Baby Bag

,,კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ...''

,,კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ...''

,,ახლობელმა, ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე, ვერ დავიძინე. კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ახლა ორმოცის ვარ, ამ ოცი წლის მანძილზე ბევრი შემეშალა ალბათ მაგრამ ღალატით, ღმერთია მოწამე არვისთვის მიღალატია.

სტუდენტი ვიყავი, გაეროს ელჩად ქალბატონი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა, თბილისში ჩამობრძანდა, კერძო სახლი დაიქირავა ვერაზე და თავისი დროებითი საცხოვრებლის ბაღის მოწესრიგება და მოვლა ჩემს ნაცნობ ქალბატონ ცისანას სთხოვა. ცისანაც იმ დროისათვის არნახული ხელფასის საფასურად უვლიდა ბაღს. მძიმე და საკაცო საქმეებში დამიხმარდა ხოლმე, დღიურად მიხდიდა თავისი ხელფასიდან 20 ლარს. ყველა კმაყოფილი ვიყავით.

ბაღში მუშაობისას რამდენჯერმე გამომელაპარაკა ქალბატონი, დაინტერესდა სად ვსწავლობდი, რითი ვცხოვრობდი და რა ინტერესები მქონდა. 

რამდენჯერმე ყურადღებაც გამოიჩინა, ძვირფასი, ბოტანიკური ალბომიც ჩამომიტანა საჩუქრად. მოსწონდა მშობლიურ, გერმანულ ენაზე რომ ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ერთ დღეს საუზმეზე მიმიპატიჟა, შემაქო, მითხრა რომ ერთი სიამოვნებაა როცა ხედავს როგორ გულიანად და სიყვარულით ვშრომობ და ვეხმარები ცისანას. ამიხსნა, რომ მას ერჩივნა თუ ბაღის მოვლას მე გადავიბარებდი, ცისანას დაითხოვდა და ჩემთვის აქამდე არგაგონილ და არნახულ ცისანას ხელფასს მე დამინიშნავდა. დაუფიქრებლად უარი ვუთხარი.. გაიკვირვა და უარის მიზეზი გამომკითხა. ვუპასუხე, რომ მისიის დასრულების შემდეგ, თითონ წაბრძანდებოდა სამშობლოში, ჩვენ კი ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ. შევატყვე ესიამოვნა. მითხრა, რომ დღეიდან შენც იგივე ხელფასი გექნება რაც ცისანას და დამავალა მასთან ერთად მეზრუნა ბაღზე. ხუთი წელი ვიმუშავეთ ცისანამ და მე მხარდამხარ, ავაყვავეთ იქაურობა. დიდი შვება იყო მაშინ, ბევრი რამ შევძელი მიღებული ხელფასით.

ქალბატონი ტალიავინის გამგზავრებიდან სამ თვეში მოზრდილი საქაღალდე მივიღე ფოსტით. გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ მიუცია, საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ქალის, მეტად ემოციური ტექსტი ქართველი, ახალგაზრდა მებაღის სიტყვებით იწყებოდა "თქვენი წაბრძანების შემდეგ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ..."

ხშირად როცა გაწბილებული ვრჩები მახსენდება ცისანა, ქალბატონი ტალიავინი, ეს ამბავი, ჩემი გამზრდელი ბებიაც მახსენდება რატომღაც და მომწონს თავი...''


ავტორი: ზურა შევარდნაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად