Baby Bag

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ულიმიტო სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ულიმიტო სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში მზავრობის ულიმიტო აბონიმენტების სისტემის შემოღების შესახებ ისაუბრა:

„შემოგვაქვს სააბონიმენტო ულიმიტო სისტემა, რომელიც დაინერგება პირველი თებერვლიდან. აბონიმენტების გაყიდვა დაიწყება 5 იანვრიდან მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში. რაც შეეხება აბონიმენტებს, გვექნება ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება 1 ლარი. 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი ტრანსპორტით სარგებლობა იქნება შესაძლებელი და გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდით.“

კახა კალაძის თქმით, თბილისში იმოქმედებს ერთდღიანი ულიმიტო ბარათი, რომელიც სამი ლარი ეღირება:

„ასევე შემოგვაქვს ულიმიტო ერთდღიანი ბარათი, რომელიც ეღირება სამი ლარი. ასევე შემოგვაქვს ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი, რომელიც ეღირება 20 ლარი. მფლობელს მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერი ტრანსპორტით სარგებლობა შეეძლება. ეს ბარათი ძირითადად გათვლილია ტურისტებზე. ულიმიტო ერთთვიანი ბარათი ეღირება 40 ლარი. მფლობელს მთელი თვის განმავლობაში შეეძლება იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად, რაც მას თვის განმავლობაში ტრანსპორტით მგზავრობის დანახარჯებზე 10-დან 20 ლარამდე შეღავათის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.“

კახა კალაძის თქმით, ულიმიტო სამთვიანი ბარათის ფასი 100 ლარი იქნება:

„ასევე გვექნება ულიმიტო სამთვიანი ბარათი, რომელიც ეღირება 100 ლარი. ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს. გვაქვს ულიმიტო ექვსთვიანი ბარათი, რომელიც 150 ლარი ეღირება, რაც კიდევ უფრო ეკონომიურია. ასევე გვაქვს ერთწლიანი ულიმიტო ბარათი, რომელიც 250 ლარი ეღირება. ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.“

კახა კალაძემ ის პირები დაასახელა, ვინც დედაქალაქში უფასოდ მგზავრობას შეძლებს:

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლოებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერინარებს და სხვებს. ეს ვრცელი ჩამონათვალია.“

„რაც შეეხება შეღავათიანი მგზავრობის ტარიფებს, აქაც მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ: 20 თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების უბნის ექიმები, პედიატრები, ოჯახის ექიმები თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.