Baby Bag

„​როდესმე მეც ასე მიპოვნიან, დამდნარს, დამჭკნარს, მარტოს, გაყინულს...“

„​როდესმე მეც ასე მიპოვნიან, დამდნარს, დამჭკნარს, მარტოს, გაყინულს...“

„როდესმე მეც ასე მიპოვნიან, დამდნარს, დამჭკნარს, მარტოს, გაყინულს...

მერე რა, რომ შვილი მყავს - შვილს თავისი ცხოვრება აქვს და არ დავუშვებ, ჩემს მომვლელად ყოფნაში გალიოს წლები...
როდესმე მეც ასე მიპოვნიან და ამაოდ ეცდებიან ჩემი გაყინული სხეულის გასწორებას...
ვფიქრობ, რომელი პროფესია ფასდება და არ ვიცი...
ვფიქრობ, რას გავაკეთებ, როცა ტექნოლოგიებს ვეღარ გავწვდები დაბერებული თითებით, როცა ვეღარ დავწერდაბერებული თითებით და - არ ვიცი ..
მერე რა, რომ შვილი მყავს?
როცა საღამოს, არა - ღამით - სახლში მივდივარ და თან ვიცვლი, თან ვბანაობ, თან ვჭამ, თან მეგობრებს ვპასუხობ, თან ნიუსებს ვუყურებ - უცებ, გამახსენდება, რომ ჩემი შვილი მარტო იყო მთელი დღე, ყველაფერს გადავდევ, შევდივარ და ცოტა ხნით ვეხუტები, ცოტა ხნით, რადგან - დილით ისევ სამსახურში უნდა წავიდე...
რა მოვთხოვო და რატომ მოვთხოვო ჩემს შვილს, რომელიც მთელი დღე ვერ მხედავს და საფასურად, მარტო ყოფნის, მარტო გაზრდის საფასურად - წვენი მიმაქვს და პური?

ოდესმე, მეც ასე მიპოვნიან, მარტოს, დამდნარს, დამჭკნარს, გაყინულს...

სხვა ქვეყნებშიც კვდებიან...
სხვა ქვეყნებშიც ჭკნებიან და დნებიან..

ოღონდ იქ - ჯერ ცხოვრობენ, ჯერ ცოცხლობენ და მერე კვდებიან...
ჩვენ ნელ-ნელა და დიდხანს, ნელ-ნელა და დაუფასებლად ვკვდებით, ნელ-ნელა და უცხოვრებლად, თვეობით, წლობით ვკვდებით...

ჟურნალისტი, ნანა ნადირაძე გარდაიცვალა...
ისეთი ფოტოები ვნახე, დიდხანს კვდებოდა, ვიცი...
ბევრი კვდება დღეს ასე, თვეობით, წლობით ...

მანამდე კი - ვშრომობთ, ყოველდღიური საკვებისთვის, გადასახადებისთვის...
სიბერისთვის - არა!
სიბერისთვის - ვერა!
სიბერეში მარტოს გვტოვებს სახელმწიფო, დასადნობად, დასაჭკნობად...
სანამ შრომა შეგვიძლია - გადასახადებს ვიხდით, რაც მთავარია, ვიხდით, ვიხდით დაუსრულებელ ბეგარებს...
ვყიდულობთ უვარგის და მაინც ძვირადღირებულ პროდუქტს..
უვარგის და მაინც ძვირადღირებულ მედიკამენტებს...
ვყიდულობთ ყვეელაფერს, რასაც სახელმწიფო გვყიდის ძვირად და მაინც უვარგისს...
და მერე ვრჩებით უქონელნი, უვარგისნი, დამჭკნარნი და ვკვდებით, თვეობით, წლობით, ვკვდებით ისე - ცხოვრებას ვერ ვასწრებთ...

ბოდიში, ქალბატობო ნანა, ბოდიში, რომ ვერ ავაშენეთ უკეთესი ქვეყანა...
ოდესღაც თქვენც იცინოდით, ჩემსავით...
ოდესმე, მეც ვეღარ შევძლებ გაღიმებას...
ბოდიში, ჩემს შვილს, მარტო რომ ზრდის თავს, უჩემოდ, პურის და წვენის საფასურად..
ბოდიში მე... იმისთვის, რაც მელოდება...
ვერ ვნახეთ ძალა - უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად...

და მადლობა ყველაას, ვისაც არსებული რეალობა მოგწონთ, ვისაც - ასე აშენებული, თუ ასე დანგრეული ქვეყანა მოგწონთ და მართალი შენიშვნისთვის მლანძღავთ, ან გვერდს მივლით - თქვენ რომ არა - მომავალს, ასე ნათლად უმომავლოდ ვერ დავინახავდი!“

აღნიშნული პოსტი ყოფილ ჟურნალისტს ნანა ნადირაძეს მიეძღვნა, რომელიც გაუსაძლისს მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

პოსტის ავტორი ჟურნალისტი თამო კეშელავაა

შეიძლება დაინტერესდეთ

„კვირას გავხსნით უფასო მაღაზიას, საიდანაც ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ საკვებს უფასოდ წაიღებენ,“- დეკანოზი შალვა კეკელია

„კვირას გავხსნით უფასო მაღაზიას, საიდანაც ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ საკვებს უფასოდ წაიღებენ,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის Facebook გვერდის ონლაინ ჩართვაში ჭავჭავაძის 33 ნომერში, ეკლესიის ეზოში კვირიდან უფასო მაღაზიის გახსნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან უჭირთ მაღაზიიდან პროდუქტებს და ტანსაცმელს უფასოდ მიიღებენ:

„კვირიდან ვაპირებთ, რომ უფასო მაღაზია გავხსნათ. ახალ ზელანდიაში 2010 წელს დაწესდა ეს წესი, როდესაც მოსახლეობამ გადაწყვიტა უფასო მაღაზია გაეხსნათ. ადამიანებს იქ მიაქვთ საკვები, ტანსაცმელი. ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ, უნაწილდებათ. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. კვირას 11 საათზე გავხსნით ამ მაღაზიას. ჩვენი მრევლის წევრი თამარი დადგება და დაურიგებს ადამიანებს საკვებს, ტანსაცმელს.

ადამიანები მოიტანენ უფუჭებელ საკვებს, მაკარონს, ზეთს. იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირთ, მოვლენ და წაიღებენ აქედან პროდუქტებს და ტანსაცმელს. ის ადამიანები, ვისაც აქვს შესაძლებლობა, მოიტანენ პროდუქტებს და ტანსაცმელს. თქვენი დახმარება ძალიან დაგვჭირდება. გვინდა, რომ ეს მარტო ჩვენს ტაძრში არ იყოს. გვინდა, რომ ეს უფასო მაღაზიები ქალაქის ყველა უბანში გაიხსნას, საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა რეგიონში გაიხსნას. ადამიანები, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ ადამიანებს შეეწიონ, დაეხმარონ მათ და ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, მოვიდნენ და ეს ყველაფერი წაიღონ აქედან. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ საქმეში,“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად