წინსვლაზეა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვისთვის ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა,“ - პედიატრი ცოტნე ბესელია

პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ბავშვებში ხშირი ავადობის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რომელ ასაკში არ არის საყურადღებო ცივ სეზონზე ბავშვების ხშირი ავადობა:

„განვმარტოთ, რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი. საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვი, მით უმეტეს, თუ არის პირველი წელი, როდესაც ის შედის ბაღში, ამ დროს ცივ სეზონზე ისინი ხშირად ავადობენ. ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა. ეს არის ასაკზე დამოკიდებული და ასევე იმაზე, რა კოლექტივშია ბავშვი. საბავშვო ბაღში ეს დასაშვებია. როდესაც ბავშვი არის სასკოლო ასაკში, მაშინ ეს იქნება უფრო ყურადსაღები. სასკოლო ასაკში 8-ჯერ, 10-ჯერ, 12-ჯერ ავადობა წელიწადში უკვე სხვა რაღაცაზე მიანიშნებს ექიმს და მშობელს. ნუ შეეშინდებათ მშობლებს. ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღში დადის, იმან ხშირად უნდა იავადმყოფოს.

ნურც იმის შეეშინდებათ მშობლებს, რომ ხშირად ამბობენ: „რაც ცივი სეზონი დადგა, ოქტომბრიდან მაისამდე ბავშვი სულ ახველებს. ხომ არ შეიძლება სულ ახველებდეს? რაშია საქმე?“ პოსტ-ინფექციურ პერიოდში, როდესაც ბავშვი გადის ბაღში, ახალი მიკრობი მოქმედებს და მწვავდება ჩივილები. ამიტომ არის ეს გადაბმული, მშობლისთვის ერთი შეხედვით გაუთავებელი ჩივილები. მშობელს უნდა, რომ ეს ხველა ერთ რაღაცასთან დააკავშიროს. ასე არ არის. ეს არის მორიგი მწვავე რესპირაციული დაავადება, მორიგი პოსტ-ინფექციური პერიოდებით. ნუ შეეშინდება ამის მშობელს,“- მოცემულ საკითხზე ცოტნე ბესელიამ „რადიო ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“ 

წაიკითხეთ სრულად