Baby Bag

„ბოლომდე კმაყოფილების გრძნობა არასოდეს არ ექნება მასწავლებელს“... #ყველაზემაგარიპროფესიაჩვენგვაქვს

„ბოლომდე კმაყოფილების გრძნობა არასოდეს არ ექნება მასწავლებელს“... #ყველაზემაგარიპროფესიაჩვენგვაქვს

მუდამ უნდა გვახსოვდეს

1. რამე თუ არ მოგწონს, უნდა ადგე და ხმამაღლა განაცხადო, კულუარებში საუბრით საქმეს ვერ უშველი

​​
2. დიახ, რთულია იმ ადამიანის ცხოვრება, ვინც მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობს „დაიმკვიდროს ადგილი“ და თუ ის გიზიარებთ გამოცდილებას ეს არ არის „თვითპიარი“

3. ბოლომდე კმაყოფილების გრძნობა არასოდეს არ ექნება მასწავლებელს იმიტომ, რომ ცოდნა მუდმივ განახლებას საჭიროებს, გატკენენ ბევრჯერ გულს, მაგრამ ამ დროს გაიხსენე შენი ყველაზე მაგარი მიგნებები და სახე გაგინათდება

​​
4. ისწავლე დუმილი, როცა ისმენ დიდი აგრესიას. არ ეკამათო იმ ადამიანს, ვინც თავად არ იცის რა არის ღამე, სამუშაო მასალაზე „ჩამოძინება“

​​
5. არ ელოდო მუდმივ მადლობას, ან კი რად გინდა, შენ შედეგზე იფიქრე, იმ ათწლეულების მერე მისაღებ წარმატებაზე

​​
6. თუ სადმე დაინახე, რომ სათანადოდ არ შეგაფასეს, სხვა უფრო წინ დააყენეს და ზუსტად იცი, რომ ეს მისი „მფარველის“ ხელშეწყობითაა, გული არ გაიტეხო, შენ ყველაზე დიდი ასპარეზი გაქვს - კლასიდან შეცვალო მსოფლიო უკეთესობისაკენ

​​
7. არ გაიკვირვო, რომ არ არის დღეს ერთი პრობლემის გარშემო ერთობა, ჯერ კიდევ არსებობს ჩარჩოები, რომლის გარღვევა ბევრ ადამიანს უჭირს 

​​
8. არ დაგწყდეს გული უმადურობაზე, ყველაზე მტკივნეულია, ძნელად შესაგუებელი, მაგრამ თუ შენ გადაწყვიტე მასწავლებლობა - იმ პროცესსაც უნდა შეეგუო, რომ ბევრი გამქილიკებელი გეყოლება

​​
9. გახსოვდეს, შენ პროფესიას ბევრი არ აფასებს, მაგრამ შენს გარეშე არ არის არც ერთი არსება ამ ქვეყანაზე

​​
10.გჯეროდეს იმ ანთებული თვალების, ახლა რომ გადაიღალა და სექტემბრიდან სულმოუთმელად დაელოდება შენს მიერ მოგონილ, შექმნილ ახალ თავგადასავლებს!

ავტორი: ისტორიკოსი ნინო აბულაძე

#ყველაზემაგარიპროფესიაჩვენგვაქვს

წყარო: ​abuladze1.blogspot.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ვემხრობი, რომ მეცადინეობა და თამაში გაიმიჯნოს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის განვითარებისთვის თამაშის მნიშვნელობასა და მოზარდობის ეტაპის ხანგრძლივობის შესახებ ისაუბრა:

„მოზარდობა ითვლება, რომ 19 წლამდეა, თუმცა ეს გადის 21-24 წლამდე. 21-დან 25 წლამდე გახლავთ გვიანი სიყმაწვილე. არის საუბარი, რომ მოზარდობა გადასწიონ 24-25 წლამდე. რა საფუძველი აქვს ამას? ამას აქვს ფიზიოლოგიური საფუძველი. დიდი ჰემისფეროების ქერქის ის ნაწილი, რომელიც ქცევის კონტროლზეა პასუხისმგებელი, ამ დროისთვის ამთავრებს ჩამოყალიბებას. 25 წლისთვის მთავრდება სიმაღლეში ზრდა. აქედან გარკვეული პლატოა, რომელიც შეიძლება 65 წლამდეც იყოს.“

​თამაში მნიშვნელოვანი ქცევაა ბავშვისთვის, ავითარებს ბავშვს. არის დებატები იმასთან დაკავშირებით უნდა იყოს თამაშით მეცადინეობა, თუ გაიმიჯნოს მეცადინეობა და თამაში. მე ვემხრობი, რომ მეცადინეობა და თამაში გაიმიჯნოს. ბავშვმა ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს, რომ ეს დრო არის თამაშისთვის და ეს დრო, თუნდაც 5 წუთი, არის სწავლისთვის, რადგან შემდომში ძალიან უჭირს, რომ სერიოზულად შეხედოს სწავლას, მეცადინეობას. როდესაც იზრდება და თამაშით აღარ გამოსდის სწავლა, დიდი ფრუსტრაცია შეიძლება ჰქონდეს. თამაშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ის ძალიან სჭირდება ადამიანს,“- აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნე​ბა"

წაიკითხეთ სრულად