Baby Bag

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კოვიდ დადებითია და უკვე მე-4 დღეა ვირუსს ებრძვის. გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია. მეჩვენება რომ გრავიტაცია ჩემს სხეულზე 5-ჯერ ძლიერად მოქმედებს და ძალიან მაგრად ექაჩება სადღაც. განსაკუთრებით ფეხები და წელი ვერ უძლებს.
ცოტა მახველებს. როცა ინჰალატორია ჩართული, ყურსასმენებს ვიკეთებ, ვითომ არ მესმის. გადასხმა არ მჭირდება, ვსვამ პლაქვენილს. ყოველ დილით სისხლის აღება აუცილებელია, ექიმებთან კომუნიკაცია მინიმალური. მედდა ლალი ისევ ენერგიულად დაქრის, ან არ ეძინება ან არ იღლება?! სიცხე რომ არ გვაქვს, ისე გვაქებს, ვითომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
გვერდით ერთი წლის ბავშვია და ვერ ვიტან სავალდებულო პროცედურები რომ უწევს, ვერ იგებს რას ერჩიან, ბავშვები არ უნდა ხვდებოდნენ აქ!
ტელეფონი დამივარდა, რირშახის ტესტივითაა ეკრანზე უშველებელი ლაქა, ხან ღამურად აღვიქვამ, ხან გაბრაზებულ ზაზუნად (უნდა ვიკითხო ხომ მშვიდობა მაქვს), ვარაუდით ვწერ ტექსტებს.
ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე 6 ნაბიჯია, ნახევარი ჩემია.
დილით 
Levan რეკავს ყავა მოგენატრებოდაო და ამომიგზავნა ნამცხვრებთან ერთად, გემო თითქოს გავიგე, მგონი ბრუნდება. ვიჯღნავლე- ლევანის ცოლი ექიმია აქ და თავზე აყრია საქმე, ამ დილით სამსახურში რომ მიდიოდა ორივე და ჩემი ყავა გაახსენდათ, კია საჯღნავლი.
აქ ზოგადად ძალიან გულჩვილი ხდები, დღეში რამდენჯერმე ვტირი გარანტირებულად. ხან მოწერილ გამამხნევებელ მესიჯებზე, ხან გარედან შემოსულ, ცოცხალი ქალაქის ხმაზე, ხან კირას კითხვაზე 'დე მალე მოხვალ თუ არა-მალე' და მე რომ უნდა ვუთხრა 'არა-მალე', ხან გაურკვევლობაზე. ვიკა ბუკიას ირინკამ მომიკითხა და ღნავილით მოვკვდი, რაღაცნაირი სევდიანი კავშირი რომ გვაქვს, მარტო ჩვენი, კორონული...
ჩემი კოვიდმეზობელი ნინო კარგადაა, თავისი კლასტერიდან დაურეკეს წეღან: '-კორონა როგორა ხარო?' იგუდებოდნენ სიცილით. მერე იმან იქედან თავისი კოვიდ მეზობელი გვაჩვენა 62 წლის ქალი, საწოლზე ყირაზე იდგა, ფეხები კედელზე შემოელაგებინა და იქნევდა - ვარჯიშობსო, ისევ ვიცინეთ.
უელბეკს ვკითხულობ, მაგრამ მინდა 'სამხრეთული სპილო' არ მქონდეს წაკითხული და ახლა, აქ ვკითხულობდე. ან გორგილაძეს ქონდეს რამე ახალი გამოცემულული. ქართული ამბები მინდა, ეს ევროპები ძალიან შორია ამ ნაცრისფერი პალატიდან.
კახელების იუმორი აქ რომ დავაფასე კი გითხარით. ნინო დგას გუშინ ფანჯარასთან, გარეთ იყურება... გამომხედა ცოტა ნაწყენმა 'დღესაც ღამდებაო' - ისევ ვუგუდებით... ასე ვიცინით, ვიდრე გაგვახსენდება რა საქმეზე ვართ აქ ორივე.''

შეიძლება დაინტერესდეთ

„​ზოგადად, კოვიდი არ იწვევს „უცებ სიკვდილს“, ამას იწვევს კოვიდის გამო იზოლირება“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

„​ზოგადად, კოვიდი არ იწვევს „უცებ სიკვდილს“, ამას იწვევს კოვიდის გამო იზოლირება“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსის შესახებ დაროგვილ ახალ კითხვებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ ​MomsEdu.ge მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

„ძალიან ბევრი ახალი კითხვა დაგროვდა. პირველია - კორონათი რეინფიცირება.
გერმანიის წამყვანი ინფექციური სახელმწიფო ინსტიტუცია, რობერტ კოხის ინსტიტუტი, ასე განსაზღვრავს რეინფექციის ანუ მეორედ კორონათი ინფექციის აუცილებელ კრიტერიუმებს:
1. უნდა არსებობდეს ძველი ვირუსის გენეტიკური სექვენცები ანუ გენომი
2. უნდა განისაზღვროს ახალი ვირუსის გენომი
3. თუ ისინი არ ემთხვევა ერთმანეთს, არის ახალი კოვიდ ინფექცია

არც თუ იშვიათია დადებითი კოვიდ ტესტი ამ კრიტერიუმების გარეშე. ასეთ შემთხვევაში ადამიანს პრობლემა არა აქვს ხოლმე. არც ახალი ინფექციის დადასტურებისას არის მძიმე შემთხვევები, თუკი ადამიანი არაა მაღალი სარისკო ჯგუფის.
დაახლოებით 0,6%-ში არის ახალი კოვიდინფექცია და თუ ამ რიცხვს გამოვაკლებთ მძიმე ქრონიკულ პაციენტებს და მხოლოდ საშუალო და ნაკლები რისკისას დავტოვებთ, მეორედ კოვიდ ინფექცია 0,15%-მდეა.
კიდევ ერთხელ - ამ არმძიმე თანადაავადებების პაციენტებში მძიმე გართულების გარეშეა. მე პირადად ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია გითხრათ მაგალითი. 70 წლის საკმაოდ ჯანმრთელი მამაკაცი 2020 წლის ივნისში კოვიდი და იმ დროს რახან ბელგიის შატმზე იყო საუბარი, გაუკეთდა ძვირადღირებული გენეტიკური კვლევა ვირუსის გენომს.
2020 წლის ივლისი უარყოფითი. მერე ხან დადებითი და ხან უარყოფითი. ვირუსი იგივე 2021 წლის იანვარში, პირველი კოვიდიდან 7 თვის მერე გაუკეთდა ფაიზერის ერთი დოზა. 1 კვირის მერე დადებითი, მერე ისევ უარყოფითი კოვიდზე. ვირუსი იდენტური. დამტკიცებულად, 2021 წლის აპრილიდან უარყოფითი პსრ. და ახლა, სექტემბრის დასაწყისში, იმის გამო, რომ ბოლო დადებითი ტესტიდან გავიდა 6 თვე და აცრა სურდა, გაუკეთდა ანალიზი და არის ისევ დადებითი, ისევ იგივე შტამი.

​​ახლა ალბათ იკითხავთ, თუ რას ვერჩით ამ კაცს რომ ასე ხშირად ვტესტავთ? ორი მიზეზია და პირველია მისი პანიკა, ნებისმიერ დაცემინებაზე ტესტირება სურს. მეორე ისაა, რომ მეუღლე და ოჯახის კიდევ 2 წევრი ჯანდაცვის სისტემაში მუაშაობს. ახლა კოვიდ დადებითობასთან ერთად დაუდგინდა ინფლუენცაც. 15 წელია იცრიდა გრიპზე და შარშან არ ავუცერით კოვიდის გამო. კლინიკურად უპრობლემოა. მოკლედ, მეორედ კოვიდ დასაბუთებას საჭიროებს. ეს შემთხვევა არაა „ლონგ კოვიდ სინდრომი“, სადაც პაციენტი უარყოფითად იტესტება და თვეების მერეც აქვს კლინიკური პრობლემები და ჩივილები. მოკლედ, ყველაფერს უნდა დიფერენცირება და ადამიანებს ნუ დავაპანიკებთ იმით, რომ „არაფერი გიცავს, გამოიკეტეო“.
მეორე - დიდი კითხვების კორიანტელია: „ავიცერი და ერთ კვირაში კოვიდი დამემართა, და აი, ხომ ვამბობდი“... და ასე შემდეგ.

დიახ, ნებისმიერი აცრა, იქნება ეს კოვიდი თუ ინფლუენცა თუ ჩუტყვავილა ან ცოფი, იწვევს იმუნური სისტემის გადართვას ამ ახალი ვაქცინის შესაბამის ანტისხეულების წარმოებაზე და ამიტომაც ადამიანი ერთიდან ორ კვირამდე არის ინფექციების მიმართ მგრძნობიარე. ამიტომაც აიცერი და საკუთარ დაპლასტირებულ მკლავს აჩვენებ საახლობლოს და გადაეშვები „თავისუფალ ცხოვრებაში“ არაა ასე, ერთი კვირა მაინც უნდა დაიცვა ჰიგიენის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე ადრე. ერთხელ აცრილიც კი არის მძიმე გართულებისაგან დაცული და ასეთ ადამიანებს მოეშვას ეგრეთ წოდებული ჯანდაცვა, ასეთი ადამიანების გაჰოსპიტალებას უნდა მოეღოს ბოლო. 

ზოგადად, კოვიდი არ იწვევს „უცებ სიკვდილს“, ამას იწვევს კოვიდის გამო იზოლირება და უმოძრაობა თრომბოემბოლიური გართულების და მისი არმიხედვის გამო. ადამიანების დაპანიკება იწვევს იმ საშინელებას, რაც საქართველოში ხდება. 38 სიცხით და ხველით იძახებენ სასწრაფო დახმარებას და სურთ ჰოსპიტალიზაცია. ამ მდგომარეობაში და დაპანიკებულნი, წნევაარეულნი იზომავენ პერიფერიულად თითზე სატურაციას და კიდევ უფრო პანიკდებიან. 
აბსოლუტური გადაჭრით უნდა ითქვას, რომ კოვიდიანის გართულება არაა მყისიერი და არის საკმაოზე დიდი დრო რეაგირებისათვის. საავადმყოფო და იმობილიზება არის დიდი რისკი საშუალო სიმძიმის კოვიდის მიმდინარეობისას. ნაადრევი სისტემური სტეროიდებიც ასევეა. არსებობს ინჰალატიური, აეროზოლი სტეროიდები და თუკი ძალიან მშრალი ხველაა სუნთქვის პრობლემატიკით, ჯერ იმის გამოყენება ჯობია.

​და ბოლოს კი,

​როგორმე უნდა მოხდეს „სასწაული“, უნდა შეიგნონ მათ, ვისაც ეს ეხება, რომ ჭარბწონიანი პაციენტის მუცელზე წოლა და ცეპაპის თუ ბიპაპის აპარატით სუნთქვითი ვარჯიშები არის უხშირესად კონტრაპროდუქტიული, მუცელი აწვება დიაფრაგმას, ხდება ხელოვნურად სისხლის მიმოქცევის მარჯვენა წრეში შეგუბება, ფილტვის არტერიის წნევის გაზრდა და ადამიანის კიდევ უფრო დაპანიკება, სუნთქვის აპარატის და გულის კიდევ უფრო გადატვირთვა.

​ამიტომაც, იქნება და სცადოთ, რომ ჭარბწონიანი წამოაჯინოთ, ფეხები დაბლა, იდაყვები მაღალი სკამის საზურგეზე და ასე ავარჯიშოთ იმ სუნთქვისდამხმარე აპარატურით.
​ყველას, აბსოლუტურად ყველას, გისურვებთ ჯანმრთელობას არამარტო ფიზიკურად, არამედ ჯანმრთელ და ლოგიკურ განსჯას,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი. 

წაიკითხეთ სრულად